წარმატებული ახალგაზრდა რეპერი ნუკრი კილაძე (Nukenjoy ) უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა ბიჭი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. სოციალურ ქსელით გავიგე ნუკრის გარდაცვალების ამბავი და თავზარდაცემული ვარ. როგორც ვიცი, ეს უბედური შემთხვევა იყო. მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალაო. ეს არ უნდა მომხდარიყო. გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ჩემს შვილებთან ერთად ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში დადიოდა. გამორჩეული მოსწავლე იყო, საოცარი ნიჭით, ინტელექტით, კარგი ოჯახის შვილი. დედამისი ინგლისური ენის პედაგოგია, კარგ გარემოში აღზრდილი. ფიზიკურადაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. უბედურების დეტალები არ ვიცი. ჩემი შვილის ტოლი იყო. რამდენი მიზანი და ოცნება ჰქონდა. ასეთი ახალგაზრდები არ უნდა იღუპებოდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ერთ-ერთი ახლობელი.
ნუკრის დედა ნანა ბრეგვაძე თბილისის 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და კოლეგები სამძიმარს უცხადებენ სოციალურ ქსელში .
„ნუკრი კილაძე ცად ამაღლდა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, ქალბატონ ნანა ბრეგვაძეს, შვილის - ნუკრი კილაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეუძლებელია, სიტყვებით გამოიხატოს ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც შვილის დაკარგვა ჰქვია. ამ უმძიმეს წუთებში ვიზიარებთ ოჯახის უსაზღვრო მწუხარებას და თანავუგრძნობთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სამარადჟამო სასუფეველი და ნათელში ამყოფოს ნუკრის სული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდა ბიჭს დიდი გეგმები და მიზნები ჰქონდა, ამ ზაფხულს, მაისში მან თავის მსმენელს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა.
“მე ვარ Nukenjoy (ნუკრი კილაძე), არტისტი და სონგრაითერი. ჩემი საქმიანობის მთავარი ორიენტირი ყოველთვის საერთაშორისო ბაზარი იყო, რაც დღეს კონკრეტულ ბიზნესშედეგში გადაიზარდა: ოფიციალურად გავაფორმე ხელშეკრულება 100K Music Group-თან, რაც ნიშნავს, რომ ჩემი მუსიკის გლობალური დისტრიბუტორი ხდება ინდუსტრიის გიგანტი EMPIRE (ლეიბლი, რომელმაც Kendrick Lamar-ის, Cardi B-სა და XXXTentacion-ის კარიერას ჩაუყარა საფუძველი).
ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პრეცედენტია ქართული კულტურული პროდუქტის ექსპორტისთვის: ბერას შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი არტისტი იმავე ინფრასტრუქტურაში ხვდება, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები პოზიციონირებენ. გარდა მუსიკალური სიახლეებისა, ჩემი გეგმები აკადემიურ განვითარებასაც უკავშირდება – სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვე სტიპენდია ნიუ-იორკის The New School-ში (Media Studies), რაც დამეხმარება ჩემი პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო", - წერდა ახალგაზრდა რეპერი სოციალურ ქსელში.
სამწუხაროდ, მისი დიდი გეგმები განუხორციელებელი დარჩა და უდიდესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი. გლოვობს ყველა, ვინც მას პირადად იცნობდა.