ბავშვს ყველაფერი ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობს - როგორია მეტყველების განვითარების ახალი ნორმები და რა ითვლება დაგვიანებად - მშობლები

ბავშვს ყველაფერი ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობს - როგორია მეტყველების განვითარების ახალი ნორმები და რა ითვლება დაგვიანებად

2026-11-02 09:17:17+04:00

„ჩემი შვილი ორი წლისაა და ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ ექიმმა მითხრა, სამ წლამდე დაველოდოთო“, „ადრე ბავშვები ერთი წლის ასაკში უკვე სიტყვებს ამბობდნენ, ახლა გაცილებით გვიან იწყებენ“, „დღეს მეტყველების ნორმები შეცვალეს, რადგან ბავშვები გვიან ალაპარაკდნენ“ – მსგავსი მოსაზრებები მშობლებს შორის სულ უფრო ხშირად გვხვდება.

მაგრამ რას ამბობს თანამედროვე მედიცინა? რეალურად, როდის უნდა ალაპარაკდეს ბავშვი? მართლაც შეიცვალა ბავშვის მეტყველების განვითარების ასაკობრივი ნორმები? ნიშნავს თუ არა ეს, რომ სპეციალისტები მეტყველების დაგვიანებას უფრო ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ? და არსებობს თუ არა სამეცნიერო მტკიცებულება, რომ დღევანდელი ბავშვები წინა თაობებთან შედარებით უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სამი საკითხი: ბავშვის მეტყველების ბუნებრივი განვითარების ეტაპები, ამ ეტაპების შეფასების თანამედროვე კრიტერიუმები და მეტყველების შეფერხების გავრცელების ცვლილება წლების განმავლობაში.

deda-shvili-1793597880.jpg

შეიცვალა თუ არა მეტყველების განვითარების საერთაშორისო ნორმები?

დიახ, მნიშვნელოვანი ცვლილება 2022 წელს განხორციელდა, როდესაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC), ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბავშვთა განვითარების საკონტროლო ჩამონათვალები განაახლეს, რადგან სპეციალისტებს სურდათ, რომ შესაძლო შეფერხების შემთხვევაში მშობლებსა და ექიმებს დროულად დაეწყოთ დამატებითი შეფასება და აღარ დაყრდნობოდნენ მხოლოდ მიდგომას – „დაველოდოთ, თავისით ალაპარაკდება“.

2022 წლის განახლებისას CDC-ის განვითარების საკონტროლო ჩამონათვალების ძველი ნიშნულების 26,4% ამოიღეს, 40,9% კი შეცვალეს. დაემატა შეფასების ეტაპები 15 და 30 თვის ასაკისთვისაც.

ამრიგად, საერთაშორისო რეკომენდაციები მართლაც განახლდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ტვინმა მეტყველების განვითარება უფრო გვიან დაიწყო ან რომ მეტყველების დაგვიანება პრობლემად არ მიიჩნევა.

როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი? – მეტყველების განვითარების ნორმები ასაკის მიხედვით

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება. სანამ ბავშვი პირველ სიტყვას წარმოთქვამს, ის სწავლობს ბგერების გარჩევას, უფროსების ხმის ამოცნობას, ურთიერთობის დამყარებას, ჟესტების გამოყენებასა და სიტყვების მნიშვნელობის გაგებას.

ამიტომ მეტყველების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენ სიტყვას ამბობს ბავშვი, არამედ ისიც, ესმის თუ არა მიმართული მეტყველება და ცდილობს თუ არა სხვებთან კომუნიკაციას.

ქვემოთ მოცემული ეტაპები ეყრდნობა CDC-ისა და ამერიკის მეტყველების, ენისა და სმენის ასოციაციის (ASHA)-ს თანამედროვე საკონტროლო ნიშნულებს.

chvili-agu-1793597901.jpg

0–6 თვე

ბავშვი რეაგირებს ნაცნობ ხმაზე, იღიმის, ღუღუნებს, გამოსცემს ხმოვან ბგერებს და თანდათან იწყებს სხვადასხვა ბგერის შერწყმას. ის თითქოს პასუხობს უფროსს და ამით კომუნიკაციის პირველ გამოცდილებას იღებს.

7–9 თვე

ჩნდება განმეორებადი მარცვლები, მაგალითად, „მა-მამა“, „ბა-ბაბა“, „და-დადა“. ეს ჯერ ყოველთვის არ არის გააზრებული სიტყვები. ბავშვი სულ უფრო აქტიურად იყენებს ხმას ყურადღების მისაპყრობად.

