მშენებარე კორპუსში ბინის შეძენა ხშირად უფრო ხელმისაწვდომი პირობებით არის შესაძლებელი, თუმცა ასეთ გარიგებას მნიშვნელოვანი ფინანსური და სამართლებრივი რისკებიც ახლავს.
ადვოკატი კახა კოჟორიძე ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და განმარტავს, რა უნდა გადაამოწმოს მყიდველმა მანამდე, სანამ მრავალწლიანი დანაზოგის უძრავ ქონებაში დაბანდებას გადაწყვეტს.
მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ხშირად ხელს აწერენ დოკუმენტებს, რომელთა პირობებიც სათანადოდ არ აქვთ შესწავლილი.
„სამშენებლო კომპანიების დიდი უმრავლესობა, ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა, მყიდველს სთავაზობს უსამართლო და ზოგჯერ კაბალურ ხელშეკრულებას. და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მყიდველთა ასევე ძალიან დიდი უმრავლესობა ხელს აწერს ისე, რომ შეიძლება საერთოდ არც კი წაიკითხოს ეს ხელშეკრულება.
რამდენიმე დღის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა. ემიგრანტს დავეხმარეთ. ეს ადამიანი წლებია საქართველოდან გადახვეწილია, გააკეთა მნიშვნელოვანი დანაზოგი, მაგრამ შემდეგ ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომ მთელი თავისი წლების ნაშრომი დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.
ხელს რომ მოაწერთ, ამ პრობლემას უკვე ცრემლები და ტირილი აღარ უშველის. ხელმოწერამდეა დაფიქრება და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანი.
სამი კითხვა გქონდეთ ყოველთვის გონებაში: ვისგან ყიდულობთ? რას ყიდულობთ? და რა კონკრეტული პირობებით ყიდულობთ?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი — წაიკითხეთ ხელშეკრულება. ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ ხელშეკრულების ტექსტის გააზრება და ანალიზი მხოლოდ იურისტების ექსკლუზიური შესაძლებლობაა, მაგრამ ასე არ არის. თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რთული საკითხები, სადაც პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, მაგრამ ხშირად ტექსტის სწორად წაკითხვა და გააზრება თავადაც შეგიძლიათ. ეს, როგორც მინიმუმ, რისკებსა და იურიდიულ ხარჯებს შეგიმცირებთ.
მეორე — მოითხოვეთ ცვლილება. ზოგჯერ კომპანია დაგიდებთ ხელშეკრულებას და გეტყვით, მოაწერეთ ხელი. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გაქვთ — მოაწეროთ ან არ მოაწეროთ. მე გთავაზობთ მესამე გზას: მოითხოვეთ ცვლილება.
მოითხოვეთ, რომ დეტალურად ჩაგიწერონ თქვენი კონკრეტული ბინის მიღების დრო და პირობები. მაგალითად, სტანდარტულად წერია ხოლმე „თეთრი კარკასი“, მაგრამ რას ნიშნავს თეთრი კარკასი? შეიძლება ბევრს განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდეს ამაზე, ამიტომ ეს აუცილებლად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი.
ბოლო ხელშეკრულებაში, რომელიც წავიკითხე, ეწერა ბინის მდგომარეობა, მაგრამ არ ეწერა, რომ კორპუსი მოპირკეთებული უნდა ყოფილიყო. არ იყო მითითებული მეზობელთან გამყოფი კედლის სისქე, კარ-ფანჯრის ხარისხი და ბევრი სხვა დეტალი.
შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი დეტალი ეწეროს ხელშეკრულებაში. დეტალები თქვენს უფლებებს იცავს, რათა შემდეგ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ.
მესამე — გადაამოწმეთ კომპანია. ნდობას ნუ შეიქმნით ლამაზი თვალებისა თუ სანდომიანი ღიმილის გამო. გაარკვიეთ, რა კომპანიაა, რა აქტივები აქვს, რა აუშენებია მანამდე, რა რესურსით აშენებს და რა პირობებით.
მეოთხე — აუცილებლად ჩააწერინეთ მშენებლობის დასრულების კონკრეტული თარიღი. ასევე ჩააწერინეთ, რა ჯარიმას იხდის კომპანია, თუ მშენებლობას დათქმულ ვადაში არ დაასრულებს.
ხშირად ხელშეკრულებაში მყიდველისთვის ბევრად უფრო მაღალი ჯარიმაა გათვალისწინებული, ვიდრე გამყიდველი კომპანიისთვის. ეს არ არის სწორი. მოითხოვეთ სამართლიანი პირობები.
ზოგჯერ შეიძლება ცვლილება მოითხოვოთ და არ შეგიცვალონ, მაგრამ თუ არ მოითხოვთ, ბუნებრივია, ცვლილება არ მოხდება. თუ მოითხოვთ, ამის შანსი მაინც იარსებებს.
მეხუთე — დარეგისტრირდით საჯარო რეესტრში მესაკუთრედ. როდესაც ბინას განვადებით ყიდულობთ, შეიძლება მესაკუთრედ არ დაგარეგისტრირონ და გითხრან, რომ ჯერ ფული გადაიხადე და შემდეგ დაგარეგისტირებთ. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ, "დამარეგისტრირე მომავალ მესაკუთრედ". ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაცია.
ეს ხელშეკრულების ღირებულების 10 ან 20 პროცენტის გადახდის შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოითხოვოთ.
რეგისტრაცია გიცავთ იმისგან, რომ კომპანიამ იგივე ბინა სხვასაც მიჰყიდოს. შეიძლება კომპანია ძალიან კეთილსინდისიერი იყოს და ასეთი რისკის წინაშე არ დადგეთ, მაგრამ ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ბინა სამ-ოთხჯერ გაყიდულა. რეგისტრაცია ამ რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ბუნებრივია, ბევრი დეტალია და თითოეულ საკითხს ინდივიდუალური შესწავლა და ანალიზი სჭირდება. თუ რთული კონტრაქტი გაქვთ ან კითხვებზე სრულ პასუხს ვერ იღებთ, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე და ჩემი იურისტები შევეცდებით, დაგეხმაროთ ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაში, რომელიც თქვენს უფლებებსა და ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს“, — განმარტავს კახა კოჟორიძე.
ადვოკატი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბინის შეძენის გადაწყვეტილება მხოლოდ კომპანიის დაპირებებზე არ დააფუძნონ და ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა ხელმოწერამდე გადაამოწმონ.