"ანაფილაქსიის "ანაფილაქსიის დროს დექსამეტაზონი არ შველის. ანაფილაქსიური შოკის დროს გადაუდებელი საშუალება ეპინეფრინი, ანუ ადრენალინია" - ზაზა თელია მძიმე ალერგიულ რეაქციებზე საუბრობსდროს დექსამეტაზონი არ შველის. ანაფილაქსიური შოკის დროს პირველი რიგის გადაუდებელი სამკურნალო საშუალება ეპინეფრინი, ანუ ადრენალინია" - ზაზა თელია მძიმე ალერგიულ რეაქციებზე საუბრობს - მშობლები

"ანაფილაქსიის დროს დექსამეტაზონი არ შველის. ანაფილაქსიური შოკის დროს გადაუდებელი საშუალება ეპინეფრინი, ანუ ადრენალინია" - ზაზა თელია მძიმე ალერგიულ რეაქციებზე საუბრობს

2026-11-11 09:07:58+04:00

ალერგიული რეაქციები ყოველთვის მხოლოდ მსუბუქი გამონაყრითა და ქავილით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ ისინი გაცილებით მძიმე ფორმით ვლინდება და ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ალერგიული რეაქციის სამი მნიშვნელოვანი ფორმა: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. რა იწვევს ამ მდგომარეობებს, როგორ ამოვიცნოთ საფრთხის ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ გადაუდებელ სიტუაციაში - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- ჭინჭრის ციება რამდენად გავრცელებული პრობლემაა და რატომ ემართებათ ადამიანებს?

- ჭინჭრის ციება იმიტომ ჰქვია, რომ კანის ზედაპირზე ამოწეული, გაწითლებული ელემენტები ჩნდება, რომლებიც ჭინჭარი რომ დაგსუსხავს, მას ჰგავს. ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მათ შორის, მაგალითად, მწერის ნაკბენის შემდეგაც, როდესაც კანი იბურცება. სამედიცინო ენაზე მას ურტიკარია ეწოდება. ეს არის ორგანიზმის ანთებითი პასუხი რომელიმე ტრიგერზე, ანუ გამაღიზიანებელ ფაქტორზე.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ურტიკარიის ორი ტიპი - მწვავე და ქრონიკული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. მწვავე ურტიკარია ექვს კვირაზე ნაკლებ პერიოდს გრძელდება. თუ ეს პერიოდი ექვს კვირას გასცდა, უკვე ქრონიკულ ურტიკარიასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში გარკვეული თავისებურებები იცვლება.

უნდა ითქვას, რომ ჭინჭრის ციება შეიძლება სამი მექანიზმით მიმდინარეობდეს. ალბათ, გსმენიათ ანტიჰისტამინების, ანუ ეგრეთ წოდებული ალერგიის საწინააღმდეგო წამლების შესახებ. ანტიჰისტამინი ნიშნავს იმას, რომ ის პოხიერი უჯრედების მიერ ჰისტამინის გამოტყორცნას ბლოკავს. არსებობს ჰისტამინით შუამავალი, ბრადიკინინით შუამავალი და იდიოპათიური ურტიკარია, ანუ ისეთი ფორმა, რომლის მიზეზის დადგენაც ვერ ხერხდება.

შესაბამისად, როგორც ჰისტამინი, ისე ბრადიკინინი ვაზოაქტიური ნივთიერებებია. ვაზოაქტიური ნიშნავს იმას, რომ სისხლძარღვების გაფართოება ხდება. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ურტიკარიის, ანაფილაქსიისა და ანგიოშეშუპების განვითარებას.

მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ჭინჭრის ციების დროს კანის ზედაპირული შრეები ერთვება, ხოლო ანგიოშეშუპების დროს უკვე ღრმა ქსოვილების შეშუპება ვითარდება. ანგიოედემის დროს ხშირად თვალების გარშემო არე და ტუჩები შუპდება. უფრო მძიმე შემთხვევაში კი შესაძლებელია სასუნთქი გზების შეშუპებაც განვითარდეს.

