მუდმივი დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა - სპეციალისტი საუბრობს, როდის უნდა მივმართოთ ჰემატოლოგს და საყურადღებო სიმპტომები მხოლოდ სტრესსა და ყოველდღიურობას არ დავუკავშიროთ - მშობლები

მუდმივი დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა - სპეციალისტი საუბრობს, როდის უნდა მივმართოთ ჰემატოლოგს და სიმპტომები სტრესსა და ყოველდღიურობას არ დავუკავშიროთ

2026-11-05 11:32:29+04:00

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ენერგიის დაქვეითება - ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ახასიათებს ყველას, ვისაც დაძაბული დღის განრიგი, უძილობა ან სტრესი აქვს. თუმცა, არცთუ იშვიათად, ეს ნიშნები ისეთი დაავადებებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებიც ჰემატოლოგიურ სფეროს მიეკუთვნება. ექიმი-ჰემატოლოგი, ფიქრია ნიკოლეიშვილი, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და როდის უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემა მხოლოდ სტრესულ დღესა და გადაღლას არ უკავშირდება:

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საერთო სისუსტე, დაღლილობა და თავბრუსხვევა ძალიან გავრცელებული, თუმცა არასპეციფიკური ჩივილებია. ჰემატოლოგიური დაავადებების გარდა, ისინი შესაძლოა ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა ან ნევროლოგიური პათოლოგიების პირველი გამოვლინებაც იყოს.

თუ ეს ჩივილები დროში ხანგრძლივად გრძელდება ან მათ სხვა სიმპტომებიც ემატება - მაგალითად, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება, სიარულისას ბარბაცი თუ წონასწორობის დარღვევა - და თუ ეს მდგომარეობა პროგრესირებს და მოსვენებისას არ იხსნება, აუცილებელია, სისხლის ჰემატოლოგიური დაავადება გამოირიცხოს.

პაციენტმა ეს ნიშნები ნაკლებად უნდა მიაწეროს გადატვირთულ სამუშაო გარემოს, სტრესს, არასრულფასოვან კვებასა თუ ძილის რეჟიმის დარღვევას. ვინაიდან ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ეს ჩივილებიც ყველაზე მეტად სწორედ მას ახასიათებს, პირველი კვლევა, რომელსაც ნებისმიერი პროფილის ექიმი ჩაატარებს, სისხლის საერთო ანალიზია.

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტების ან ორივეს რაოდენობა მცირდება, რაც ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით არასრულფასოვან მომარაგებას იწვევს. სწორედ ჟანგბადის ნაკლებობა განაპირობებს ამ არასპეციფიკურ ჩივილებს.

დამატებით აღვნიშნავ, რომ აუცილებელი არ არის, პაციენტს სიმპტომები გამოეხატოს. შესაძლოა, პერიფერიულ სისხლში ლაბორატორიულად ანემია უკვე ფიქსირდებოდეს, თუმცა პაციენტი არაფერს უჩიოდეს. ეს იმითაა განპირობებული, რომ ანემიას ხანგრძლივი მიზეზი აქვს და იგი მოკლე დროში არ განვითარებულა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სისხლის საერთო ანალიზის რუტინულად ჩატარება. ანამნეზური მონაცემების შეკრების შემდეგ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, გააღრმაოს თუ არა კვლევები.

- ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაქვს ანემია, თუმცა არაფერს ვუჩივი - არც თავბრუსხვევა მაქვს, არც გადაღლილობა და ეს არც ჩემს განწყობაზე აისახება. საინტერესოა, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ასეთ დროს, კვლევის ჩატარების გარდა? რით შეიძლება ორგანიზმს მივეხმაროთ, თუ მედიკამენტების მიღება მაინცდამაინც არ გვსურს?

- ჰემატოლოგთან მიმართვა აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რამ განაპირობა ანემია. თუ იგი სისხლწარმოქმნაში მონაწილე ნივთიერებების - რკინის, ფოლიუმის მჟავისა თუ B12 ვიტამინის - დეფიციტითაა გამოწვეული, შემდგომში მათი გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს.

ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი არასრულფასოვანი კვებაა. თუ პაციენტი ადეკვატურად იკვებება ცხოველური ცილებით - საქონლის ხორცით, ენით, ღვიძლით - მას კვებითი (ალიმენტური) ანემია ნაკლებად განუვითარდება. თუმცა, პაციენტი შესაძლოა, სრულფასოვნად იკვებებოდეს, მაგრამ ორგანიზმში საკვები ნივთიერებების შეწოვა არ ხდებოდეს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის ანემია გასტროენტეროლოგის ჩართულობას მოითხოვს.

ჩვენ გასტროენტეროლოგებს ვთხოვთ, წერილობით დაგვიდასტურონ, უკავშირდება თუ არა რკინის დეფიციტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს და რამდენად დასაშვებია ტაბლეტირებული ფორმის დანიშვნა. თუ პაციენტის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს, იგი ვერც ტაბლეტს შეიწოვს.

მესამე ხშირი მიზეზი სისხლის დანაკარგია - ქალებში მენსტრუაციის სახით, ან სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, სწორი ნაწლავიდან თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული მცირე ეროზიებიდან, რაც შესაძლოა სისხლის ქრონიკული კარგვის მიზეზი გახდეს.

არსებობს თანდაყოლილი ანემიების დიდი ჯგუფიც. პაციენტები ხშირად თანდაყოლილს უწოდებენ ანემიას, თუ იგი ბავშვობიდან აღენიშნებათ. თუმცა თანდაყოლილი ანემია სრულიად განსხვავებული პათოლოგიაა. ბავშვობაში იგი შესაძლოა არასრულფასოვან კვებას, ფიზიკურ დატვირთვას ან ზრდის სწრაფ პროცესს უკავშირდებოდეს, რაც ნამდვილ თანდაყოლილ ანემიას არ ნიშნავს.

პაციენტები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ და უპირველესად რკინის პრეპარატებს იღებენ, რასაც ჰემატოლოგები კატეგორიულად ვკრძალავთ. მედიკამენტის დანიშვნამდე უშუალოდ უნდა განისაზღვროს რკინის, ფერიტინისა და B12 ვიტამინის დონე, რათა მკურნალობის მოცულობა სწორად შეფასდეს - თერაპია ერთ კვირას უნდა გაგრძელდეს, ერთ თვეს თუ რამდენიმე თვეს. ასევე უნდა შეირჩეს მედიკამენტის ფორმაც: ტაბლეტირებული, ინტრავენური თუ ინტრამუსკულური.

რაც ყველაზე მთავარია, თანდაყოლილი ანემიების დროს ორგანიზმში რკინის სიჭარბე აღინიშნება. ასეთ დროს რკინის პრეპარატების დამატებითი მიღება მკაცრად დაუშვებელია, რადგან იგი ორგანოებში რკინის ჩალაგებასა და ღვიძლის უკმარისობას იწვევს.

- განსაკუთრებული ყურადღება, ალბათ, ორსულობის პერიოდს ეთმობა, როდესაც ანემიის სწორი მონიტორინგი აუცილებელია, რათა ნაყოფს საფრთხე არ დაემუქროს.

- დიახ, საფრთხე არც ბავშვს უნდა დაემუქროს და არც თავად ქალბატონს. ანემიას თავისი რისკჯგუფები აქვს: ორსულები და მეძუძური დედები, რომლებსაც რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილება აქვთ; მოზარდები ზრდის პერიოდში; პაციენტები კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებებით ან თირკმლის უკმარისობით.

თირკმელი გამოყოფს ერითროპოეტინს, რომელიც ჰემოგლობინის წარმოქმნის სტიმულატორია და მისი დეფიციტი ჰემოგლობინის სინთეზს აფერხებს. ასევე ღვიძლის პათოლოგიებსაც შეუძლია ჰემატოლოგიურ პრობლემებზე მიგვანიშნოს.

