2026 წლის 29-30 ოქტომბერს, თბილისში, ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართა.
ორდღიანმა კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა მედიცინის, ჯანდაცვის, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები.
AIMCare 2026-ში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები 10 ქვეყნიდან - საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია. კონფერენციამ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების, სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
კონფერენციის პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მედიცინასა და ჯანდაცვაში გამოყენების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:
სამეცნიერო მოხსენებებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, სამედიცინო განათლებისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობიან გამოყენებას, მონაცემთა დაცვას, ალგორითმების სანდოობას, ეთიკურ და სამართლებრივ გამოწვევებს, ასევე სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის როლისა და პროფესიული პასუხისმგებლობის შენარჩუნებას.
კონფერენციამ ცხადჰყო, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენება მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებაზე არ არის დამოკიდებული. ინოვაციების რეალურ კლინიკურ სარგებლად გარდაქმნა მოითხოვს სამეცნიერო მტკიცებულებებს, სხვადასხვა პროფესიული სფეროს თანამშრომლობას, შესაბამის განათლებასა და ტექნოლოგიების კლინიკურ პროცესებთან სწორად ინტეგრირებას.
კონფერენციის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სხვა ოფიციალური პირები.
„AIMCare 2026 თანამედროვე გამოწვევებს ეხმიანება და აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა სამედიცინო განათლება, სამეცნიერო კვლევა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მედიცინაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება, ასევე ჩვენი გამოცდილებისა და ხედვების წარდგენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვებისა და პოზიციების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში და აქტიურად მონაწილეობდეს გლობალურ პროცესებში“- გივი მიქანაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
„მართლაც, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორი ორი უნივერსიტეტია. ამგვარი თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი არ წარმოადგენს მხოლოდ სამეცნიერო პოტენციალის მექანიკურ გაერთიანებას ან მის უბრალო დაჯამებას. ეს გაცილებით მეტია - ორი უნივერსიტეტის აკადემიური გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების სინთეზი, რომელიც ქმნის ახალ პერსპექტივებს სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევებისთვის. კონფერენციის განსაკუთრებულობას, მეორე მხრივ, მისი კვლევის საგანიც განაპირობებს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვსაუბრობ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც, ერთი მხრივ, თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებითა და განვითარების პერსპექტივებით განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დანერგვისა და გამოყენების პროცესში წარმოშობს გარკვეულ რისკებსა და გამოწვევებს, რომელთა სათანადო გააზრება, შეფასება და გათვალისწინება აუცილებელია”- მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტების პასუხისმგებლობაზე თანამედროვე პროფესიონალების მომზადების პროცესში და განათლებას, სამეცნიერო კვლევასა და კლინიკურ პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„AIMCare 2026 აერთიანებს მედიცინის, განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს საერთაშორისო გამოცდილების, კვლევის შედეგებისა და ახალი მიდგომების გასაზიარებლად. ასეთი ინტერდისციპლინური დიალოგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში გააზრებულად და პაციენტის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაინერგოს. ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობა აჩვენებს, რა შედეგის შექმნა შეუძლია საერთო მიზანზე დაფუძნებულ ინსტიტუციურ თანამშრომლობას. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები გააძლიერებს განათლებას, სამეცნიერო კვლევასა და კლინიკურ პრაქტიკას შორის კავშირს, ხელს შეუწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში ინოვაციური სამედიცინო გარემოს განვითარებას - “რამაზ კუკულაძე - ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

„ის ფაქტი, რომ კონფერენციის ფარგლებში ორი უნივერსიტეტი იწყებს ასეთ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ერთობლივად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ჩვენი განათლების სისტემისთვის. ასევე, ეს არის გზავნილი და საფუძველი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტის განხორციელების მომსწრენი გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს განათლების, ისე ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას“ - ირაკლი ნატროშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის რეალური კლინიკური ღირებულების შეფასებას დაეთმო. თემაზე მოხსენება აუგსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ციფრული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, მონაცემთა მართვისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის პროფესორმა ლუდვიგ კრისტიან ჰინსკემ წარადგინა.

„ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციების ჩატარება გადაუდებელი აუცილებლობაა, რათა უკეთ გავიაზროთ, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ და რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმატებით დაინერგოს კლინიკებში და პაციენტებს მოუტანოს ყველა ის სარგებელი, რომლის მიღების შესაძლებლობასაც ეს ტექნოლოგია გვპირდება“ - ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე - აუგსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ციფრული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მონაცემთა მართვისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის პროფესორი.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ხელოვნურმა ინტელექტმა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ასეთი კონფერენციები კი ხელს უწყობს კვლევების განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- მასიმილიანო ზატინი - პადუის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
AIMCare 2026-მა სხვადასხვა პროფესიული და აკადემიური გამოცდილების მქონე მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის მედიცინაში გამოყენება სამეცნიერო, კლინიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და მმართველობითი პერსპექტივებიდან განეხილათ.
ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობამ ხელი შეუწყო ცოდნისა და რესურსების გაერთიანებას, საერთაშორისო პროფესიული კავშირების განვითარებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განათლებას, სამეცნიერო კვლევასა და კლინიკურ პრაქტიკას შორის კავშირის გასაძლიერებლად. AIMCare 2026-ის ფარგლებში დაწყებული დიალოგი ქმნის საფუძველს ახალი კვლევითი პროექტების, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის, რათა ხელოვნური ინტელექტის მიღწევები მედიცინაში უსაფრთხოდ, გააზრებულად და პაციენტის კეთილდღეობის სამსახურში დაინერგოს.
R