რატომ უნდა იყოს ცოლქმრული სიყვარული სხვა ურთიერთობებზე აღმატებული და როგორ შეიძლება დედის ეგოისტურმა სიყვარულმა შვილის ოჯახური ბედნიერება დააზიანოს? მამა შალვა კეკელია საუბრობს სიყვარულის ნამდვილ არსზე, მეუღლეებს შორის ერთობაზე და იმაზე, თუ რატომ არ უნდა იქცეს მშობლის სიყვარული ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევის მიზეზად.
- პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი საიდუმლოა. რატომ არის ქორწინებაში სიყვარული უმნიშვნელოვანესი? მე ჯვრისწერის დროს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე წყვილებს: თქვენ ერთმანეთზე მეტად არავინ უნდა გიყვარდეთ - არც შვილი, არც მშობელი და არც არავინ სხვა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობელი ან შვილი არ გიყვარს. პირიქით, ცოლქმრული სიყვარულის შემდეგ უფრო მეტად გიყვარს მშობელიც, შვილიც და ახლობელიც. შენი სიყვარულის საზომი ღმერთია. ანუ ადამიანი ღმერთის მეშვეობით უნდა გიყვარდეს. როცა ადამიანი ღმერთიდან გამომდინარე გიყვარს, ის უკვე სხვანაირად გიყვარს.
როდესაც ადამიანი საკუთარი თავისთვის გიყვარს… აი, მშობლებს შვილების მიმართ ხშირად ასეთი ეგოიზმი ახასიათებთ, როცა ისინი შვილს საკუთარი თავისთვის ზრდიან. მაგრამ, როცა შენი სიყვარული სხვას ეძღვნება, როცა გიყვარს შენი შვილი შენი შვილისთვის, როცა გიყვარს შენი მეუღლე შენი მეუღლისთვის, მაშინ მარტივად შეგიძლია, ყველაფერი დათმო და თავი მას მიუძღვნა.
თუმცა, როცა ადამიანი საკუთარი თავისთვის გიყვარს, ეს უკვე ის სიყვარული აღარ არის. თუ დაკვირვებიხართ, ადამიანი რომ გარდაიცვლება, როგორ ტირიან ჭირისუფლები: „აწი მე რა მეშველება? მე როგორ ვიცხოვრებ? ჩვენ როგორ ვიქნებით შენს გარეშე?“ ანუ: შენ რომ აღარ მეყოლები, მე რა ვქნა, მე რაღა მეშველება? თავისთვის სჭირდებოდა მეუღლეც, თავისთვის სჭირდებოდა მამა, დედა, ძმა, მეგობარი. ანუ თითოეული სათავისოდ უყვარდა. ამიტომაც ამბობს: „მე რაღა მეშველება?“
სწორედ ამიტომ, როცა წყვილებს ჯვარს ვწერ, ყოველთვის ვეუბნები: თქვენ უნდა ისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, უნდა გახდეთ „ერთ სულ და ერთ ხორც“. გიყვარდეს მისთვის და არა საკუთარი თავისთვის. ამრიგად, „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებენ“. ვაი იმ ადამიანს, ვინც ცოლ-ქმარს შორის ჩადგება და ამ სიტყვას დაარღვევს!
ეს შეიძლება დედაც იყოს. არ არის აუცილებელი, მიზეზი სხვა კაცი, სხვა ქალი ან ღალატი იყოს. კიდევ ვიმეორებ, ეს შეიძლება იყოს დედა, რომელიც ვერ შეელია თავის ვაჟს და ვერ დაუთმო ის რძალს. ამის გამო ოჯახში შეიძლება მუდმივად იყოს კონფლიქტი და დაძაბულობა.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ დედას საკუთარი შვილი ეგოისტურად უყვარს. ვერ თმობს მას, ვერ ელევა. შედეგად, შვილსაც არ შეუძლია, ბედნიერი და გახარებული იყოს. დედასაც ამ დროს სიხარულის შეგრძნება არ აქვს.
ადამიანებმა სწორი სიყვარული და სწორი ურთიერთობები უნდა ისწავლონ. როცა ადამიანი სწორ სიყვარულს სწავლობს, შემდეგ ყველაფერი სხვანაირადაა.
ბერად ან მონაზვნად აღკვეცას ეკლესიასთან ქორწინებას ვეძახით. ანუ შენ საკუთარ თავს ქრისტეს უძღვნი. ხოლო როცა ადამიანი თხოვდება ან ცოლი მოჰყავს, ის საკუთარ თავს თავის მეუღლეს უძღვნის. ამიტომაც არის ქორწინება აღმატებული.
როცა შეცდომას ვუშვებ, გონება მერევა, არასწორად ვიქცევი ან გაღიზიანებული ვარ, ჩემი მეუღლე მხარს მიჭერს, მიგებს და მოთმინებით მექცევა - აი, ეს არის სიყვარული. როცა ვეფერები, თბილად ვექცევი, როცა ყველაფერი კარგადაა და თავს დავფოფინებ, ამ დროს გვერდში დგომა რაში მჭირდება? რატომ უნდა ამიტანოს მეუღლემ ამ დროს? რა მაქვს ასატანი? აი, ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი, ამ სიყვარულისკენ უნდა წაიყვანოს საკუთარი თავი. მაშინ ყველაფერი დალაგდება.