2 ნოემბერს ესპანეთში ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩი ტრაგედიით დასრულდა. 30 წლის ხესუს დე მიგელი მოედანზე გავიდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა. რამდენიმე საათში კი მისმა ოჯახმა საავადმყოფოდან უმძიმესი ცნობას მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გონება მოედანზე დაკარგა, ექიმებმა მისი გულის მუშაობის აღდგენა შეძლეს, თუმცა სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
დე მიგელს სახლში საყვარელი ქალი, მარია და პატარა ქალიშვილი ელოდებოდნენ, რომელიც 2025 წლის ივნისში დაიბადა.
ტრაგედია 2 ნოემბერს, ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩში მოხდა, როდესაც „ტენერიფე“ „ანდორას“ მასპინძლობდა.
შეხვედრის მიწურულს დე მიგელი ბურთისკენ გაიქცა. იმავე მიმართულებით მოძრაობდა მეტოქე გუნდის მეკარე ხესუს ოვონოც. ბურთისთვის ბრძოლისას ფეხბურთელები ერთმანეთს ძლიერად შეეჯახნენ. მეკარის მუხლი თავდამსხმელს მოხვდა.
დე მიგელი მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა. თანაგუნდელებმა და მეტოქე ფეხბურთელებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს სამედიცინო დახმარება.
მატჩი შეწყდა. ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ფეხბურთელის გადარჩენას. მას გული გაუჩერდა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსის აღდგენა მოხერხდა.
ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
თავდაპირველად მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურად შეფასდა. მოგვიანებით ექიმებმა ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადეს.
3 ნოემბერს, დილის 8 საათზე, ხესუს დე მიგელი გარდაიცვალა.
„ტენერიფემ“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ კლუბის წევრები მომხდარით განადგურებული არიან და სიტყვებს ვერ პოულობენ ამ ტკივილის გამოსახატავად.

ხესუს დე მიგელი მხოლოდ ფეხბურთელი არ ყოფილა. ის ახალგაზრდა მამა იყო, რომელსაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ახალი დაწყებული ჰქონდა.
2025 წლის ივნისში მას ქალიშვილი შეეძინა. ფეხბურთელის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მას პარტნიორი მარია და პატარა გოგონა დარჩნენ.
ტრაგედიას კიდევ ერთი მძიმე მხარე აქვს.
„ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო, რომელიც დე მიგელს შეეჯახა, მსაჯმა მოედნიდან გააძევა. მას წითელი ბარათი გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის უჩვენეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის პოლიციამ საქმის გარემოებების შესწავლა დაიწყო. გამოძიება შესაძლო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის საკითხსაც განიხილავს.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეკარის დანაშაული დადგენილია. ესპანეთის სამართლებრივი წესების თანახმად, არაბუნებრივი სიკვდილის შემთხვევებში სასამართლო მოკვლევის დაწყება ჩვეულებრივი პროცედურაა.
ამასობაში ოვონო სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფისა და მუქარის სამიზნე გახდა. მომხმარებლების ნაწილი მას „მკვლელსა“ და „დამნაშავეს“ უწოდებს. ფეხბურთელმა საკუთარი სოციალური ქსელის გვერდიც დახურა.
რადიოსადგურ Cope-ის ინფორმაციით, მეკარე მომხდარით შეძრულია.

სამწუხაროდ, ხესუს დე მიგელის შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი არ არის. სხვადასხვა დროს გულშემატკივრებმა არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგიკული გარდაცვალება იხილეს.
დანი ორტისი — 28 წლის, გვატემალა, 2004 წელი
2004 წლის 29 თებერვალს „მუნისიპალის“ მეკარე დანი ორტისი მეტოქე ფეხბურთელს შეეჯახა და მკერდის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო. დაზიანდა გულის პერიკარდიუმი, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეს ხესუს დე მიგელის შემთხვევასთან განსაკუთრებით ახლოს დგას, რადგან ორივე შემთხვევაში ფეხბურთელმა მეტოქესთან შეჯახებისას მკერდში ძლიერი დარტყმა მიიღო.
ხოსე ანტონიო გალიარდო — 25 წლის, ესპანეთი, 1987 წელი
1986 წლის 21 დეკემბერს „მალაგას“ მეკარე „სელტას“ თავდამსხმელ ბალტასარს შეეჯახა და თავში ძლიერი დარტყმა მიიღო. თავდაპირველად მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მოგვიანებით ტვინში მძიმე სისხლჩაქცევა განუვითარდა. 1987 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა.
მისმა კლუბმა მოგვიანებით სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელს მისი სახელი უწოდა
მარკ-ვივიენ ფოე — 28 წლის
2003 წლის 26 ივნისს კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი მარკ-ვივიენ ფოე კონფედერაციების თასის ნახევარფინალში, კოლუმბიასთან შეხვედრისას მოედანზე დაეცა.
ექიმები დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. ფეხბურთელი 28 წლის იყო.
მიკლოშ ფეჰერი — 24 წლის
2004 წლის იანვარში პორტუგალიური „ბენფიკას“ ფეხბურთელი მიკლოშ ფეჰერი მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.
მას გული გაუჩერდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, 24 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ანტონიო პუერტა — 22 წლის
2007 წლის აგვისტოში ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელი ანტონიო პუერტა „ხეტაფესთან“ მატჩის დროს მოედანზე დაეცა.
თავდაპირველად გონზე მოვიდა და მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. სამი დღის შემდეგ, 22 წლის ასაკში, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პუერტას პარტნიორი იმ დროს შვილს ელოდებოდა. ფეხბურთელი საკუთარი შვილის დაბადებას ვერ მოესწრო.
ფილ ოდონელი — 35 წლის
2007 წლის დეკემბერში შოტლანდიური „მოზერველის“ კაპიტანი ფილ ოდონელი „დანდი იუნაიტედთან“ მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.
გულის გაჩერების შედეგად 35 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა.