22 ბავშვი, რომლებმაც ვაქცინა საკუთარი სხეულით გადაიტანეს ოკეანის გაღმა - 1803 წლის დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ისტორია - მშობლები

" არც ერთი ოჯახი შვილს ამისთვის არ გაიმეტებდა...ყველაზე პატარა 3 წლის იყო..." - 22 ბავშვი, რომლებმაც ათასობით სიცოცხლე იხსნეს:

2026-11-05 08:12:40+04:00

პორტიდან გემი გასასვლელად ემზადება. მის ბორტზე 22 ბავშვია. ყველაზე პატარა მხოლოდ სამი წლისაა. მათ ჯერ არ იციან, რა არის დიდი სამეცნიერო აღმოჩენა, არც ის ესმით, რომ ისტორიის ნაწილად იქცევიან. ზოგიერთი ალბათ ტირის, ზოგს სახლი ენატრება, ზოგს კი უბრალოდ ეშინია უზარმაზარი ოკეანის. მაგრამ ამ პატარა მგზავრებს უჩვეულო მისია აკისრიათ - საკუთარი სხეულით უნდა გადაიტანონ ვაქცინა ოკეანის გაღმა, იქ, სადაც მომაკვდინებელი ყვავილი ათასობით ადამიანს სიცოცხლეს ართმევს. იმ დროს ვაქცინის ხანგრძლივად შენახვა შეუძლებელია, ამიტომ ექიმებმა მისი „ცოცხლად“ გადატანის გზა იპოვეს - სხეულიდან სხეულზე, ბავშვიდან ბავშვზე. ასე დაიწყო მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და ამავე დროს წინააღმდეგობრივი მოგზაურობა, რომელმაც უამრავი ადამიანის გადარჩენას შეუწყო ხელი, თუმცა თავად პატარა მგზავრების ბედი დღემდე ბევრ კითხვას აჩენს.

1803 წლის 30 ნოემბერს გემი „მარია პიტა“ ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიის პორტიდან გავიდა. ბავშვების უმეტესობა ობოლი იყო. მათ წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ელოდათ ატლანტის ოკეანეში, თუმცა ჩვეულებრივი მგზავრები არ იყვნენ. მათ სხეულში იმ დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამედიცინო აღმოჩენა, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა შეენარჩუნებინათ.

ეს იყო ექსპედიცია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყო ხელი, მაგრამ რომლის ისტორიაშიც დღემდე რჩება მძიმე კითხვა: რამდენად გამართლებული იყო ბავშვების გამოყენება ასეთი სახიფათო და რთული მისიისთვის?

bvu5r5ds5xvo2qm4ynd3rngc5qvwlabrxwfwndrg0uu9lqnq2kkzggjk8xfvqbg7x0n34seaplkkhtdk5rxxzhls5ixozqmzyxwpvghhkmpcxpaangipc3stlsrzfvk-kppfkssryo6fe5n0uxuxpu-rxl4v5pjeqa4b4etdw-so9na1jixha9vdycuux2ng-1793790157.jpeg

დაავადება, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა

მე-19 საუკუნის დასაწყისში ყვავილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება იყო.

ვირუსი იწვევდა მაღალ სიცხეს, სხეულზე გამონაყარს და მძიმე გართულებებს. გადარჩენილებს ხშირად სახეზე ღრმა ნაწიბურები რჩებოდათ, ზოგჯერ კი მხედველობასაც კარგავდნენ.

ისტორიული სამედიცინო მონაცემებით, დაავადებულთა დაახლოებით 30% იღუპებოდა.

1796 წელს ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ ძროხის ყვავილის ვირუსის გამოყენებით ადამიანების ყვავილისგან დაცვა შეიძლებოდა. ეს აღმოჩენა თანამედროვე ვაქცინაციის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად იქცა.

თუმცა ერთი დიდი პრობლემა არსებობდა: როგორ უნდა ჩაეტანათ ვაქცინა მსოფლიოს შორეულ რეგიონებში?

იმ დროს არც მაცივრები არსებობდა და არც ვაქცინის ხანგრძლივად შენახვის თანამედროვე საშუალებები. ვაქცინის მასალის მინის ფირფიტებს შორის ან სხვა მეთოდებით გადატანის მცდელობები ყოველთვის წარმატებული არ იყო. ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობისა და სიცხის პირობებში მას აქტიურობა შეიძლებოდა დაეკარგა.

