"მაღალმთიან რეგიონებში, კვირის ბოლოს, თოვლი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში" - როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით - მშობლები

"კვირის ბოლოს, თოვლი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში" - როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით

2026-11-04 09:52:08+04:00

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მთელი ნოემბრის განმავლობაში და როდისაა თოვლი მოსალოდნელი - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, საუბრობს:

- ნოემბრის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა ცოტა წვიმიანი - ნორმასთან ახლოს ნალექებით და ნორმაზე ცოტა მეტი რაოდენობით. საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე, საშუალოდ +12, +14 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +6, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +3, +5 გრადუსის ფარგლებში.

აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და კახეთში +9, +11 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +5, +7 გრადუსის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - +3, +5 გრადუსის ფარგლებში. ​

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, ტემპერატურის დაკლება: დასავლეთ საქართველოში +5, +7 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლსა და კახეთში) +1, +3 გრადუსამდე, ხოლო მთიან რაიონებში, უფრო ნოემბრის შუა რიცხვებიდან, უკვე -4 გრადუსამდეც შეიძლება, დაიკლოს.

- თუ ველოდებით თოვლს და თოვლჭყაპს?

​- კი ბატონო, მაღალმთიან რეგიონებში აი, ამ დღეებშიც, კვირის ბოლოს, თოვლი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მომდევნო პერიოდში, ანუ ნოემბრის თვის განმავლობაში, მთიან რეგიონებშიც, რა თქმა უნდა, თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ნალექი - როგორც ვთქვით, ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ცოტათი მეტი. ​ოთხშაბათს ველით ამინდის გაუარესებას: დასავლეთის ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს და გვიან საღამოდან წვიმა დაიწყება, რომელიც მაღალმთაში თოვლში გადავა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც იქნება წვიმა, ხოლო მაღალმთიანეთში - თოვლი. ხუთშიც უმეტეს რაიონში წვიმა და მაღალმთაში თოვლი იქნება, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ექვსში ინტენსივობა შესუსტდება, ზოგან გამოიდარებს, ხოლო შვიდსა და რვაში კვლავ წვიმები და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი გვექნება. ​

შემდეგ კვირაში უკვე შედარებით უფრო სტაბილური, უნალექო ამინდი იქნება, გამოიდარებს და ტემპერატურაც ცოტათი მოიმატებს. თუმცა ისეთი თბილი ამინდები, როგორიც ახლა არის, აღარ იქნება, სამწუხაროდ.

- როგორი ზამთარი გველოდება საქართველოში? ​

- ახლა ვიწყებთ უკვე ამ სეზონის პროგნოზზე მუშაობას. ზოგადად რომ ვთქვათ, ტემპერატურა მაინც ნორმის ფარგლებში იქნება და ზამთარი საკმაოდ ნალექიანი იქნება, რაც მაღალმთიანი კურორტებისთვის ძალიან კარგია.