"ბებია 7-ჯერ დაბრუნდა სახლში სამშობიაროდან, ბავშვის გარეშე... ბებია ამბობდა, რომ ბავშვი ტიროდა, ცოცხალი იყო და უცებ, მესამე-მეოთხე დღეს ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა..." - სკანდალური ამბავი უახლოესი წარსულიდან - მშობლები
გადაცემაში "ვეძებ", ჟურნალისტ თამუნა მუსერიძესთან, რუსუდან ვაშაკიძე საკუთარი ოჯახის ისტორიას ჰყვება - კონკრეტულად, ბებიის ტრაგედიას, რომელმაც 7 ბავშვი დაკარგა... ბებია გარდაცვლილია და ქალბატონი რუსუდან შვიდ ბიძას ეძებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გაშვილებულები არიან.
- სიყვარულით შექმნილი ოჯახი ჰქონდათ მამაჩემის მშობლებს. ჩვეულებრივი, სტანდარტული ოჯახი, რომელიც უბრალოდ შვილს ელოდებოდა... ბებია რუსულენოვანი იყო, ვალენტინა თოდრია. ბაბუა — ზურაბ სებისკვერაძე...დედა ჰყავდა რუსი, მამა — ქართველი, თუმცა ქართულად საუბარი უჭირდა. იმ პერიოდში მუშაობდა ე.წ. კავშირგაბმულობის ქარხანაში.
როდესაც პირველ ბავშვზე იყო ორსულად, მაშინ არ არსებობდა ეს ტელეფონები და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებები. ბაბუა სამსახურიდან სახლში რომ დაბრუნდა, ბებია იქ არ დახვდა. დაუწყია ძებნა — საავადმყოფოდან საავადმყოფოში, სამშობიაროებში. ბოლოს, როცა მიუგნია, ასეთი ამბავი დახვდა: ბებია ადგილზე იყო, ბავშვი კი აღარ ჰყავდა. უთხრეს, რომ რუსთაველის მეტროსთან წაიქცა და, სამწუხაროდ, ბავშვი დაიღუპა.
ეს არის პირველი ისტორია. წელი არ ვიცით. სამწუხაროდ, ზუსტი თარიღი არ მაქვს. რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ მამა 1965 წელს დაიბადა და რიგით მეექვსე ბავშვი იყო...
ამის შემდეგ გრძელდება უკვე ეს დაუჯერებელი ისტორია. ისევ და ისევ ამას გავუსვამ ხაზს: მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ბავშვების შემთხვევაშიც ბებია სახლში ბავშვის გარეშე ბრუნდება...სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს, ერთსა და იმავე სამშობიაროში ხდებოდა თუ არა, ვერც ვერანაირ კვალს ვაგნებ, სად შეიძლება მოვიძიო ეს ინფორმაცია, რადგან ბებია გარდაცვლილია.
რაც ვიცი, ის არის, რომ როდესაც მამაზე იყო ორსულად, პარალელურად შვილად აყვანის რიგში იდგა. მაშინ ბავშვთა სახლებში შვილად აყვანის რიგები არსებობდა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისულს უარი უთხრეს. შეუმჩნევიათ, რომ ორსულად იყო და უარით გამოუშვეს — ბავშვი არ გაატანეს.ამის შემდეგ მეზობელი ქალი გამოჩნდა. ბებია და ბაბუა მაშინ ზემო ავჭალაში ცხოვრობდნენ. მეზობელმა ქალმა, რომელსაც, როგორც ჩანს, შეეცოდა ეს ადამიანი, უთხრა, რომ თავის მეგობარ გინეკოლოგთან წაიყვანდა სამშობიაროდ.
ღმერთის წყალობით, ეს ბავშვი — მამაჩემი — ჯანმრთელი, სახლში წამოიყვანა. ის რიგით მეექვსე შვილი იყო...
ამის შემდეგ კიდევ ორი ბავშვი ჰყავს დაკარგული. ყველა ბიჭი იყო - დაკარგული ბავშვები ბიჭები იყვნენ...
