ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში: ბავშვთა ფსიქოლოგი პრობლემის მიზეზებსა და გამოსავალზე - მშობლები

ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში: ბავშვთა ფსიქოლოგი პრობლემის მიზეზებსა და გამოსავალზე

2026-11-03 12:53:30+04:00

ბავშვისთვის ტელეფონის, პლანშეტის ან კომპიუტერის ჩამორთმევა ზოგჯერ მთელი დღის ყველაზე რთული მომენტია. ბავშვი ითხოვს კიდევ რამდენიმე წუთს, მშობელი უარს ეუბნება, რის შემდეგაც ბავშვი იწყებს ტირილს და ღიზიანდება. საბოლოოდ, დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მშობელი ხშირად ნებდება და ეკრანთან გატარებული დროც იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე თავდაპირველად იყო შეთანხმებული. ეკრანის გამოყენების შეზღუდვა მხოლოდ ტელეფონის ჩამორთმევას არ ნიშნავს. ბავშვს უნდა დაეხმაროთ, ისწავლოს დროის მართვა, მოწყენილობასთან გამკლავება და საკუთარი ემოციების კონტროლი. ამისთვის, საჭიროა მკაფიო წესები, თანმიმდევრული მიდგომა და მშობლის მხრიდან მოთმინება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემა ბავშვის ცუდ ქცევას არ დააბრალოთ და მასთან ურთიერთობა მუდმივ ბრძოლად არ აქციოთ.

რატომ უჭირს ბავშვს ეკრანის დათმობა?

პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს, რა იზიდავს ბავშვს ეკრანისკენ. ზოგისთვის ვიდეოთამაშები გართობის განცდის წყაროა, სხვებისთვის კი ვიდეოების ყურება მოწყენილობისგან თავის დაღწევის ან რთული ემოციების დროებით დავიწყების საშუალებაა. მოზარდისთვის ტელეფონი შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენდეს. ამიტომ, მხოლოდ ფრაზა „ტელეფონი აღარ გჭირდება“ პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუ ეკრანი ბავშვისთვის დასვენების, ურთიერთობის ან ემოციური დაძაბულობის შემცირების მთავარ საშუალებად იქცა, მისი შეზღუდვის შემდეგ თავისუფალი დრო, თუ რაიმე აქტივობებით არ დაკავდება შეიძლება სტრესულად აღიქვას.

ბავშვთა ან მოზარდთა ქცევაზე დაკვირვება დაგეხმარებათ მიზეზის უკეთ გაგებაში. ბავშვი ეკრანს მაშინ ითხოვს, როცა მოწყენილია, დავალების შესრულება არ სურს, დაღლილია თუ მაშინ, როდესაც მშობლები დაკავებულები არიან? უჭირს თამაშის შეწყვეტა თუ ტელეფონის გარეშე საერთოდ ვერ პოულობს გასართობს? ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ, შეზღუდვასთან ერთად შესაბამისი ალტერნატივაც შესთავაზოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, მშობელმა არ იჩქაროს ბავშვისთვის „დამოკიდებულის“ იარლიყის მიწებება. ეკრანის გამორთვაზე გაბრაზება თავისთავად არ ნიშნავს კლინიკურ დამოკიდებულებას. საყურადღებოა, რამდენად ხშირად ხდება ეს და რამდენად უშლის ეკრანის გამოყენება ხელს ბავშვის ძილს, სწავლას, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორ უნდა დაიწყოთ ეკრანთან გატარებული დროის შემცირება?

1. დაიწყეთ მშვიდი საუბრით და არა აკრძალვით

თუ ბავშვს მოულოდნელად გამოუცხადებთ, რომ დღეიდან ტელეფონის გამოყენება მკაცრად იზღუდება, დიდი ალბათობით წინააღმდეგობას შეხვდებით. განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე ეკრანთან გატარებული დრო თითქმის შეუზღუდავი იყო. სჯობს, ცვლილებამდე მშვიდად ესაუბროთ. აუხსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი ძილისთვის, თამაშისთვის, სწავლისთვის და ოჯახთან ურთიერთობისთვის დროის გამოყოფა. საუბრისას ბავშვსაც მიეცით აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ჰკითხეთ, რომელი თამაშები ან ვიდეოები მოსწონს ყველაზე მეტად და რა უჭირს, როდესაც მათი შეწყვეტა უწევს. მიზანი ბავშვის დარწმუნება კი არ არის, რომ ეკრანი ცუდია, არამედ იმის ახსნა, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობისთვის უნდა დარჩეს დრო. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მის აზრს უსმენენ, შეთანხმებაში მონაწილეობა უფრო უადვილდება.

