"საყურე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სამკაულია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბავშვებში, ადრეულ ასაკში ყურის გახვრეტა ძალიან გავრცელებულია" - რა საფრთხე შეიძლება, შეგვიქმნას უხარისხო ბიჟუტერიამ - მშობლები

"საყურე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სამკაულია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბავშვებში, ადრეულ ასაკში ყურის გახვრეტა ძალიან გავრცელებულია" - რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას უხარისხო ბიჟუტერიამ

2026-11-16 13:51:52+04:00

ლამაზი, ბიუჯეტური და ტრენდული - ხშირად ამ კრიტერიუმებით ვარჩევთ სამკაულებს, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რა საფრთხე შეიძლება ახლდეს მათთან შეხებას. რეალურად, უხარისხო ბიჟუტერიამ შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს.

2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებმა კვლევა ჩაატარეს და 179 ნიმუში შეისწავლეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 67 ნიმუში უსაფრთხოების სულ მცირე ერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

კვლევა ჩატარდა ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც. 2020 წელს ნაზარბაევის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ბავშვთა სამკაულებსა და სათამაშოებში 65 ნიმუში შეისწავლეს. მათ შორის, 46 მეტალის სამკაულსა და სათამაშოსგან 45-ში ევროკავშირის ნორმების დარღვევა გამოვლინდა. მათი შემადგენლობა ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

დღევანდელ სამყაროში, როდესაც ონლაინშოპინგი ასეთი ხელმისაწვდომია, რისკებიც გაცილებით იზრდება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას შეიცავს ბიჟუტერია, რომელსაც ვყიდულობთ. თუმცა ვისთვის არის ის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, რა ფორმით შეიძლება, მოხვდეს ორგანიზმში უხარისხო ბიჟუტერიაში შემავალი მძიმე მეტალები, მაგალითად, ტყვია და კადმიუმი, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს - ამ ყველაფერზე ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე, გადაცემაში "დილის LIVE" საუბრობს:

- ბუნებრივია, მძიმე მეტალები, ზოგადად, სასურველია, საერთოდ არ იყოს ჩვენს საცხოვრებელ გარემოში და მათთან შეხება არ გვქონდეს. ერთ-ერთი ასეთი საფრთხის წყარო შეიძლება ბიჟუტერიაც იყოს. შედარებით ნაკლები რისკია, თუმცა, საბოლოო ჯამში, როდესაც ექსპოზიცია სხვა წყაროებიდანაც მაღალია, სასურველია, ის მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ყველაზე მეტი ყურადღება, ალბათ, იმ სამკაულებს უნდა მივაქციოთ, რომლებსაც უფრო ინვაზიური ხასიათი აქვს, ანუ უშუალოდ ჭრილობასთანაა შეხებაში. მაგალითად, საყურე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სამკაულია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბავშვებში და ადრეულ ასაკში ყურის გახვრეტა ძალიან გავრცელებულია. ამ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო მასალა უნდა გამოვიყენოთ. იგივე ეხება პირსინგებსაც.

განსაკუთრებით საყურადღებოა პერიოდი, როდესაც სამკაული ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობას ეხება. მოგეხსენებათ, ყურის ნიჟარაზე, ხრტილოვან ნაწილში გაკეთებული პირსინგის ჭრილობა მარტივად არ ხორცდება და შესაძლოა, გარკვეული გართულებებიც გამოიწვიოს. ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

თუმცა, საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ ადამიანებსაც, რომლებსაც კანის დაავადებები აქვთ და შესაძლოა, კანის საფარი დაზიანებული იყოს. მაგალითად, გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებს ხშირად უწევთ ხელების დამუშავება. ექიმებიც ამ რისკის ჯგუფში ვართ, განსაკუთრებით ქირურგები. ასევე, ხელის ხშირი დასველებისა და საწმენდ საშუალებებთან შეხების გამო, რისკი აქვთ ჭურჭლის მრეცხავებსაც, რადგან ხელებზე ხშირად უჩნდებათ მცირე დაზიანებები.

დაუზიანებელი კანიდან მძიმე მეტალების შეწოვა ზრდასრულებში ნაკლებად ხდება და ესეც მნიშვნელოვანია. ახალი პირსინგის ან ყურის გახვრეტის შემთხვევაში კი, სანამ ჭრილობა შეხორცდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ საეჭვო სამკაულის გამოყენებისგან.

ზოგადად, რაც უფრო მძიმეა ბიჟუტერია, მით უფრო მეტად არსებობს ალბათობა, რომ მასში დანამატის სახით კადმიუმი ან ტყვია იყოს. ტყვია პიგმენტის სახითაც გამოიყენება, მათ შორის ფერის მისაცემად, ამიტომ შესაძლოა, სამკაულის შემადგენლობაშიც აღმოჩნდეს.

ნიკელი კი ერთ-ერთი პრობლემური მეტალია. ბოლო მონაცემებით, მას ყველაზე მეტად ახასიათებს გამაღიზიანებელი და ალერგიული რეაქციების გამოწვევა.

- როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ გაღიზიანება სწორედ სამკაულმა გამოიწვია?

- გამოყენების დროს, ანუ ტარებისას, თუ შევამჩნიეთ ქავილი, კანის გაწითლება, გაღიზიანება ან წვის შეგრძნება, ხოლო სამკაულის მოხსნის შემდეგ ეს სიმპტომები შემცირდა, შესაძლოა, მიზეზი სწორედ ის იყოს.

ეს ყველაზე მეტად საყურეებს ახასიათებს, ვიდრე, მაგალითად, ბეჭდებსა და ყელსაბამებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რისკი შედარებით ნაკლებია.

უბრალოდ, სასურველია, ბიჟუტერია, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც ბევრი პატარა თვალი აქვს, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შევინახოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ბიჟუტერიით თამაშობენ, ან შესაძლოა, პატარა დეტალი პირში ჩაიდონ და გადაყლაპონ. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მათ შორის საქართველოშიც.

ამ დროს რა ხდება? აუცილებელია, ვიცოდეთ, რა შემადგენლობა აქვს სამკაულს. როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც მნიშვნელოვანია, ვინ არის მწარმოებელი და რამდენად სანდოა ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ. ინტერნეტით შეძენილ ნივთებს ამ კუთხით შესაძლოა, მეტი რისკი ახლდეს, თუ მითითებული არ არის, ვინ აწარმოებს მათ.

თუ ბავშვმა მძიმე ბიჟუტერია გადაყლაპა, აუცილებელია სტაციონარში მიმართვა, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემთხვევაში მისი შეწოვის რისკიც არსებობს. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც სამკაული ტყვიით იყო დაბინძურებული და მწვავე პერიოდში საკმაოდ სერიოზული პრობლემები გამოვლინდა.

პრობლემურია ნივთის პირში მოთავსება, მისი დაღეჭვა და სასუნთქ გზებში მოხვედრის საფრთხეც. თავად ნივთიერებებიც საყურადღებოა: კადმიუმი კანცეროგენია და ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ არის ის შეზღუდული და პირველ კატეგორიაში შედის. რაც შეეხება ტყვიას, მასაც აქვს კანცეროგენური თვისებები და სავარაუდო კანცეროგენად არის მიჩნეული. თუმცა მწვავე პერიოდში მისი მაღალი მაჩვენებელიც პრობლემას წარმოადგენს.

ბუნებრივია, ასეთი ნივთები ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის და აუცილებელია, ბიჟუტერია მათთვის მიუწვდომელ ადგილას შევინახოთ.

- კანისმიერი ექსპოზიციის შესახებ ვისაუბრეთ. თუმცა, როდესაც კანი დაზიანებული არ არის, ოფლიანობის დროსაც ხომ არ არსებობს საფრთხე? ბეჭდებისა და ბიჟუტერიის შემთხვევაშიც ხომ არ შეიძლება ოფლი გახდეს მაპროვოცირებელი და ხელი შეუწყოს ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრას?

- ამ შემთხვევაში მძიმე მეტალებთან მიმართებით ასეთი რისკი პრაქტიკულად ნაკლებია. უფრო მეტი საფრთხე შეიძლება, არსებობდეს ისეთი ნივთიერებების შემთხვევაში, რომლებიც ცხიმში იხსნება.

როგორც აღვნიშნე, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ხელების დამუშავება ან საყოფაცხოვრებო ხსნარებთან შეხება, შესაძლოა, მიკროტრავმები ჰქონდეთ. სხვათა შორის, COVID-19-ის პერიოდში ხელების დასამუშავებელი სითხეები ფართოდ გავრცელდა და დღესაც აქტიურად იყენებენ. მათი ხშირი გამოყენება ჩვენს კანს მიკროტრავმებს აყენებს. ასეთ შემთხვევაში დაზიანებული კანიდან ნივთიერებების შეწოვის რისკი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია.

ადამიანი ამას მეტ-ნაკლებად წვისა და კანის ზედმეტი სიმშრალის სახით გრძნობს. ვისაც ხშირად უწევს ასეთ ხსნარებთან შეხება, უფრო მაღალი რისკი აქვს. ამიტომ სასურველი არ არის ბეჭდების აქტიურად ტარება, მით უმეტეს, თუ ისინი ბიჟუტერიისგან არის დამზადებული და არა ისეთი ძვირფასი ლითონისგან, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

დანარჩენ შემთხვევაში, თუ კანი დაუზიანებელია, ოფლიანობა მძიმე მეტალების შეწოვას მნიშვნელოვნად ვერ უწყობს ხელს და ამ მხრივ რისკი ნაკლებია.

ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც აღვნიშნე, ახლად გახვრეტილი ყური და პირსინგის გაკეთებაა. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევამციროთ გაურკვეველი წარმომავლობის ბიჟუტერიის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც ის უშუალოდ ჭრილობას ეხება.

- როდესაც ყურს ან სხვა ადგილს ვიხვრეტთ და პირსინგს ვიკეთებთ, მნიშვნელოვანია, ისეთი დაწესებულება შევარჩიოთ, სადაც ჰიგიენური ნორმები იქნება დაცული და ხარისხიან სამკაულსაც შემოგვთავაზებენ. ძირითადად, სწორედ იქ გვიკეთებენ პირველ საყურეს. რა მასალისგან უნდა იყოს ის დამზადებული?

- ზოგადად, ყველაზე მეტად ტიტანი გამოიყენება. ასევე შეიძლება ოქრო ან პლატინა - ძვირფასი ლითონები, რომელთა შემთხვევაშიც ექსპოზიციის რისკი ნაკლებია და ჯანმრთელობისთვის პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს.

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ის დაწესებულებები, რომლებიც კონკრეტულად ამ მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, იყენებენ შესაბამის ლითონს. სანამ ჭრილობა კარგად შეხორცდება, ტიტანი ყველაზე რეკომენდებული მასალაა. შესაძლოა, შედარებით ძვირიც იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე, სანამ ჭრილობა შეხორცდება, სამკაულმა გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

თუ კონკრეტულმა სამკაულმა შეგვაწუხა, შესაძლოა, საერთოდ არ ვიცოდეთ, რა შემადგენლობა აქვს, მაგრამ თუ მივხვდით, რომ გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს, მისი ხანგრძლივად გამოყენება სასურველი არ არის.

როგორც აღვნიშნეთ, ნიკელიც სწორედ ამ მხრივ არის პრობლემური. ის ადგილობრივ გაღიზიანებას იწვევს, აზიანებს ეპიდერმისს და შემდგომში შესაძლოა ანთებითი პროცესის ჩამოყალიბების მიზეზიც გახდეს.