- არცთუ ისე შორეულ წარსულში ჰემატოლოგიური დიაგნოზები ხანდახან განაჩენს უტოლდებოდა. ბოლო პერიოდში კი, ჩვენდა გასახარად, ხშირად გვესმის ფრაზა: "მან სისხლის დაავადება დაძლია". მიუხედავად ამისა, ეს სენი მაინც ვერაგ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება. ადრე მას "სისხლის გათეთრებას", ხოლო დღეს ლეიკემიას ან ლეიკოზს უწოდებენ. რა ცვლილებები მოხდა მკურნალობაში ისეთი, რამაც ჰემატოლოგიაში ასეთი ნახტომისებური წინსვლა გამოიწვია?

- ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ანემიის მკურნალობის თვითნებურად დაწყებას ვკრძალავთ (რაც ხშირად ვიტამინების კომპლექსების მიღებით გამოიხატება), არის ის, რომ ანემიის მიზეზი შესაძლოა ონკოჰემატოლოგიური დაავადება იყოს.

ასეთ დროს პერიფერიულ სისხლში შესაძლოა, მხოლოდ ანემია ვლინდებოდეს, თუმცა ლეიკოციტურ ფორმულასა და თრომბოციტების რაოდენობაში არსებობს გარკვეული მინიშნებები, რის საფუძველზეც ექიმი კვლევების გაღრმავების გადაწყვეტილებას იღებს, თუნდაც ძვლის ტვინის გამოკვლევის დონეზე.

ონკოჰემატოლოგიური დაავადებები ყველაზე საშიშ პათოლოგიებად ითვლება, რადგან ისინი ძალიან სწრაფად პროგრესირებს - სისხლი ხომ მთელ ორგანიზმში მოძრაობს და ეს უჯრედებიც უკონტროლოდ და სწრაფად მრავლდება.

ქრონიკული დაავადებები შედარებით "ფარული" პათოლოგიებია. როდესაც პაციენტებს ვთხოვთ, მონიტორინგი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარონ, ეს ქრონიკული დაავადებები უყურადღებოდ არ რჩება. მათი დიაგნოსტირება ხშირად სრულიად შემთხვევით ხდება.

მაგალითად, ჩემი პაციენტის შემთხვევას გავიხსენებ: ადამიანს საკვებისმიერი ინტოქსიკაცია ჰქონდა, მოხვდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც ლეიკოციტოზი და ლიმფოციტოზი გამოვლინდა. სრულიად შემთხვევით მას ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დიაგნოზი დაესვა - ეს პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

მწვავე ლეიკემია კი ნამდვილად სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა. მის მკურნალობაში მთავარი გარდატეხა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ მოახდინა, მათ შორის ახლო ნათესაური დონორიდან, რაც უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. ასევე არსებობს თერაპიის სხვა მეთოდებიც, რომელთა დანერგვაც ჩვენთან იგეგმება.

ონკოჰემატოლოგიური დაავადება ნამდვილად არ არის განაჩენი. მთავარია, ექიმთან ვიზიტი ონკოლოგიური დიაგნოზის მოსმენის შიშის გამო არ გადაიდოს. ეს რეალობა პაციენტმაც და მისმა ოჯახმაც უნდა მიიღოს. ამ დროს პაციენტი მარტო არ არის - მას გვერდით ჰყავს ექიმი, რომელიც მკურნალობისა თუ მოსალოდნელი გართულებების თითოეულ ეტაპს დეტალურად უხსნის.

- კიდევ ერთ დაავადებაზე უნდა გკითხოთ: რამდენად ხშირია ჰემოფილია და რა სიახლეებია დღეს მის მკურნალობაში?

- ჰემოფილია, ისევე როგორც სხვა თანდაყოლილი დაავადებები, სისხლის შედედების (კოაგულაციური) ფაქტორების დეფიციტით გამოწვეული მნიშვნელოვანი პათოლოგიაა. საბედნიეროდ, მისი დიაგნოსტირება ადრეულ, ბავშვობის ასაკში ხდება. საქართველოში ჰემოფილიის ცენტრი ფუნქციონირებს და ექიმი-კოაგულოლოგები ამ პაციენტებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მეთვალყურეობენ.