ესპანეთის ხელისუფლებამ გამოსავალი ადამიანის სხეულში იპოვა.

როგორ იქცნენ ბავშვები ვაქცინის „ცოცხალ მატარებლებად“?

ესპანეთის მეფე კარლოს IV-ის მხარდაჭერით ექიმმა ფრანსისკო ხავიერ ბალმისმა უჩვეულო გეგმა შეიმუშავა.

ვაქცინის მასალა ოკეანის გადაკვეთის განმავლობაში ბავშვიდან ბავშვზე უნდა გადაეტანათ.

პროცესი ასეთი იყო: თავდაპირველად ორ ბავშვს უკეთებდნენ ძროხის ყვავილის ვაქცინაციას. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მათ კანზე დამახასიათებელი ბუშტუკები წარმოიქმნებოდა, იქიდან აღებულ მასალას კიდევ ორ ბავშვს უნერგავდნენ.

შემდეგ იგივე პროცედურა მეორდებოდა.

ამგვარად, დაახლოებით ყოველ ცხრა-ათ დღეში ვაქცინის მასალა ახალ ბავშვებზე გადაჰქონდათ, რათა ოკეანის გადაკვეთის განმავლობაში აქტიური დარჩენილიყო.

ამ მეთოდს „ხელიდან ხელზე ვაქცინაცია“ ეწოდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს განზრახ არ აინფიცირებდნენ მომაკვდინებელი ნატურალური ყვავილით. ისინი იღებდნენ ჯენერის მეთოდით შექმნილ, ძროხის ყვავილზე დაფუძნებულ ვაქცინას. თუმცა პროცედურა მაინც იწვევდა ადგილობრივ რეაქციებს, დისკომფორტს და საჭიროებდა მუდმივ მეთვალყურეობას.

22 ბავშვის მონაწილეობით ექიმებმა შეძლეს ვაქცინის აქტიური მასალის შენარჩუნება ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობის დროს.

ვინ იყვნენ ეს ბავშვები და რატომ აირჩიეს სწორედ ისინი?

ექსპედიციის მონაწილე ბავშვების უმეტესობა ესპანეთის ბავშვთა თავშესაფრებიდან შეარჩიეს. იმ ეპოქაში ყვავილი ძალიან გავრცელებული იყო. ბევრ ზრდასრულ ადამიანს დაავადება უკვე გადატანილი ჰქონდა, ბავშვებს კი — ხშირად არა. ამიტომ ბავშვებში ვაქცინაციისთვის საჭირო ბუშტუკების წარმოქმნის მეტი ალბათობა არსებობდა. ობოლი ბავშები უფრო შესაფერისად მიიჩნიეს, რადგან არც ერთი ოჯახი შვილებს ასეთ სახიფათო და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის არ გაიმეტებდა.

ექსპედიციაში მონაწილეობდა ერთ-ერთი მზრუნველის საკუთარი შვილიც.

ბავშვები წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვაქცინაციას შესაბამისი რეაქცია გამოეწვია. ამიტომ არჩევდნენ მათ, ვისაც მანამდე არც ყვავილი ჰქონდა გადატანილი და არც ყვავილის საწინააღმდეგო აცრა ჰქონდა მიღებული.

ესპანეთის ხელისუფლება ბავშვებისთვის მზრუნველობასა და შემდგომ უზრუნველყოფას ჰპირდებოდა.

zasvscqxpg2z0we4yc5rg0qg-s2yixlp-yrsngyaugijqzm8dsm2rqopyoln1xjzybq4l9fjb14zpnvm7uortunhdudrxdyzp7ctxlpl456d5q7zuv5lhdstnkhv99q8kqf7v7smkmfifrjaor9p8ddneqktwsjj5t8pngcms5wg9azpuquz2lg3tfyryuoj-1793790443.jpeg

ქალი, რომელიც 22 ბავშვს უვლიდა

გემზე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა იზაბელ სენდალი, ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელი და მზრუნველი.

მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ ბავშვების კვება და მოვლა არ ყოფილა. მას უნდა ეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, დაემშვიდებინა შეშინებული პატარები და დახმარებოდა ექიმებს, რომ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელებულიყო.