10–12 თვე

ბავშვი იყენებს ჟესტებს, მაგალითად, ხელს იქნევს დამშვიდობებისას. დაახლოებით ერთი წლისთვის ბავშვების უმრავლესობა მშობელს გააზრებულად მიმართავს „დედა“, „მამა“ ან სხვა დამკვიდრებული სახელით და რეაგირებს სიტყვაზე „არა“.

tkrlurqpjkuivulxe43cnekf3y6ytw0i9j1wm-lxaxdfkavsgr968qdqglsfd9s-bkxqxbzvq8kakx6jyrscypx2h91x9lt3232bx16miqjc08ti6fes-fywl4cvyhxyfjgz5jz61vxbpfvjfomigskrxbs8po4vcj0gxykcrrnev7jjl0p7tvgxtxl9mlln-1793597916.jpg

15 თვე

ბავშვი ცდილობს წარმოთქვას ერთი ან ორი სიტყვა „დედასა“ და „მამას“ გარდა. ეს სიტყვები შეიძლება ჯერ კიდევ არაზუსტად ჟღერდეს. ნაცნობი საგნის დასახელებისას მას უყურებს და ჟესტით ითხოვს სასურველ ნივთს ან დახმარებას.

18 თვე – წელიწად-ნახევარი

CDC-ის მიხედვით, ბავშვების უმრავლესობა ცდილობს თქვას სულ მცირე სამი სიტყვა „დედასა“ და „მამას“ გარდა. ასევე ასრულებს მარტივ ერთსაფეხურიან სიტყვიერ მითითებას ჟესტის დახმარების გარეშე, მაგალითად, „მომეცი სათამაშო“.

chvili-1793597935.jpg

24 თვე – 2 წელი

ბავშვი უკვე აერთიანებს ორ ან მეტ სიტყვას, მაგალითად, „დედა, მოდი“, „წყალი მინდა“. შეუძლია ნაცნობი საგნებისა და სხეულის ნაწილების ჩვენება.

ASHA-ს მიხედვით, 19–24 თვის ასაკობრივ მონაკვეთში ერთ-ერთი მოსალოდნელი უნარია სულ მცირე 50 სხვადასხვა სიტყვის გამოყენება და გაგება.

2 წელი და 6 თვე

CDC-ის მიხედვით, ბავშვი ამბობს დაახლოებით 50 სიტყვას, აერთიანებს ორ ან მეტ სიტყვას, მათ შორის მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას, ასახელებს საგნებს წიგნში და იწყებს ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „მე“.

3 წელი

ბავშვი უკვე მონაწილეობს ორმხრივ საუბარში, სვამს კითხვებს „ვინ?“, „რა?“, „სად?“, „რატომ?“, აღწერს სურათზე გამოსახულ მოქმედებებს, ამბობს საკუთარ სახელს. მისი მეტყველება სხვა ადამიანებისთვის უმეტესად გასაგებია.

ssnzsdlt-xjn4qrrn0e7sdfyfgmdss4adqlg9raitwb7akfmkdf1b8185v2o7n3ddmpk2aihwgz6e0ihac3fuhslq1d-mn75zwv4ncv1vtjqs9qxkhzjevmgrjwmprzgf072z-shxl-vlszwpilupr065ymgwzfins9v-wbwm34vr-8s0gkaolbqqqowlpjx-1793597947.jpg
4–5 წელი

ბავშვი უფრო გამართულად ყვება ამბებს, აღწერს მოვლენებს, პასუხობს შეკითხვებს, იყენებს შედარებით რთულ წინადადებებს და შეუძლია საუბრის გაგრძელება რამდენიმე მონაცვლეობით. ხუთი წლისთვის მეტყველება მნიშვნელოვნად უფრო ორგანიზებული და გასაგებია.

რატომ ამბობს ერთი რეკომენდაცია, რომ ორი წლის ბავშვმა 50 სიტყვა უნდა იცოდეს, მეორე კი ამ ნიშნულს 30 თვეზე უთითებს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც განახლებული გაიდლაინების ირგვლივ გაუგებრობა გამოიწვია.

CDC-ის განახლებულ ჩამონათვალში დაახლოებით 50 სიტყვის გამოყენება 30 თვის ასაკისთვისაა მითითებული. ASHA-ს 2023 წლის საკომუნიკაციო განვითარების ნიშნულებში კი სულ მცირე 50 სხვადასხვა სიტყვის გამოყენება და გაგება 19–24 თვის ასაკობრივ ჯგუფში შედის.

საქმე ისაა, რომ მათ განსხვავებული დანიშნულების საკონტროლო სისტემები აქვთ. CDC-ის ჩამონათვალი განვითარების ზოგადი მონიტორინგისთვისაა შექმნილი, ASHA-ს რეკომენდაციები კი მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარებს უფრო დეტალურად აფასებს.