- შესაძლებელია თუ არა, რომ ჭინჭრის ციების შემთხვევაში ადამიანს ზოგადად ალერგია არ ჰქონდეს და ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ განუვითარდეს?

- დიახ, შესაძლებელია. მწვავე ურტიკარია, როგორც ვთქვით, ექვს კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, მწვავე ურტიკარიის შემთხვევების დაახლოებით 40%-ში მიზეზი ინფექციაა. ეს შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექცია. მაგალითად, ბავშვს ვირუსი დაემართა და ამის ფონზე განუვითარდა ჭინჭრის ციება.

შემთხვევების დაახლოებით 10%-ში მიზეზი მედიკამენტია - ვირუსული ინფექციის დროს მშობელმა ბავშვს წამალი მისცა ან, მაგალითად, ანტიბიოტიკი დაუნიშნა. აღსანიშნავია, რომ ანტიბიოტიკები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

შემდგომ, გაცილებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლებით - ხუთიდან ერთ პროცენტამდე - მოდის საკვები და სასმელი. როგორც კი ადამიანს ჭინჭრის ციება უჩნდება, მაშინვე საკვებს აბრალებს. დერმატოლოგიაში ჩემთან მოსული პაციენტების უმეტესობაც, სხვადასხვა დაავადების დროს, ყველაფერს კვებას უკავშირებს. რეალურად კი კვებითი მიზეზი ყველაზე იშვიათია.

- ინფექცია ახსენეთ და ძალიან საინტერესოა, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა შემთხვევები გქონიათ ამასთან დაკავშირებით?

- ქრონიკული ურტიკარია ექვს კვირაზე მეტხანს გრძელდება და შეიძლება თვეები ან წლებიც გაგრძელდეს. მყავდა პაციენტი, რომელსაც ჭინჭრის ციება რვა წლის განმავლობაში აწუხებდა.

ქრონიკული ურტიკარიის დროს ძალიან ხშირად მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. პაციენტები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, ათასობით დოლარის ღირებულების კვლევებს იტარებენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, მაგრამ მიზეზი მაინც ვერ დგინდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი ხშირად გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებია. დღეს მეცნიერებასა და მედიცინაში ეს საკითხი საკამათოა, თუმცა ქრონიკულ ურტიკარიას ზოგჯერ სწორედ აუტოიმუნურ პათოლოგიებს უკავშირებენ. ხშირად ის თანაარსებობს სხვა აუტოიმუნურ დაავადებებთან. მაგალითად, ქრონიკული ურტიკარიის ფონზე საკმაოდ ხშირია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება) ან შაქრიანი დიაბეტი.

ასევე, კონკრეტულმა ქრონიკულმა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ურტიკარია. გუშინაც ვსაუბრობდით პაციენტზე, რომელსაც ქრონიკული ურტიკარია აწუხებდა და ზედა ყბაზე კბილის კარიესის გამო წიაღში ქრონიკული ინფექცია ჰქონდა. სწორედ ამ წიაღში არსებულმა ქრონიკულმა ინფექციამ მისცა ტრიგერი ჭინჭრის ციებას. ამიტომ ნებისმიერმა ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება ჭინჭრის ციების განვითარება გამოიწვიოს.

- კვინკეს შეშუპებაზეც ვისაუბროთ - როგორ ვხვდებით, რომელი ფორმაა სახიფათო?

- ანგიოედემა, ანუ კვინკეს შეშუპება, შეიძლება გვხვდებოდეს როგორც ურტიკარიასთან ერთად, ისე მის გარეშე. ანგიოშეშუპება ხშირად განპირობებულია იმ მედიკამენტებით, რომლებსაც პაციენტი ქრონიკულად იღებს, მაგალითად, წნევის დამწევი პრეპარატებით.

