BTU-ს სტუდენტურმა გუნდმა 28 უნივერსიტეტს შორის UNI4VERSE-ის კონკურსში გაიმარჯვა - მშობლები

BTU-ს სტუდენტურმა გუნდმა 28 უნივერსიტეტს შორის UNI4VERSE-ის კონკურსში გაიმარჯვა

2026-11-05 16:53:06+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობას საწყის ეტაპზე 32 უნივერსიტეტი იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 28 უნივერსიტეტს შორის BTU-ს გუნდი საუკეთესოდ დასახელდა.

გამარჯვებულმა გუნდმა წარადგინა ინოვაციური პროექტი - Aegis, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემაა და ხელოვნური ინტელექტის აგენტების მიერ ფინანსური ოპერაციების შესრულებას აკონტროლებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ ტრანზაქციების ლიმიტები, მოქმედების ვადები და დაშვებული მისამართები, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ AI აგენტების არასანქცირებული ოპერაციები და შეინარჩუნონ საკუთარ ფინანსებზე სრული კონტროლი.

Aegis-ის მთავარი უპირატესობა ფინანსურ ოპერაციებზე მომხმარებლის კონტროლის შენარჩუნებაა. სისტემა ბლოკჩეინზე ამოწმებს AI აგენტის მიერ ინიცირებულ ტრანზაქციებს და ავტომატურად ბლოკავს წინასწარ განსაზღვრული წესების დარღვევას. პროექტი ასევე იყენებს Zero-Knowledge ტექნოლოგიას, რომელიც ტრანზაქციების ლიმიტების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

BTU-ს გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

  • მარი ქობალავა - BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი;
  • ალექსანდრე წიკლაური - BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი;
  • ხატია შველიძე - BTU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი.

გუნდის მენტორია სტეფანე გურგენიძე, BTU-ს მოწვეული ლექტორი და Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი.

გამარჯვების შედეგად BTU-ს გუნდი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit-ზე გაემგზავრება. გუნდს ასევე გადაეცა 20 000 ლარის გრანტი, რომელიც პროექტის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

UNI4VERSE საქართველოს ერთ-ერთი მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ეგიდით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით გაიმართა. წლევანდელი კონკურსი ფინანსური ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებებს ეძღვნებოდა.

R