2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ჰოლში, მერაბ დვალიშვილი სარეკლამო ინტერვიუს იძლეოდა. ის შაბათს დაგეგმილი RAF Abu Dhabi-ს ღონისძიებისთვის ემზადებოდა, სადაც მარლონ მორაესთან შეხვედრა უნდა გაემართა. სწორედ ამ დროს მასთან უკნიდან მივიდა უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ჯგუფი ქართველ მებრძოლს უკნიდან, თავს ესხმის როგორ იწყება ფიზიკური დაპირისპირება და როგორ გადაიზრდება სიტუაცია მასობრივ ჩხუბში...
დვალიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ თავდამსხმელები მაშინაც ურტყამდნენ, როდესაც დაცვის თანამშრომლები მას აკავებდნენ და ის ძირს იყო დაცემული. ქართველმა მებრძოლმა სახის არეში დაზიანებები მიიღო და ვიდეოში სისხლიანი სახით გამოჩნდა.
დვალიშვილმა მომხდარში უსმანთან ერთად უმარიც დაადანაშაულა. მან ნურმაგომედოვებს ღიად დაპირისპირებაც შესთავაზა და განაცხადა, რომ თუ ჩხუბი სურდათ, ამის გაკეთება თანაბარ პირობებში შეეძლოთ.
ინციდენტის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი პირები დაკითხვაზე წაიყვანეს პოლიციაში...
ამ ფაქტს, რასაკვირველია, დიდი აღშფოთება მოჰყვა. მერაბს უამრავი ქართველი და არაქართველი სპორტსმენი დაუდგა გვერდით.
კონფლიქტის წამომწყებთა მომხრეები ძველ წყენებზე საუბრობენ: მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი რინგზე შეხვედრიან ერთმანეთს. 2025 წლის იანვარში UFC 311-ზე ერთმანეთს ჩემპიონის ქამრისთვის დაუპირისპირდნენ. მაშინ მერაბი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, უმარი კი დაუმარცხებელი პრეტენდენტის სტატუსით გამოდიოდა.ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად მერაბს მიანიჭეს. ეს უმარის პროფესიულ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი აღმოჩნდა. დვალიშვილმა ამ გამარჯვებით საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.


დაძაბულობა მხოლოდ ოქტაგონით არ შემოფარგლულა. 2026 წლის აგვისტოში, RAF Georgia-ს ღონისძიების კულისებში, მერაბსა და უმარის თანამოაზრე აჰმედ გადჟიმაგომედოვს შორის ფიზიკური ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც დვალიშვილმა მას გაარტყა...ნოემბრის აბუ-დაბის შემთხვევა სწორედ ამ წინა დაპირისპირებების ფონზე განვითარდა. ამჯერად კი მთავარი ფიგურა უმარის უმცროსი ძმა, უსმანი აღმოჩნდა...
სოციალურ ქსელში აქტიური განხილვისას ყველა თანხმდება იმაზე, რომ ზურგიდან მიპარვა და ამდენი ადამიანის ერთ კაცზე თავდასხმა, არანაირ მორალში და პრინციპში არ ჯდება, არც საბრძოლო წესებში, არც სპორტულში და არც ადამიანურში. ჯერჯერობით გაურკვეველია, რით დასრულდება კონფლიქტი, რა სასჯელი ელით თავდამსხმელებს და აისახება თუ არა ეს უსმანის სპორტულ კარიერაზე. მანამდე კი გავიგოთ, ვინ არიან დაღესტნელი ძმები ნურმაგომედოვები და საბრძოლო კარიერის გარდა, რით გამოიჩინეს თავი.


უმარ ნურმაგომედოვი 1996 წლის 3 იანვარს დაიბადა დაღესტანში, ქალაქ კიზილიურტში. ის უსმანზე უფროსია. უმარის ბავშვობა სპორტთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. როგორც დაღესტანში გაზრდილი ბევრი ახალგაზრდა, მანაც ადრეული ასაკიდან დაიწყო თავისუფალი ჭიდაობა. მოგვიანებით კიკბოქსინგითა და საბრძოლო სამბოთი დაინტერესდა. მისი სპორტული განვითარება უშუალოდ უკავშირდება ბიძის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მიერ შექმნილ საბრძოლო სკოლას.


რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილთან მარცხი 2025 მის კარიერაში პირველი იყო UFC-ში და მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა მის საჩემპიონო ამბიციებზე...
უმარის ძმა, უსმან ნურმაგომედოვი, 1998 წლის 17 აპრილს დაღესტანში დაიბადა. ბავშვობიდან ჭიდაობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი MMA-ში გადავიდა. მის სპორტულ განვითარებაზე დიდი გავლენა ბიძამ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა მოახდინა.
პროფესიონალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. 2022 წელს Bellator-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 2025 წელს PFL-ის ჩემპიონი გახდა. 2026 წელს ტიტული წარმატებით დაიცვა. ნოემბრის მონაცემებით, მისი რეკორდია 22 გამარჯვება, 0 მარცხი და 1 გაუქმებული შედეგი.



უსმან ნურმაგომედოვი 2021 წლის ნოემბერში მოექცა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში. დაღესტანში, კასპიისკის აეროპორტის ტერიტორიაზე, ავტომობილმა პოლიციის თანამშრომელს გადაუარა.მანქანაში იმყოფებოდნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობარი, MMA-მებრძოლი კამალ იდრისოვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად არ გაჩერდა, გადაკვეთა ბარიერი და პოლიციელი დააზიანა. ორივე მათგანი მოგვიანებით მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.
მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ უსმანი საჭესთან არ იჯდა. გამოძიების პროცესში მისი სტატუსი მოწმის სტატუსით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებები ავტომობილის მძღოლს, კამალ იდრისოვს წარედგინა.2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე დაიხურა.
უმარ ნურმაგომედოვმა გამოცემა Match TV-ს დაუდასტურა, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული იყო და მძღოლს პატიმრობა არ მიუსაჯეს.
ეს შემთხვევა უსმანის ბიოგრაფიაში სამართალდამცველებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია.
უსმანის კარიერაში კიდევ ერთი ხმაურიანი შემთხვევა 2023 წლის ნოემბერში მოხდა.კალიფორნიის სპორტულმა კომისიამ დაადასტურა, რომ ნურმაგომედოვის ტესტი აკრძალულ ნივთიერებებზე დადებითი აღმოაჩნდა. შედეგად, მას ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია და 50 ათასი დოლარის ჯარიმა დაეკისრა.ამასთან, მისი გამარჯვება ბრენტ პრიმუსთან გაუქმდა და შეხვედრას No Contest-ის სტატუსი მიენიჭა.
უსმანის მენეჯერი ალი აბდელაზიზი ამტკიცებდა, რომ მებრძოლი ავადმყოფობის გამო დანიშნულ მედიკამენტს იღებდა და აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ არ იცოდა.თავად უსმანმაც უარყო განზრახ დოპინგის მიღება. BBC-სთან 2024 წლის ინტერვიუში მან კვლავ გაიმეორა, რომ დადებითი ტესტი მედიკამენტს უკავშირდებოდა და არა სტეროიდების გამოყენებას.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის შემდეგ, უსმანი კვლავ მოექცა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში და შესაძლოა, ამჯერად ვეღარ გაექცეს მართლმსაჯულებას.