მკვრივი ძუძუ და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა - რა უნდა ვიცოდეთ? - მშობლები

მკვრივი ძუძუ და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა - რა უნდა ვიცოდეთ?

2026-10-31 09:00:00+04:00

მამოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, თუმცა ის ყველა შემთხვევაში ერთნაირად ინფორმაციული არ არის. მაგალითად, მკვრივი ძუძუს ქსოვილის დროს საეჭვო წარმონაქმნის აღმოჩენა შესაძლოა გართულდეს, რადგან რენტგენულ გამოსახულებაზე ჯირკვლოვანი ქსოვილი და ზოგიერთი სიმსივნური ცვლილება ერთმანეთს ფარავს.

ასეთ შემთხვევებში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ექიმს დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ის ინიშნება როგორც მაღალი რისკის მქონე ქალების სკრინინგისას, ისე უკვე გამოვლენილი სიმსივნის გავრცელებისა და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებისას. თუმცა, როდის არის ეს კვლევა ნამდვილად საჭირო, რა როლი აქვს კონტრასტულ ნივთიერებას და რას ნიშნავს ძუძუს მაღალი სიმკვრივე? ამ საკითხებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია გაგუა საუბრობს.

ქალბატონო მაია, საუბარი დავიწყოთ ზოგადად ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI). რა უპირატესობები აქვს მას ტრადიციულ ულტრაბგერით კვლევასა და რენტგენულ მამოგრაფიასთან შედარებით?

ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მამოგრაფიასა და ულტრაბგერით კვლევასთან შედარებით ახალი და მაღალინფორმატიული მეთოდია. კვლევის დროს ხდება ძუძუს დინამიური ინტრავენური კონტრასტირება და მიღებული შედეგების მულტიპარამეტრული ანალიზი. ეს საშუალებას გვაძლევს, დეტალურად შევისწავლოთ წარმონაქმნის როგორც ანატომიური (ფორმა, ზომა, სტრუქტურა, კონტურები), ისე ფუნქციური მახასიათებლები და დავადგინოთ, კეთილთვისებიანია პროცესი თუ ავთვისებიანი.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევა სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ყველა ასაკის პაციენტისთვის. მას არ აქვს სხივური დატვირთვა, არის უმტკივნეულო და გრძელდება დაახლოებით 30 წუთი. მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფიის დროს შეგვიძლია 1 სანტიმეტრამდე ზომის მცირე წარმონაქმნების დიაგნოსტირებაც კი.

თქვენ ახსენეთ კონტრასტირება. პაციენტისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, რას წარმოადგენს კონტრასტული ნივთიერება და რატომ არის ის აუცილებელი მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფიის დროს?

დიახ, კვლევა, როგორც წესი, კონტრასტირებით კეთდება. ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც მხოლოდ სილიკონის იმპლანტების შეფასება გვსურს, ამ დროს უკონტრასტო კვლევაც საკმარისია.

კონტრასტი არის ინტრავენური პრეპარატი, რომელიც გვეხმარება პათოლოგიური და ჯანმრთელი ქსოვილების ზუსტ დიფერენცირებაში. პათოლოგიური ქსოვილისთვის დამახასიათებელია კონტრასტის ადრეული ჩართვა და სწრაფი გამორეცხვა. სწორედ ამ კინეტიკაზე დაკვირვებით ვადგენთ, წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი.

რა შემთხვევაში ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფია სკრინინგის ან მიზნით და რა ასაკიდან არის მისი ჩატარება რეკომენდებული?

სკრინინგის მიზნით MRI ძირითადად გამოიყენება მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, ვისაც აქვს ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი, უდასტურდება გენეტიკური მუტაცია (BRCA1 ან BRCA2) ან აქვს მკვრივი ძუძუ.

ასეთ შემთხვევებში, 30 წლის ასაკიდან კვლევის პერიოდულად ჩატარებაა რეკომენდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული სკრინინგ პროგრამით, რენტგენული მამოგრაფია საქართველოში 40 წლიდან ინიშნება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკის მიღევამდე რისკ ჯგუფში შემავალი ქალები უყურადღებოდ არ დარჩნენ.

თქვენ ახსენეთ მკვრივი ძუძუ. რას ნიშნავს ის? შესაძლებელია თუ არა ძუძუს სიმკვრივის დამოუკიდებლად, თვითდათვალიერებით აღმოჩენა და რატომ არის მათთვის ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ხელით თვითდათვალიერებით ძუძუს სიმკვრივის განსაზღვრა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ამას მხოლოდ კვლევით ვადგენთ. როცა რენტგენულ მამოგრაფიაზე ჩანს, რომ ძუძუში ცხიმის შემცველობა ჭარბობს, პათოლოგიის დიაგნოსტირება ადვილია. მაგრამ, როდესაც ძუძუ ძირითადად ჯირკვლოვანი სტრუქტურითაა წარმოდგენილი, მამოგრაფიით სიმსივნური პროცესის დიფერენცირება ძალიან რთულდება. სწორედ ამიტომ მკვრივი ძუძუს დროს, როდესაც ცხიმის შემცველობა ნაკლებია და ჭარბობს ჯირკვლოვანი სტრუქტურა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა საჭირო.

გარდა პირველადი დიაგნოსტიკისა, კიდევ რა მიმართულებით იყენებთ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას?

დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, ის შეუცვლელია ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, განსაკუთრებით მაშინ, როცა რენტგენით ან ექოსკოპიით შეფასება მკვეთრად გართულებულია. ასევე, მას ვიყენებთ მრავლობითი დაზიანებების დროს საეჭვო უბნების დროული აღმოჩენისთვის.

კვლევას ძალიან ფართო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს მკურნალობის პროცესის მართვაში. კერძოდ:

  • პრექირურგიულად - სიმსივნის ზუსტი გავრცელებისა და სტადიურობის დასადგენად;
  • პოსტქირურგიულად - სიმსივნის რეციდივის გამოსავლენად. ასევე, პოსტოპერაციულ ნაწიბურსა და რეციდივს შორის დიფერენცირებისთვის.
  • თერაპიის მონიტორინგისთვის -ის აუცილებელია ნეოადიუვანტური (ოპერაციამდელი) ქიმიოთერაპიის ეფექტურობისა და სხივური თერაპიის შემდგომი ცვლილებების შესაფასებლად;
  • იმპლანტების შესაფასებლად;

რამდენად დიდ როლს თამაშობს უშუალოდ აპარატურა კვლევის სიზუსტეში? მოგვიყევით ამ მიმართულებით„ნიუ ჰოსპიტალსის“ შესაძლებლობებზეც

აპარატურას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან ეს კვლევა კეთდება3 ტესლა სიმძლავრის მქონე აპარატზე. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური ძუძუს კოილი, რომელშიც პაციენტის მკერდი თავსდება კვლევის დროს. ყველა კლინიკა არ არის აღჭურვილი ასეთი მძლავრი აპარატურითა და სპეციალური კოილით, რაც დეტალური სტრუქტურების უზუსტეს შეფასებაში ძალიან გვეხმარება.

R