მეცხრე შვილი მამიდა იყო, გოგო. ბებიას უბრალოდ ფიზიოლოგიური პროცესი ეგონა, რომ რაღაც ცვლილება ხდებოდა ორგანიზმში. არც უფიქრია, რომ ბავშვს ელოდებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გაინძრა, მივხვდიო, რომ ორსულად ვიყავიო — ასე ამბობდა ხოლმე.
ბებია უკვე ასაკში იყო. დაახლოებით 50 წელს მიტანებული, 48 წლის იყო, თუ არ ვცდები, მამიდა რომ შეეძინა.
ამბობდა ხოლმე, ძალიან მარტივი მშობიარობა მქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერც გავაჩენდიო.
პარალელურად, ასეთ ამბავსაც ჰყვებოდა: როდესაც მშობიარობა იწყებოდა, წნევა უწევდა და ბაბუას ეკითხებოდნენ, ქალი გადავარჩინოთ თუ ბავშვიო. რა თქმა უნდა, სტრესში მყოფი ბაბუა არჩევდა, ცოლი გადამირჩინეთო, და რაღაც დოკუმენტს აწერდა ხელს.ეს ამბავი ბებიასგან ვიცი.ახლა ვაანალიზებთ, რომ ეს, სავარაუდოდ, გაშვილებასთან დაკავშირებული დოკუმენტი იყო, რომელსაც ბაბუა ხელს აწერდა...
ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ ბავშვი ტიროდა, ცოცხალი იყო და უცებ, სადღაც მესამე-მეოთხე დღეს ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა. ამას კი იმას აბრალებდნენ, თითქოს მაღალი წნევის გამო ასე მოხდა... ისიც ვიცით, რომ ორ ბავშვს ბაბუამ დაბადების მოწმობაც აუღო. მიდიოდა, მოწმობა მოჰქონდა, მაგრამ დაბრუნებულს, ამ მოწმობით ხელში, ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა...
...პირველად მაშინ გაჩნდა ეჭვი, როდესაც ერთ-ერთმა ახლობელმა მამაჩემს უთხრა, რომ მეტროში ნახა. მაშინ ეს გასაკვირი იყო, რადგან მამა ფიზიკურად იქ არ ყოფილა. გაუკვირდა და უპასუხა: „არა, ალბათ ვიღაცაში აგერიეო“.რა თქმა უნდა, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ პერიოდულად სხვადასხვა ადამიანისგან მსგავსი ისტორიები გრძელდებოდა.
რა თქმა უნდა, გენეტიკური ტესტიც გავიკეთეთ. როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, მაშინვე ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა.იუსტიციის სახლსაც მივმართეთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია ამოვიდა: მამა უკვე გარდაცვლილია და ამონაწერში გამოჩნდა, რომ იუსტიციის სახლს მამიდამ მიმართა.
რიგითობაში წერია, რომ მამა პირველი შვილია, მამიდა კი — მეორე შვილი. თუმცა, პარალელურად, ბებია იმავე სახელით, გვარითა და პირადი ნომრით კიდევ ორი ადამიანის დედად ფიქსირდება...ამ ორ ადამიანზე არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. გვეუბნებიან, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ინფორმაციას არ გვაძლევენ.როდესაც მოვიკითხეთ, ვინ იყო ეს ორი ადამიანი, გვითხრეს, რომ ინფორმაციას გრიფი ადევს და მის მისაღებად ბებიის გარდაცვალებიდან 30 წელი უნდა იყოს გასული.ამიტომ ჯერ არ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენი წლის არიან, ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები...
მამა 1965 წელს არის დაბადებული, მამიდა კი — 1971 წელს. მათ შორის ექვსი წელია სხვაობა.მამამდე ხუთი ბიჭი იყო, მამის შემდეგ კი — კიდევ ორი ბიჭი.
თუ დაახლოებით გამოვთვლით იმ პერიოდებს, რაც შეიძლებოდა ორსულობიდან ორსულობამდე შუალედი ყოფილიყო, სავარაუდოდ, 1955 წლიდან 1963 წლამდე და შემდეგ 1967 წლიდან 1970 წლამდე უნდა ვეძებოთ...