წარმოიდგინეთ სამი, ოთხი ან ხუთი წლის ბავშვები, რომლებიც კვირების განმავლობაში გემზე ცხოვრობენ, შორს ნაცნობი გარემოსგან, რთულ საზღვაო პირობებში.

იზაბელთან ერთად მოგზაურობდა მისი ვაჟიც, ბენიტო ველესი.

სენდალის როლი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დღეს მას ხშირად მოიხსენიებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამედიცინო მისიების ერთ-ერთ პირველ მედდად.

რა მოხდა ოკეანის გადაკვეთის შემდეგ?

გემი თავდაპირველად კანარის კუნძულებზე გაჩერდა, შემდეგ კი კარიბის ზღვის რეგიონსა და ამერიკის კონტინენტს მიაღწია.

ექიმებმა ვაქცინაცია ადგილობრივ მოსახლეობაში დაიწყეს და სხვა მედიკოსებსაც ასწავლიდნენ, როგორ შეენარჩუნებინათ და გაევრცელებინათ ვაქცინა.

მოგვიანებით ექსპედიცია რამდენიმე მიმართულებით გაიყო.

ბალმისმა საქმიანობა მექსიკაში, ფილიპინებსა და ჩინეთის ტერიტორიაზე განაგრძო, ხოლო ექიმმა ხოსე სალვანიმ ვაქცინაციის გავრცელებაზე სამხრეთ ამერიკაში იმუშავა.

მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე ვაქცინის გადასატანად სხვა ბავშვებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, თავდაპირველი 22 ბავშვი ამ მასშტაბური მისიის ერთადერთი არასრულწლოვანი მონაწილე არ ყოფილა.

სამედიცინო ისტორიის წყაროების მიხედვით, ექსპედიციამ და მის მიერ შექმნილმა ვაქცინაციის ქსელებმა 100 ათასზე მეტი ადამიანის აცრას შეუწყო ხელი.

ეს იყო ვაქცინაციის საერთაშორისო გავრცელების ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კამპანია.

რა ბედი ეწიათ ბავშვებს?

ისტორიის ეს ნაწილი გაცილებით ნაკლებად არის ცნობილი.

არსებული ცნობებით, ექსპედიციის დროს ბავშვებზე ზრუნავდნენ და მათთვის შემდგომი საცხოვრებელი და განათლების უზრუნველყოფასაც გეგმავდნენ.

ზოგიერთი ბავშვი ამერიკაში დარჩა, მათ ნაწილს ადგილობრივ სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა მიეცა.

თუმცა ყველა ბავშვის შემდგომი ცხოვრების დეტალური ისტორია დოკუმენტურად ცნობილი არ არის.

იზაბელ სენდალი თავის შვილთან ერთად მექსიკაში დარჩა და ესპანეთში აღარ დაბრუნებულა.

ექსპედიცია, რომელმაც მედიცინის ისტორიაში კვალი დატოვა

ბალმისის ექსპედიცია დღემდე განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა.

მისმა მონაწილეებმა იმ დროის ტექნოლოგიური შეზღუდვების პირობებში შეძლეს ვაქცინის ოკეანის გაღმა გადატანა და იმ რეგიონებში გავრცელება, სადაც ნატურალური ყვავილი უამრავ ადამიანს კლავდა.

მაგრამ ამ ისტორიის მეორე მხარე ბავშვებია.22 პატარა მგზავრი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ სამი წლის იყო, სამედიცინო აღმოჩენის გავრცელების საშუალებად იქცა. მათ არ შეეძლოთ სრულად გაეაზრებინათ, რა მისიის მონაწილეები იყვნენ და რა ელოდათ წინ.

დღეს ასეთი გადაწყვეტილება ბავშვთა უფლებებისა და სამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ შეფასებას მიიღებდა.

ყვავილი საბოლოოდ 1980 წელს, ვაქცინაციის მრავალწლიანი საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ოფიციალურად აღმოფხვრილად გამოცხადდა.

რატომ ჯობია ჩუტყვავილას ბავშვობაში გადატანა, რამდენ ხანს არის გადამდები და რამდენად გვიცავს ვაქცინა
არსებობს თუ არა ჩვენს ქვეყნაში ვაქცინა, რომელიც მენინგოკოქცემიისგან დაგვიცავს?