საღამოს ძლიერი შიმშილი და დიეტის დარღვევა ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ხშირად ამას დანაშაულის განცდა და ხელის ჩაქნევა მოჰყვება. ადამიანები ფიქრობენ, რომ ნებისყოფა არ ეყოთ და მეორე დღიდან კიდევ უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ საკუთარ თავს. თუმცა, შესაძლოა, პრობლემა სულაც არ იყოს ნებისყოფის ნაკლებობა.
ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რა შეიძლება იწვევდეს საღამოს უკონტროლო შიმშილს, რატომ არ არის სწორი დიეტის დარღვევის შემდეგ საკუთარი თავის დასჯა და როგორ შეიძლება კვებითი ჩვევების შეცვლა მკაცრი შეზღუდვების გარეშე.
„საღამოს თერთმეტი საათია. მაცივრის წინ დგახართ და ფიქრობთ, რომ მთელი დღის ძალისხმევა წყალში ჩაიყარა. გადაწყვეტილებაც მიღებულია: ხვალიდან ისევ მკაცრი წესები და თავიდან დაწყება.
თუ ეს სცენარი ხშირად მეორდება, ღირს დაფიქრება, რა იწვევს მას.
დავინტერესდებოდი, როგორ იკვებებოდით დღის განმავლობაში, ხომ არ ცდილობდით შიმშილის მოთმენას, რომ დიეტა არ დაგერღვიათ? საღამოს ძლიერი შიმშილი ხშირად დღის განმავლობაში დაუბალანსებელ კვებას უკავშირდება. ჭამის სურვილს დაღლილობა და ემოციური დაძაბულობაც აძლიერებს.
„ნებისყოფა არ მყოფნის“ თვითშეფასებაზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა. კონკრეტული ქცევა პირდი სისუსტე გვგონია, გამოსავალი კი კიდევ უფრო მკაცრ კონტროლში გვესახება.
ფსიქოლოგ კეროლ დუეკის Growth Mindset-ის (ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება) კონცეფცია გვთავაზობს, სირთულეები საკუთარი შესაძლებლობების საბოლოო შეფასებად არ მივიჩნიოთ. კვების რაციონის დარღვევის შემდეგ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა არ გამოგვივიდა და რა შეიძლება შევცვალოთ.
როგორ გამოვიყენოთ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
თუ საღამოს დიეტა დაარღვიეთ, მეორე დღეს ნუ შეეცდებით ამის გამოსწორებას შიმშილით ან დამატებითი შეზღუდვებით. დაუბრუნდით ჯანსაღ რაციონს და ყურადღება მიაქციეთ:
როგორ იკვებებოდით დღის განმავლობაში: გამოტოვებული კვება, მცირე ულუფები და კვებებს შორის ხანგრძლივი შუალედები საღამოს შიმშილს ამძაფრებს. დღის განმავლობაში დაბალანსებული კვება შეამცირებს ძლიერი შიმშილის ალბათობას.
რა ხდებოდა ემოციურად: გაიხსენეთ, რას გრძნობდით ჭამის სურვილამდე. თუ ის დაღლილობას ან დისტრესს ემთხვევა, დაფიქრდით, კიდევ რა დაგეხმარებათ დასვენებაში.
მადასა და წონაზე ბიოლოგიური ფაქტორებიც მოქმედებენ. თუ ძლიერი შიმშილი ხშირად მეორდება, საჭიროა არა მხოლოდ კვებითი ჩვევების გადახედვა, არამედ ფიზიოლოგიური მიზეზების შეფასებაც.
დააკვირდით, რა უძღოდა წინ ამ საღამოს. თვითგანსჯა ქცევას ვერ შეცვლის, მიზეზების გაანალიზება კი „გეტყვით“, რა უნდა შეიცვალოს.
კვებითი ჩვევების შეცვლა გამოცდა არ არის, რომელშიც ან გადიხართ, ან იჭრებით. ეს პროცესია, რომელშიც სხეულის სიგნალებს სწავლობთ და თანდათან ინტუიციურ კვებას ეუფლებით.
თქვენთან ასეთ საღამოს უფრო ხშირად რა უსწრებს წინ: მთელი დღის შიმშილი, დაღლილობა თუ მარტოობა?“- წერს ნატა გაგუა.