- პირსინგები ახლა ძალიან ტრენდულია. მაგალითად, ცხვირზე, სადაც ლორწოვანთან ახლოს არის, ან ტუჩზე - ამ შემთხვევებში სამკაული მუდმივად ლორწოვან გარსთანაა შეხებაში. ასეთ დროს მხოლოდ ოქროსა და ძვირფას ლითონებს გვირჩევთ, თუ ბიჟუტერიის გამოყენებაც შეიძლება?

- ეს საკითხები, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული გამოცდილებისა და შემთხვევების შესწავლის საფუძველზე ფასდება. სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირები და ხდება რისკების მინიმიზაცია.

ის, რომ გადაყლაპვის გარეშე, მხოლოდ ბიჟუტერიის ტარების შედეგად, მწვავე პერიოდში ადამიანს რაიმე სერიოზული ზიანი მიადგა, ნაკლებადაა შესწავლილი. თუმცა, ბევრი შემთხვევაა, როდესაც იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც ბიჟუტერიას იყენებდნენ, მძიმე მეტალების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.

სასურველი არ არის, რადგან შესაძლოა, კონკრეტულ დღეს რაიმე საფრთხე არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ხანგრძლივი დაგროვება, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ, როდესაც ინვაზიურ ჩარევასთან გვაქვს საქმე, ანუ სხეულს ვიხვრეტთ და სამკაული უშუალოდ ორგანიზმში ხვდება, შეწოვის რისკი შეიძლება, მაღალი იყოს. კანი, ეპიდერმისი, მეტ-ნაკლებად გვიცავს, რათა ლითონების შეწოვა აქტიურად არ მოხდეს და ამ შემთხვევაში რისკი მინიმალურია. მაგრამ ასეთ ჭრილობებში, შეხორცების შემდეგაც კი, გარკვეული რისკი რჩება.

ცხვირის ლორწოვანსაც აქტიური შეწოვა ახასიათებს. მოგეხსენებათ, ყურისა და წარბის მიდამოებიც ზოგჯერ რთულად ხორცდება, ხშირად რჩება ღია ჭრილობის სახით და პერიოდული გაღიზიანებაც შეიძლება გამოვლინდეს.

- ხშირად მსმენია, რომ სამკაული შესაძლოა მაღალი ხარისხის მეტალისგან არ იყოს დამზადებული, მაგრამ აწერია, რომ ჰიპოალერგიულია. რას ნიშნავს ეს?

- ჰიპოალერგიული სამკაული ნიკელისგან თავისუფალი უნდა იყოს. ნიკელი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი მეტალია, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს და ბიჟუტერიაში ხშირად დანამატის სახით გვხვდება.

შესაბამისად, სამკაულს შესაძლოა ეწეროს, რომ ჰიპოალერგიულია ან ნიკელისგან თავისუფალია. ეს ნიშნავს, რომ მასში არ უნდა იყოს ეს გამაღიზიანებელი მეტალი, რომელიც ყველაზე მეტ რისკს წარმოადგენს.

კიდევ ერთ რამეს დავამატებ: ხშირად ხდება, რომ გარკვეული ბიჟუტერიის გამოყენების დროს კანს ფერი ეცვლება და მომწვანო ხდება. ეს სპილენძის დანამატის გამოა. ამ შემთხვევაში სპილენძის მხრივ ტოქსიკურობის პრობლემა ნაკლებია. უბრალოდ, კანი ფერს იცვლის. თუ გაღიზიანება, სიწითლე ან ტკივილი არ გვაქვს, რისკიც ნაკლებია.

თუმცა, რა თქმა უნდა, სამკაულის გამოყენება მაინც უნდა შევზღუდოთ. ყელსაბამს შედარებით ნაკლები შეხება აქვს კანთან და ხახუნის შედეგად გაღიზიანებაც იშვიათია. სამაჯურის შემთხვევაშიც რისკი ნაკლებია. მაგრამ იმ ადგილებში, სადაც გახვრეტა გვაქვს და შეწოვის რისკი შესაძლოა მაღალი იყოს, სასურველია, უფრო საიმედო სამკაული შევარჩიოთ.

