გარდაცვლილი მსახიობის, ალენ დელონის, 60 წლის ყოფილმა მეუღლემ, როზალი ვან ბრემენმა, გამოსცა წიგნი სახელწოდებით „გიჟური სიყვარული“, რომელშიც ის მსახიობს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.
თავის მემუარებში ვან ბრემენი იხსენებს, თუ როგორ სცემა დელონმა იგი მათი შვილების, ანუჩკას და ალენ-ფაბიენის თვალწინ და როგორ გაუტეხა ცხვირი ორჯერ ერთ დღეს, მათი სასახლის სამზარეულოში. რამდენიმე საათის შემდეგ ძალადობა განმეორდა: დელონმა, თქვა: „მე შენ გაჩვენებ, როგორია გატეხილი ცხვირი. გამუდმებით ტირი და ასე გაიგებ, რა არის ტკივილი“. ცოლს საძინებელშიც სცემდა, რკინის საწოლზე მიბმულს.
ვან ბრემენის თქმით, ის ყოველთვის თვლიდა, რომ მისი ქმარი ფსიქიკურად დაავადებული იყო, განწყობის ცვალებადობა და მრისხანების შემოტევები ჰქონდა: „მისთვის ოფიციალურად დიაგნოზი არასოდეს დაუსვამთ. ყოველთვის მეშინოდა, რომ თავს მოიკლავდა“.
ერთ დღეს დელონმა გადაწყვიტა მასთან "რუსული რულეტკის" თამაში. პისტოლეტი მიადო საფეთქელზე და ოთხჯერ გამოკრა ჩახმახს, მაგრამ ტყვიები არ აღმოჩნდა.


წყვილის მეგობრებმა, სასახლის პერსონალმა და პოლიციამ, რომელსაც ვან ბრემენი დაუკავშირდა, არაფერი გააკეთეს, ამიტომ მსახიობის ყოფილი ცოლი ახლა მათ ძალადობის თანამონაწილეებად მიიჩნევს. გარდა ამისა, დელონი გამუდმებით ღალატობდა მას, ხოლო მისი საყვარლები, მათ შორის Air France-ის ბორტგამცილებელი, მუდმივად სახლში ურეკავდნენ. შედეგად, 2001 წელს, ვან ბრემენი ორ შვილთან ერთად შუაღამისას სასახლიდან გაიქცა.
ცნობისათვის, წლების წინ ალენი ვაჟებმაც დაადანაშაულეს ძალადობაში და სისასტიკეში.


ვან ბრემენი ასევე შეეხო მსახიობის მემკვიდრეობის საკითხს. დღემდე დელონის სამი შვილი ამ ქონებაზე დავობს: „მარტო დამტოვე იმ სისხლიან ომში, რომელიც შენს სამ შვილს შორის გააჩაღე. გათიშე და იბატონე - ეს წესი გამოგადგა. და საბოლოო შედეგი ძალიან უსიამოვნოა“.
დელონსა და ვან ბრემენს ორი შვილი შეეძინათ: ანუშკა და ალენ-ფაბიენი. მსახიობს ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი, 62 წლის ენტონი, რომლის დედაც ფრანგი მსახიობი ნატალი ბართელემია. და ასევე ჰყავდა უკანონო ვაჟი, რომელიც ბოლომდე არ აღიარა.
სიცოცხლეში დელონმა საჯაროდ არაერთხელ აღიარა, რომ ქალიშვილი, ანუშკა, სხვა შვილებზე მეტად უყვარდა. ამიტომ, მან ანდერძი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ მისი ქონების ნახევარი მის ქალიშვილს გადაეცემოდა, ხოლო ენტონი და ალენ-ფაბიენი 25 პროცენტს მიიღებდნენ.
2024 წელს, დელონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟებმა მისი ანდერძის გასაჩივრება გადაწყვიტეს. თუმცა, მიმდინარე წლის ივნისში სასამართლომ მსახიობის ანდერძი ძალაში დატოვა და ძმებს ანუშკასთვის კომპენსაციის გადახდც დააკისრა. მედიის ცნობით, ენტონი და ალენ-ფაბიენი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი მთავარი არგუმენტი ის ფაქტია, რომ ანდერძი 2019 წლის შემდეგ შედგა, როდესაც დელონმა ინსულტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა, თუ რა ჩაიდინა.