2. შეადგინეთ ოჯახის საერთო წესები

ეკრანის გამოყენების წესები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და არა მშობლის განწყობაზე დამოკიდებული. თუ ერთ დღეს ტელეფონის გამოყენება დასაშვებია სადილობისას, მეორე დღეს კი იმავე ქცევისთვის ბავშვს საყვედურობთ, მას გაუჭირდება გაიგოს, რას ელით მისგან. შეადგინეთ მარტივი, ასაკის შესაბამისი გეგმა. მაგალითად, განსაზღვრეთ, როდის შეიძლება გასართობი ვიდეოების ყურება, როდის უნდა შესრულდეს სასკოლო დავალებები და რა დროს აღარ გამოიყენებთ ეკრანს. შეთანხმდით, რომ ტელეფონები გვერდზე გადაიდება ჭამის დროს და ძილის წინ. წესები ოჯახის ყველა წევრს უნდა ეხებოდეს. თუ მშობელი ბავშვს ტელეფონის გადადებას სთხოვს, თავად კი საუბრის დროს მუდმივად ეკრანს უყურებს, შეთანხმების შესრულება უფრო რთული იქნება. მშობლის მაგალითი ბავშვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვიერი მითითებები. ამასთან, არ არის აუცილებელი ყველა წესი ერთ დღეში შემოიღოთ. დაიწყეთ ორი ან სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებით და შემდეგ, საჭიროებისამებრ, გააფართოეთ გეგმა.

3. შეამცირეთ დრო თანდათან და შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა

თუ ბავშვი ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებს გასართობ ეკრანთან, მკვეთრი შეზღუდვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ზოგიერთ ოჯახში ეტაპობრივი შემცირება უფრო ადვილად შესასრულებელი გზაა. მაგალითად, ჯერ შეამცირეთ ერთი კონკრეტული სესიის ხანგრძლივობა, შემდეგ კი დააწესეთ ეკრანისგან თავისუფალი პერიოდები. ზუსტი დრო ბავშვის ასაკზე, ყოველდღიურ განრიგსა და ეკრანის გამოყენების მიზანზეა დამოკიდებული. სასწავლო დავალებისთვის საჭირო კომპიუტერის გამოყენება და გასართობი ვიდეოების ყურება ერთი და იგივე არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეკრანმა არ ჩაანაცვლოს ძილი, ფიზიკური აქტივობა, თამაში, სწავლა და პირისპირ ურთიერთობა. წესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბავშვი აპროტესტებს. თუ ყოველი ტირილის ან გაბრაზების შემდეგ შეზღუდვას გააუქმებთ, ბავშვმა შეიძლება ისწავლოს, რომ ძლიერი პროტესტით შეთანხმების შეცვლა შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ემოციები უნდა უგულებელყოთ. შეგიძლიათ აღიაროთ მისი გაბრაზება და ამავე დროს შეინარჩუნოთ შეთანხმებული საზღვარი.

4. წინასწარ გააფრთხილეთ, როდის დასრულდება ეკრანთან გატარებული დრო

ბავშვისთვის საქმიანობიდან უცებ მოწყვეტა ხშირად რთულია. ამიტომ, ეკრანის გამორთვის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე შეახსენეთ. შეგიძლიათ უთხრათ: „კიდევ ათი წუთი გაქვს, შემდეგ ტელეფონს ვდებთ“ და დასრულებამდე კიდევ ერთხელ შეახსენოთ. ტაიმერის გამოყენებაც დაგეხმარებათ. თუ ბავშვი უკვე საკმარისად დიდია, მიეცით შესაძლებლობა, თავად დააყენოს ტაიმერი. ასე ის უკეთ დაინახავს, რომ დროის დასრულება წინასწარ შეთანხმებული წესის ნაწილია და არა მშობლის მოულოდნელი გადაწყვეტილება.

გაფრთხილება განსაკუთრებით სასარგებლოა თამაშის დროს, როდესაც ბავშვი კონკრეტული ეტაპის დასრულებას ელოდება. თუ შესაძლებელია, წინასწარ შეთანხმდით, რომ თამაშს მიმდინარე ეტაპის დასრულების შემდეგ შეწყვეტს, მაგრამ შეთანხმებას უსასრულოდ ნუ გადადებთ.

რა უნდა ქნათ, როცა ბავშვი ტირის ან ბრაზდება?

მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყოველდღე მეორდება. ასეთ დროს შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ხმას აუწიოთ, დასაჯოთ ან უბრალოდ დაუბრუნოთ ტელეფონი, რათა დაძაბულობა დასრულდეს. თუმცა არც ერთი ეს რეაქცია არ ასწავლის ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს იმედგაცრუებას.

პირველ რიგში, თავად შეეცადეთ სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ბავშვი ძლიერ გაბრაზებულია, იმ მომენტში ხანგრძლივი ახსნა და მორალის კითხვა ნაკლებად ეფექტურია. გამოიყენეთ მოკლე და მშვიდი ფრაზები: „ვხედავ, რომ გაბრაზდი. გინდოდა თამაშის გაგრძელება, მაგრამ ჩვენი დრო დასრულდა“. ამ სიტყვებით ბავშვს აჩვენებთ, რომ მის გრძნობებს ამჩნევთ, თუმცა, შეთანხმებას არ ცვლით.

მიეცით დრო დასამშვიდებლად. პატარა ბავშვს შეიძლება წყნარ ადგილას ყოფნა ან მშობლის გვერდით მშვიდად ჯდომა დაეხმაროს. თუ მოზარდია, შესაძლოა რამდენიმე წუთით მარტო ყოფნა ამჯობინოს. მთავარია, ეს არ გადაიქცეს დამცირებად ან გარიყვის ფორმად.

როდესაც ბავშვი დამშვიდდება, შეგიძლიათ მოკლედ განიხილოთ, რა მოხდა და შემდეგ ჯერზე როგორ შეიძლება ეკრანის ყურების შეწყვეტა უფრო მარტივი გახდეს. თუ აგრესიული ქცევა ჩნდება, პირველ რიგში იზრუნეთ ყველას უსაფრთხოებაზე, მშვიდად შეაჩერეთ სახიფათო მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი წესების დამკვიდრებას დრო სჭირდება. პროტესტის პირველი შემთხვევა არ ნიშნავს, რომ მიდგომა არ მუშაობს. თუმცა თუ ძლიერი აფეთქებები თითქმის ყოველ ჯერზე მეორდება, საჭიროა პრობლემის მიზეზის უფრო ღრმად შეფასება.

რით უნდა ჩაანაცვლოთ ეკრანი?

ეკრანის დროის შემცირება გაცილებით რთულია, თუ ბავშვს თავისუფალ დროს არაფერს თავაზობთ. ფრაზა „ტელეფონი დადე და რამე გააკეთე“ კონკრეტულ არჩევანს არ აძლევს. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს ისეთი საქმიანობის პოვნაში, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება. ერთ ბავშვს შეიძლება ხატვა, თამაში ან წიგნის კითხვა მოსწონდეს, მეორეს - ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა ან ბურთით თამაში. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მეგობრებთან შეხვედრა, მუსიკა, სპორტი ან სხვა ჰობი, რომელშიც დამოუკიდებლად შეძლებენ ჩართვას.

კარგი მიდგომაა, ეკრანის გამორთვის შემდეგ კონკრეტული საქმიანობა შესთავაზოთ: „ახლა ტელეფონს ვდებთ და ერთად ვამზადებთ ვახშამს“ ან „თამაშის შემდეგ პარკში გავისეირნოთ“. თავიდან მშობლის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვმა შეიძლება ჯერ კიდევ არ იცოდეს, როგორ გაერთოს ეკრანის გარეშე.

ასევე, სასარგებლოა, თუ ბავშვს ეკრანთან დაკავშირებული ინტერესების გაზიარების შესაძლებლობას მისცემთ. სთხოვეთ, გაჩვენოთ საყვარელი თამაში ან აგიხსნათ, რა მოსწონს მასში. ზოგჯერ საერთო ინტერესი მშობელსა და შვილს შორის საუბრის დაწყების კარგი საშუალებაა. მიზანი ტექნოლოგიის სრულად აკრძალვა კი არა, მისი გამოყენებისა და სხვა საქმიანობების დაბალანსებაა.