დერმატოლოგიასა და ალერგოლოგიაში არსებობს ერთი ძირითადი წესი: როდესაც პაციენტს ანგიოშეშუპება აქვს, პირველი შეკითხვაა, იღებს თუ არა ის რაიმე მედიკამენტს. თუ პასუხი დადებითია, ვამოწმებთ, ხომ არ არის ეს პრილის ჯგუფის პრეპარატი.

პრილზე დამთავრებული მედიკამენტები (კაპტოპრილი, ლიზინოპრილი და ა.შ.) ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებია. ეს არის წნევის ისეთი პრეპარატები, რომლებიც კვინკეს შეშუპებისა და ურტიკარიის საკმაოდ ხშირი მიზეზია.

თუ პაციენტი ადასტურებს ამ მედიკამენტის მიღებას, კონსულტაცია ამით მთავრდება - ვეუბნებით, რომ კარდიოლოგთან შეთანხმებით აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ამ პრეპარატის მიღება და სხვა მედიკამენტით ჩაანაცვლოს. აქვე უნდა გავაფრთხილოთ, რომ პრილის ჯგუფის პრეპარატის მოხსნის შემდეგ სიმპტომები შესაძლოა, კიდევ სამი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

მყავდა ონლაინ პაციენტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა სახის, ტუჩებისა და თვალების შეშუპებით. მან უამრავი თანხა დახარჯა კვლევებზე და ხუთ სპეციალისტთან იყო ნამყოფი. ხუთწუთიანი ონლაინ კონსულტაციისას, პირველივე შეკითხვაზე გაირკვა, რომ ის პრილის ჯგუფის პრეპარატს იღებდა. მედიკამენტის მოხსნიდან ორ თვეში მისი სიმპტომები სრულად გაქრა.

- კვინკეს შეშუპების დროს სასუნთქი გზების შეშუპებაც ხომ არ ხდება და როგორ უნდა მივხვდეთ ამას?

- ანგიოშეშუპების დროს, ურტიკარიისგან განსხვავებით, კანქვეშა ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსის ღრმა შეშუპება ვითარდება. ამის გამო შესაძლებელია სასუნთქი გზების შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. თუმცა, საბედნიეროდ, ანგიოშეშუპება იშვიათად გადადის ანაფილაქსიაში. ანაფილაქსიური შოკი ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ორივე შემთხვევაში პირველი რიგის პრეპარატებია ანტიჰისტამინები, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

ხშირად პაციენტებს დექსამეტაზონის გამოყენება უყვართ. უნდა ითქვას, რომ ანაფილაქსიის დროს დექსამეტაზონი არ შველის. მისი ჯიბით ტარება და ამ სიტუაციაში გამოყენება არასერიოზულია. ანტიჰისტამინი მოქმედებას ნახევარ საათში იწყებს, ისევე როგორც დექსამეტაზონი.

თანაც, დექსამეტაზონი ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონზე, კორტიზოლზე 25-ჯერ უფრო ძლიერია. შედარებისთვის, პრედნიზოლონი მხოლოდ ოთხჯერ უფრო ძლიერია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში მაინც დექსამეტაზონია პოპულარული.

ანაფილაქსიური შოკის დროს პირველი რიგის გადაუდებელი სამკურნალო საშუალება ეპინეფრინი, ანუ ადრენალინია. ურტიკარიისა და ანგიოშეშუპების ძირითადი მიზეზი ვაზოდილატაცია, ანუ სისხლძარღვების გაფართოებაა. ადრენალინი სწრაფად მოქმედი ვაზოკონსტრიქტორია, რომელიც სისხლძარღვებს სწრაფად ავიწროებს. დექსამეტაზონი კი ამას ასე სწრაფად ვერ გააკეთებს.

სამწუხაროდ, ისეთი მზა ავტოინექტორები (ეპიფენი), რომლებითაც ადამიანს წამლის გაკეთება ტანსაცმლის გავლითაც შეუძლია, ჩვენთან არ იშოვება. ამიტომ გვიწევს ადრენალინის ამპულების გამოყენება. თუ ანაფილაქსია განვითარდა, კუნთში უნდა გავუკეთოთ.