- რამდენადაც ვიცით, ეს პაციენტები სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულნი და მედიკამენტები უფასოდ მიეწოდებათ.

- დიახ, პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები მათ უფასოდ გადაეცემათ. თუ პაციენტს ოპერაციული ჩარევა ან მცირე მანიპულაცია იგეგმება - თუნდაც კბილის ექსტრაქცია - იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და პროცედურისთვის სპეციალურად ემზადება. ეს სისტემა ჩვენთან ძალიან გამართულად მუშაობს.

- ასევე, რამდენად საშიშია, როდესაც სხეულზე უმიზეზოდ ჩნდება სისხლჩაქცევები? ესეც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა...

- დიახ, ეს ჩივილიც ძალიან ხშირია. თუ სისხლჩაქცევა მნიშვნელოვანი ტრავმის გარეშე ჩნდება (ან პაციენტს არ ახსოვს, მიიღო თუ არა ტრავმა, ან დაზიანება იმდენად მცირე იყო, რომ სისხლჩაქცევა არ უნდა გამოეწვია), ყურადღება აუცილებელია.

შედედების სისტემის დარღვევა შესაძლოა, გამოიხატოს სისხლდენითაც ღრძილებიდან, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან და ა.შ. შესაძლოა აღინიშნებოდეს მცირე ზომის, მაგრამ მრავლობითი, წერტილოვანი სისხლჩაქცევებიც, რასაც პურპურას ვუწოდებთ. ეს მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს მინიმუმ სისხლის საერთო ანალიზისა და კოაგულოგრამის კონტროლს.

ეს შესაძლოა სერიოზულ დარღვევას არ უკავშირდებოდეს და გამოწვეული იყოს ასაკობრივი ცვლილებებით, სისხლძარღვის კედლის სისუსტით ან მედიკამენტების მიღებით. ასაკოვანი პაციენტები ხშირად იმყოფებიან ანტიაგრეგაციულ ან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე. ასეთ დროს მათ მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ კარდიოლოგთან ან ანგიოლოგთან, რათა მსგავსი ჩივილებისას მკურნალობის ტაქტიკა შეიცვალოს ან დოზა შემცირდეს.

სისხლის საერთო ანალიზში სისხლდენის მიზეზად შესაძლოა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება გამოვლინდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თრომბოციტების მომატებაც შეიძლება გახდეს სისხლდენის მიზეზი, რადგან მთავარი არა რაოდენობა, არამედ მათი ფუნქციონირებაა.

თრომბოციტების ფუნქცია ერთმანეთთან და სისხლძარღვის კედელთან მიწებებაა. თუ ეს ფუნქცია ირღვევა, რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

ექიმთან კონსულტაციისას პაციენტის სრული ანამნეზი შეკრებილი უნდა იყოს. მაგალითად, თუ პაციენტს ახლო წარსულში ვირუსული ან კუჭ-ნაწლავის ინფექცია ჰქონდა გადატანილი, ამან შესაძლოა K ვიტამინის შეწოვის დარღვევა გამოიწვიოს. ვინაიდან შედედების ფაქტორები ხშირად K ვიტამინზეა დამოკიდებული, პაციენტებს ამ ფაქტორების დროებითი შემცირება აღენიშნებათ.

მიზეზი შესაძლოა იმუნური მექანიზმიც იყოს, რასაც საფუძვლად სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება უდევს - მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ან რევმატოლოგიური დიაგნოზი.

იმუნური თრომბოციტოპენია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მისი მართვის რამდენიმე ეფექტური მეთოდი არსებობს. მთავარია, დადასტურდეს მისი აუტოიმუნური ბუნება. იგი ხშირად მკურნალობას არც საჭიროებს და თვითლიმიტირებადია, თუმცა ზოგჯერ ქრონიკულ სახეს იღებს და რეციდივებიც ახასიათებს.

- კიდევ ერთხელ რომ გავამახვილოთ ყურადღება: არსებობს თუ არა ჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს და რომელთა ამოცნობაც სისხლის ანალიზშიც კი ჭირს, თუმცა შესაძლოა უეცრად, ელვისებურად განვითარდეს?