- ანუ ყველაზე უსაფრთხო ამ შემთხვევაში ბროშია, რომელიც პირდაპირ კანზე არ არის მიმაგრებული და პრაქტიკულად მინიმალურია ამ კუთხით ზიანის რისკი.

- დიახ, რისკი ძალიან მინიმალურია, პრაქტიკულად, არ არსებობს.

- რადგან ბავშვები უფრო მაღალი რისკის ჯგუფში არიან, მათთვის განკუთვნილი სამკაულების შერჩევისასაც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. რომ შევაჯამოთ, რა რეკომენდაციები გექნებათ როგორც მშობლებისთვის, ისე უფროსებისთვის?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხშირად ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია სანდო არ არის, თუ კონკრეტულად არ ვიცით მწარმოებელი და რამდენად სანდოა ის.

შესაძლოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის შეძენა, თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც უნდა შევარჩიოთ ისეთი ბიჟუტერია, რომელიც ძალიან მძიმე არ იქნება. სიმძიმეც ერთ-ერთი რისკფაქტორია, რადგან შესაძლოა, სამკაულში ტყვიისა და კადმიუმის დანამატები იყოს.

როგორც აღვნიშნე, იმ ადგილებში, სადაც კანი ადვილად ზიანდება, ასეთი სამკაულების გამოყენება ნაკლებად სასურველია.

რაც შეეხება მშობლებს, ბავშვები, განსაკუთრებით პატარა ასაკში, ორიდან სამ წლამდე, გამოირჩევიან აქტიური ინტერესით სხვადასხვა ნივთის მიმართ. ისინი ჩვენს ნივთებს, მათ შორის ბიჟუტერიასაც, ხშირად იყენებენ სათამაშოდ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, პატარა ნაწილებიანი სამკაულები მაქსიმალურად უნდა შევინახოთ და ბავშვებს მოვარიდოთ.

თუ ბავშვმა შემთხვევით ბიჟუტერია გადაყლაპა, რა თქმა უნდა, სტაციონარში მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ნივთი ხანგრძლივად არ უნდა დარჩეს ორგანიზმში. არსებობს როგორც მექანიკური გაღიზიანების, ისე სასუნთქ გზებში მოხვედრის საფრთხე. კუჭში მოხვედრის შემთხვევაში კი, თუ ის ტყვიას ან კადმიუმს შეიცავს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ბავშვებს ბიჟუტერია, ისევე როგორც კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ქიმია.

ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად სანდო კომპანიაა, საიდანაც პროდუქტს ვყიდულობთ. შეძენისას ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

თუ კონკრეტული სამკაული ძალიან მოგვწონს და მაინც გადავწყვიტეთ მისი შეძენა, როგორც აღვნიშნე, სასურველია, შედარებით მსუბუქი იყოს. არ უნდა გავიკეთოთ ის გაღიზიანებულ ან დაზიანებულ კანზე და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მისი გამოყენება.

ერთჯერადი გამოყენებაც კი არ ნიშნავს, რომ ნიკელთან დაკავშირებული პრობლემა აუცილებლად არ შეგვექმნება. ნიკელი ალერგიულ რეაქციებს იწვევს და ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად გამოვლინდეს.

დანარჩენ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტული სამკაული ძალიან მოგვწონს, უმჯობესია, იშვიათად გამოვიყენოთ, რათა რისკები შევამციროთ.

როდის არ აქვს აზრი ტყვიაზე გამოკვლევას ბავშვებში და როდის არის ეს აუცილებელი - ეკა უბერის განმარტება
როგორ კოსმეტიკას არ უნდა იყენებდეს მოზარდი: თავის მოვლა საჭიროა, მაგრამ მოზარდის კანისთვის ყველაფერი დასაშვები არ არის