"ქალისა და მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მაჩვენებლები პრაქტიკულად გათანაბრდა" - რეპროდუქტოლოგი უშვილობის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე - მშობლები

"ქალისა და მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მაჩვენებლები პრაქტიკულად გათანაბრდა" - რეპროდუქტოლოგი უშვილობის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე

2026-11-10 13:25:53+04:00

საქართველოში უნაყოფობა კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეექვსე ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უნაყოფობის პრობლემას აწყდება. ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში შობადობა წინა წელთან შედარებით 4,1%-ით შემცირდა.

მართალია, შობადობის შემცირებას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორები, თუმცა ეს მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დროული ზრუნვა.

რა არის უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რატომ არის აუცილებელი ორივე პარტნიორის გამოკვლევა, რა ასაკში უნდა დავიწყოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა? — ამ საკითხებზე რეპროდუქტოლოგი ნინია იმერლიშვილი საუბრობს

- რა არის უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები?

— პირველი, ესაა ოვულაციის დარღვევა — როდესაც კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოყოფა რეგულარულად არ ხდება.

ოვულაცია ფიზიოლოგიურად ჩასახვის ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია. მისი დარღვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონულ დისბალანსთან, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან, წონის მატებასთან, მეტაბოლურ დარღვევებთან და სხვა ენდოკრინულ პრობლემებთან.

როდესაც ქალს ორსულობის დაგეგმვა სურს, ხშირად ფიქრობს, რომ თუ მენსტრუალური ციკლი რეგულარულია და თავს კარგად გრძნობს, რეპროდუქციული ჯანმრთელობა წესრიგშია. თუმცა რეალობა გაცილებით კომპლექსურია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მხოლოდ მენსტრუალური ციკლის რეგულარობის მიხედვით ვერ განვსაზღვრავთ, მიმდინარეობს თუ არა რეალურად ოვულაციის პროცესი.

ციკლის რეგულარობასა და ოვულაციის პროცესებზე გავლენას ახდენს ასაკობრივი თავისებურებებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკვერცხის რეზერვისა და ფუნქციის მარკერების განსაზღვრა (FSH, AMH, AFC).

საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გამავლობის დარღვევა

ფიზიოლოგიური ორსულობისთვის აუცილებელია, რომ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა შესაძლებელი იყოს. ეს პროცესი საშვილოსნოს მილში უნდა მოხდეს.

საშვილოსნოს მილების დაზიანება ან დახშობა შეიძლება გამოწვეული იყოს მცირე მენჯის ღრუში გადატანილი ინფექციებით, ანთებითი პროცესებით, ქირურგიული ჩარევით ან ენდომეტრიოზით.

ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ოვულაცია ნორმალურად მიმდინარეობდეს, თუმცა განაყოფიერების პროცესი შეფერხდეს. ამიტომ მილების შეფასება უნაყოფობის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ენდომეტრიოზი და საშვილოსნოს პათოლოგიები

ენდომეტრიოზი მნიშვნელოვანი დიაგნოზია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქალის რეპროდუქციულ პოტენციალზე.

ასევე, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიებმა, მათ შორის პოლიპებმა, სუბმუკოზურმა მიომურმა კვანძებმა და შეხორცებებმა, შესაძლოა ხელი შეუშალოს ემბრიონის იმპლანტაციას და, შესაბამისად, ორსულობის დადგომას.

თუმცა ყველა მსგავსი დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს უნაყოფობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობა.

სპერმის ხარისხი

უნაყოფობის შეფასებისას ყურადღება ხშირად ძირითადად ქალისკენაა მიმართული, თუმცა თანამედროვე სტატისტიკით, ქალისა და მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის მაჩვენებლები პრაქტიკულად გათანაბრდა. ამიტომ მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკვლევა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

სპერმოგრამა ძირითადი საორიენტაციო კვლევაა, რომლის დროსაც ფასდება სპერმის რაოდენობა, სპერმატოზოიდების კონცენტრაცია, მოძრაობის უნარი და მორფოლოგია.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი ფუნქციური კვლევებიც.

სპერმის ხარისხზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰორმონულმა დარღვევებმა, გენეტიკურმა ფაქტორებმა, ინფექციებმა, ვარიკოცელემ, ცხოვრების წესმა და სხვა მდგომარეობებმა.

პრობლემა ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ — სეკრეტორულ და ექსკრეტორულ დარღვევებად.

ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური შეფასება და შესაბამისი მართვა.

დაუდგენელი მიზეზით განპირობებული უნაყოფობა

არსებობს შემთხვევები, როდესაც ორივე პარტნიორის გამოკვლევების შედეგები დამაკმაყოფილებელია, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. ასეთ მდგომარეობას აუხსნელი, ანუ დაუდგენელი ეტიოლოგიის უნაყოფობა ეწოდება და შემთხვევების დაახლოებით 10–20%-ს შეადგენს.

ამ შემთხვევაში შესაძლოა მოიაზრებოდეს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის მორფოლოგიური პრობლემები, იმპლანტაციის დეფექტები, ასევე ემბრიონისა და ენდომეტრიუმის არაკოორდინირებული ურთიერთქმედება.

— უნაყოფობის მიზეზების დასადგენად ყველა წყვილს ერთნაირი გამოკვლევები სჭირდება?

— მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი კვლევის ჩატარება არ სჭირდება. გამოკვლევების ჩამონათვალი განისაზღვრება ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური ისტორიისა და ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით.

შესაბამისად, მკურნალობა და მართვაც ინდივიდუალურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.

სხვისი გამოცდილება ყოველთვის ვერ გახდება ჩვენი გზამკვლევი, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ექიმის შეფასებასა და პერსონალურ სამედიცინო რეკომენდაციას.

— როდის უნდა დავიწყოთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმთან მიმართვა?

— რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოს ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვამდე. პრევენციული კვლევები მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვინც უკვე გეგმავს ორსულობას. ისინი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვადასხვა ასაკში, კონკრეტული ჩივილებისა და რისკების შესაბამისად.

თუ ორსულობა არ დგება, დამატებითი შეფასება, როგორც წესი, რეკომენდებულია: 35 წლამდე ასაკში — 12-თვიანი რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. 35 წლიდან — 6 თვის შემდეგ, 40 წლის ზემოთ კი უფრო ადრე, დაყოვნების გარეშე.

ასევე, გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ენდომეტრიოზი ან წარსულში ჩატარებული ოპერაციები, მიზანშეწონილია სპეციალისტთან უფრო ადრეული კონსულტაცია.