ამიტომ CDC-ის 30-თვიანი ნიშნული არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს ორი წლის ბავშვს 50-ზე გაცილებით ნაკლები სიტყვის გამოყენების შემთხვევაში შეფასება არასოდეს სჭირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორი წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას. თუ ის საერთოდ არ აერთიანებს ორ სიტყვას, საჭიროა განვითარების შეფასება და არა უბრალოდ სამი წლის შესრულების მოლოდინი.

kitxva-1793597965.jpg

მართლა უფრო გვიან იწყებენ დღევანდელი ბავშვები ლაპარაკს?

ამ კითხვაზე პასუხი უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

არსებობს კვლევები, რომლებიც ბოლო წლებში მეტყველების განვითარების შეფერხების დიაგნოზების მატებას აჩვენებს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ამტკიცებს, რომ თანამედროვე ბავშვების მთელი პოპულაცია წინა თაობებთან შედარებით ბუნებრივად უფრო გვიან იწყებს ლაპარაკს.

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ მეტყველების დაწყების საშუალო ასაკი და მეტყველების შეფერხების დიაგნოზების სიხშირე. ეს ორი განსხვავებული მაჩვენებელია.

რას აჩვენებს 2018–2024 წლების მონაცემები?

Epic Research-ის მიერ გამოქვეყნებულმა ამერიკულმა კვლევამ 1,34 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები გააანალიზა. კვლევის მიხედვით, ორი წლის ასაკამდე მეტყველების შეფერხების დიაგნოზის მაჩვენებელი გაიზარდა.

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ?

2026 წელს სამეცნიერო ჟურნალ Pediatric Research-ში გამოქვეყნებულმა იაპონურმა კვლევამ 40 898 სამი წლის ბავშვის მონაცემები შეისწავლა.

მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს პანდემიამდელი და პანდემიის პერიოდის ბავშვების ენობრივი განვითარება.

აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდში შეფასებულ ბავშვებში ენობრივი სირთულეების გამოვლენის ფარდობითი რისკი უფრო მაღალი იყო. სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 52%-ით მაღალი აღმოჩნდა.

განსაკუთრებით გამოხატული განსხვავება 2021 წელს დაფიქსირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებლები თანდათან შემცირდა, თუმცა გარკვეული განსხვავება კვლავ შენარჩუნდა.

ეს კვლევა აჩვენებს კავშირს პანდემიის პერიოდსა და ენობრივ სირთულეებს შორის, მაგრამ არ ამტკიცებს, რომ შეფერხება უშუალოდ რომელიმე ერთი ფაქტორით იყო გამოწვეული.

რატომ შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს მეტყველების განვითარების მეტი სირთულე?

მეტყველების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორისაა სმენა, ნეიროგანვითარება, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარემო და ყოველდღიური კომუნიკაციის ხარისხი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოცხალ ურთიერთობას. ბავშვი სიტყვებს მხოლოდ მოსმენით არ სწავლობს. ის აკვირდება უფროსის სახეს, პასუხობს მის ხმას, იყენებს ჟესტებს, ელოდება რეაქციას და თანდათან აცნობიერებს, რომ სიტყვებით შეუძლია სასურველის მიღება და საკუთარი აზრის გამოხატვა.

სწორედ ამიტომ ეკრანთან გატარებული დრო და უფროსებთან უშუალო ურთიერთობა ერთმანეთის ეკვივალენტი არ არის. ეკრანმა შესაძლოა შეამციროს საუბრის, ერთობლივი თამაშისა და წიგნის კითხვისთვის დარჩენილი დრო.

თუმცა არასწორი იქნება მტკიცება, რომ მეტყველების ყველა შეფერხების მიზეზი ტელეფონი ან პლანშეტია. ზოგიერთ ბავშვს მეტყველების სირთულე ეკრანების გარეშეც უვითარდება, ხოლო ეკრანების გამოყენება ავტომატურად მეტყველების დარღვევას არ ნიშნავს.

CDC და ASHA მშობლებს ურჩევენ, ბავშვებთან ხშირად ისაუბრონ, წაუკითხონ წიგნები, უპასუხონ მათ კომუნიკაციის მცდელობებს და შეზღუდონ ეკრანთან გატარებული დრო.

metqveleba-1793597983.jpg

როდის აღარ არის გამართლებული ლოდინი?

ბავშვების განვითარება ინდივიდუალურია. ზოგი პირველ სიტყვებს ადრე ამბობს, ზოგი მოგვიანებით. მაგრამ ინდივიდუალური განსხვავებები არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ასაკში მეტყველების არქონა ნორმალურია.

სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველია, თუ ბავშვი ასაკისთვის მოსალოდნელ რამდენიმე საკომუნიკაციო უნარს ვერ ავლენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ:

  • 12 თვის ასაკში არ იყენებს საკომუნიკაციო ჟესტებს, არ რეაგირებს ნაცნობ მიმართვებზე ან არ ცდილობს გააზრებულ ვოკალურ კომუნიკაციას;

  • 18 თვისთვის თითქმის არ იყენებს სიტყვებს და მარტივი სიტყვიერი მითითებების გაგებაც უჭირს;

  • 24 თვისთვის არ აერთიანებს ორ სიტყვას ან სიტყვების მარაგი ძალიან შეზღუდულია;

  • 3 წლის ასაკში ვერ ამყარებს მარტივ ორმხრივ საუბარს და მისი მეტყველება უმეტესად გაუგებარია;

  • ნებისმიერ ასაკში დაკარგა ადრე შეძენილი სიტყვები ან საკომუნიკაციო უნარები.

ასეთ შემთხვევებში პირველი ნაბიჯია პედიატრთან კონსულტაცია, საჭიროებისამებრ სმენის შემოწმება და მეტყველება-ენის სპეციალისტის შეფასება.

სმენის პრობლემები ყოველთვის აშკარა არ არის. ბავშვი შეიძლება ზოგიერთ ხმაზე რეაგირებდეს, მაგრამ მეტყველების სწორად აღქმა მაინც უჭირდეს.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, განვითარების სტანდარტიზებული სკრინინგი ტარდება 9, 18 და 30 თვის ასაკში, აუტიზმის სკრინინგი კი 18 და 24 თვეზე. მშობლის ან ექიმის შეშფოთების შემთხვევაში დამატებითი შეფასება სხვა ასაკშიც უნდა ჩატარდეს.

თუ ბავშვი ყველაფერს იგებს, მაგრამ არ ლაპარაკობს, ეს ნორმაა?

მეტყველების გაგება და სიტყვებით გამოხატვა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული უნარებია.

ზოგ ბავშვს კარგად ესმის მიმართული მეტყველება, ასრულებს მითითებებს, აჩვენებს საგნებს, მაგრამ თავად ცოტა სიტყვას იყენებს. ასეთ ბავშვებს ზოგჯერ გვიან ამეტყველებულებს უწოდებენ.

მათ ნაწილს დროთა განმავლობაში მეტყველება მნიშვნელოვნად უუმჯობესდება, თუმცა წინასწარ ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, რომელი ბავშვი დაეწევა თანატოლებს დამოუკიდებლად და ვის დასჭირდება დახმარება.

ამიტომ კარგი გაგება დადებითი ნიშანია, მაგრამ მეტყველების მნიშვნელოვანი დაგვიანების უგულებელყოფის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ბიჭები მართლა უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს?

ბიჭებსა და გოგონებს შორის ადრეული ენობრივი განვითარების საშუალო მაჩვენებლებში გარკვეული განსხვავებები არსებობს. ზოგ კვლევაში გოგონები ადრეული სიტყვიერი განვითარების მხრივ მცირედ წინ არიან.

თუმცა ინდივიდუალური განსხვავებები გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ სქესით განპირობებული საშუალო სხვაობა.

შესაბამისად, მოსაზრება – „ბიჭია და ამიტომ სამი წლის ასაკამდე შეიძლება საერთოდ არ ილაპარაკოს“ – სამედიცინო რეკომენდაცია არ არის. მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება შეფასებას ორივე სქესის ბავშვებში საჭიროებს.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად?

ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს. სასარგებლოა, როდესაც უფროსი მოქმედებებს სიტყვებით აღწერს: „ახლა ხელებს დავიბანთ“, „აი, შენი წითელი მანქანა“, „მოდი, წიგნი გავხსნათ“.

მნიშვნელოვანია, ბავშვმა პასუხისთვის დროც მიიღოს. თუ ის რაიმეზე მიუთითებს, მშობელს შეუძლია საგანი დაასახელოს და ცოტა ხნით დაელოდოს მის რეაქციას.

სასარგებლოა ერთობლივი თამაში, სურათებიანი წიგნების დათვალიერება, სიმღერა და ბავშვის მიერ წარმოთქმული სიტყვების გაფართოება. მაგალითად, თუ ბავშვი ამბობს „ძაღლი“, მშობელმა შეიძლება უპასუხოს: „დიახ, დიდი ძაღლია. ძაღლი დარბის“.

მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელი არ არის ბავშვის მუდმივად გამოცდა კითხვებით – „ეს რა არის?“, „აბა, თქვი“, „გამიმეორე“. უფრო მნიშვნელოვანია, რომ საუბარი იყოს სასიამოვნო, ორმხრივი და ბავშვის ინტერესებზე მორგებული.

5 ხერხი, რომ ბავშვი დროულად ალაპარაკდეს და მეტყველების პრობლემები არ ჰქონდეს
რა ეხმარება ბავშვს ყველაზე მეტად, რომ დროულად და სწორად ალაპარაკდეს