- თუ მწვავე ლეიკემიაზე ვისაუბრებთ, შესაძლოა ერთი თვის წინ ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში არანაირი დარღვევა არ იყოს. მწვავე ლეიკემია სწორედ ის დაავადებაა, რომელსაც ანალიზის ცვლილება 24 საათშიც კი შეუძლია. სწორედ ამიტომ ვურჩევთ პაციენტებს, სისხლის საერთო ანალიზი 6 თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ, რათა ქრონიკული დაავადებები არ გამოგვეპაროს.

მწვავე ლეიკემიის დიაგნოსტირება უშუალოდ გამოვლენის მომენტში ხდება და კვლევის ერთი კვირით ადრე თუ გვიან ჩატარება გამოსავალს ვერ ცვლის, რადგან იგი თავისთავად მძიმე დაავადებაა.

სისხლის საერთო ანალიზში პაციენტები ხშირად მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაჩვენებელზე ორიენტირდებიან - მაგალითად, ჰემოგლობინზე - და დანარჩენ მონაცემებს ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა დღეს ლაბორატორიულ პასუხებში გადახრები მკაფიოდაა მინიშნებული და უნებლიეთ თვალი მას მაინც ამჩნევს.

პაციენტები ამას ხშირად უძილობას ან ოჯახურ სტრესს მიაწერენ და ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა ჰემატოლოგთან ან ოჯახის ექიმთან ვიზიტისას ეს ცვლილებები უყურადღებოდ არ დარჩება. პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, მაჩვენებლები დინამიკაში გადააკონტროლოს. თუ პერიფერიულ სისხლში ცვლილებები კვლავ ნარჩუნდება, მას ჰემატოლოგის მიერ დაზუსტება და განმარტება სჭირდება.

- ბოლოს ჰემატოლოგიის თანამედროვე მიღწევების შესახებაც მოგვიყევით. ვიცი, რომ ამ სფეროში საკმაოდ შთამბეჭდავი სიახლეებია.

- ჩვენ მართლაც მძიმე დაავადებაზე - მწვავე ლეიკემიაზე - ვისაუბრეთ, სადაც მთავარი მიღწევა ტრანსპლანტაციაა. თუმცა ცალკე მინდა ლიმფომების ჯგუფი გამოვყო.

საქართველოში ლიმფომების მკურნალობისთვის ხელმისაწვდომია როგორც ქიმიოთერაპიული, ისე საკმაოდ ძვირად ღირებული იმუნოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებს უსასყიდლოდ და რეგულარულად მიეწოდებათ. ექიმთა გუნდი ყოველდღიურ და ყოველთვიურ რეჟიმში აჯამებს, თუ რა ახალი მედიკამენტია საჭირო და რა შეიძლება მკურნალობაში ჩაერთოს.

გარდა ლიმფომებისა, არსებობს ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადებების ჯგუფიც, სადაც სამკურნალოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გენის ინჰიბიტორი გამოიყენება. ეს არის ძვირადღირებული პრეპარატი, რომელიც პაციენტებს შეუფერხებლად მიეწოდებათ.

შესაძლოა პაციენტმა არ იცოდეს, თუ რამდენი შრომა დასჭირდა ქვეყანასა თუ ექიმებს ამ შედეგის მისაღწევად, თუმცა, როდესაც ადარებ, რისი შეთავაზება შეგვეძლო ხუთი წლის წინ და რა შეგვიძლია დღეს, ეს ძალიან დიდი პროგრესია.

პაციენტებს ყოველთვის განვუმარტავთ, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის და თანამედროვე პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, დროული დიაგნოსტიკის პირობებში ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ჰემოგლობინი მატულობს - რატომ ანიჭებს ყარამან ფაღავა ბავშვის მთაში დასვენებას უპირატესობას და ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ჯობს პატარების წაყვანა
ექიმი კომაროვსკი ჰემოგლობინის მოსამატებელ წამლებთან დაკავშირებით მშობლებს რჩევებს აძლევს - რა უნდა იცოდეთ, თუ ბავშვს რკინის პრეპარატებს ასმევთ