მოაწესრიგეთ გარემო და ძილის რეჟიმი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძილის წინ პერიოდს. შეთანხმდით, რომ დაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გასართობ ეკრანს აღარ გამოიყენებთ და ტელეფონი საძინებელში არ დარჩება. ეს წესი მშობლებმაც უნდა დაიცვან. საღამოს ეკრანის ნაცვლად შეგიძლიათ აირჩიოთ წიგნის კითხვა, მშვიდი მუსიკა ან საუბარი დღის ამბებზე. მნიშვნელოვანია, ეკრანი ბავშვის დამშვიდების ერთადერთ საშუალებად არ იქცეს. თუ ყოველ ჯერზე, როცა მოწყენილია ან გაბრაზებულია, ტელეფონს აწვდით, მას ნაკლები შესაძლებლობა ექნება, სხვა გზებით ისწავლოს ემოციებთან გამკლავება.

როდის უნდა მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს?

თუ ეკრანის შეზღუდვა მუდმივ კონფლიქტს იწვევს, მშობელმა შეიძლება იფიქროს, რომ პრობლემა მხოლოდ დისციპლინას უკავშირდება. სინამდვილეში, ეკრანის გადაჭარბებული გამოყენების უკან ზოგჯერ სხვა სირთულეებიც დგას: შფოთვა, მარტოობის განცდა, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა, მოწყენილობა ან ემოციების მართვის სირთულე. ეს შესაძლო მიზეზებია და არა დიაგნოზი, რომლის დასმაც მხოლოდ ეკრანის გამოყენების მიხედვით შეიძლება.

ბავშვთა ფსიქოლოგთანკონსულტაცია განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ მშობლის მცდელობის მიუხედავად, ეკრანის შეწყვეტა თითქმის ყოველთვის ძლიერ ემოციურ აფეთქებას იწვევს. ბავშვს ერღვევა ძილის რეჟიმი, უჭირს სწავლაზე კონცენტრირება, უარს ამბობს საყვარელ საქმიანობებზე ან თანატოლებთან ურთიერთობაზე, ოჯახში კი ეკრანის გამო დაძაბულობა ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

ფსიქოლოგი ბავშვსა და მშობელს დაეხმარება, უკეთ გაიგონ ქცევის მიზეზები, ისწავლონ ემოციების მართვის გზები და შეიმუშაონ ქცევისთვის და ბავშვის სწორი განვითარებისთვის შესაფერისი წესები. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი შეაფასებს, ხომ არ უკავშირდება სირთულე ბავშვის სხვა ემოციურ ან ქცევით პრობლემებს. ზოგჯერ სასარგებლოა მშობელთან კონსულტაციაც, რადგან ცვლილების განხორციელებაში ზრდასრულის მიდგომას მნიშვნელოვანი როლი აქვს.სპეციალისტთან მისვლა არ ნიშნავს, რომ მშობელმა რაღაც არასწორად გააკეთა ან ბავშვთან დამოუკიდებლად გამკლავება ვერ შეძლო. პირიქით, ეს შეიძლება იყოს დროული ნაბიჯი, რომელიც ოჯახს განმეორებადი კონფლიქტის შემცირებასა და ბავშვის საჭიროებების უკეთ გაგებაში დაეხმარება. ბავშვის ეკრანდამოკიდებულებასთან გამკლავება ერთ დღეში ვერ მოხდება. საჭირო იქნება მოთმინება, თანმიმდევრული წესები და ზოგჯერ შეთანხმებების გადახედვაც. მნიშვნელოვანია, მშობელმა მხოლოდ ეკრანის გამოყენების ხანგრძლივობაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება, არამედ იმაზეც, რას ანაცვლებს ის ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდესაც ბავშვი საკმარისად იძინებს, თამაშობს, მოძრაობს, ურთიერთობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან და ეკრანსაც გონივრულად იყენებს, ტექნოლოგია ყოველდღიურობის ერთ-ერთ ნაწილად რჩება და არა მის მთავარ საქმიანობად. მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს შვილს ამ ბალანსის ჩამოყალიბებაში, არა შიშითა და დასჯით, არამედ მკაფიო საზღვრებით, მოსმენითა და მხარდაჭერით. თუ ეკრანის გამოყენების გამო ოჯახში კამათი ხშირად მეორდება, ცვლილებები ეტაპობრივად დაიწყეთ. თავდაპირველად ერთ მარტივ წესზე შეთანხმდით და ეცადეთ, ყოველდღიურად დაიცვათ ის. ბავშვის გაბრაზებისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოუსმინეთ მის ემოციებს და შესთავაზეთ ეკრანის ნაცვლად მისთვის საინტერესო საქმიანობა. თანმიმდევრული მიდგომა და მშობლის მხარდაჭერა ბავშვს ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება ისე, რომ ეკრანის დროის შემცირება მუდმივი დაპირისპირების მიზეზად არ იქცეს.

NS