„იმდენი მწერთ თუ პირადში თუ სტატუსების კომენტარებში ამ ერთხელაც დავწერ ცოტა ვრცლად.
ყველის მარილწყალი (წათხი, სველი) — საოჯახო მოხმარებისთვის. წლების გამოცდილი ჩემი რეცეპტი ასეთია — კარგი მარილწყლის მოსამზადებლად საჭიროა წყალი, მარილი, შრატი და მცირე რაოდენობით კალცი (კალციუმის ქლორიდი).
მომზადება: წყალსა და მარილს ვადუღებთ 1:4 პროპორციით (მაგალითად, 4 ლიტრ წყალზე 1 კგ მარილი). ადუღებულ მარილწყალს გადავწურავთ, რათა მარილის მინარევები და ნალექი მოვაშოროთ. სრულად გავაგრილებთ. ვამატებთ ნახევარ ლიტრ სუფთა, პასტერიზებულ შრატს და 0,5 გ კალციუმის ქლორიდს (ამ რაოდენობისთვის). შაქარს მე არ ვამატებ. შრატს თავისი ბუნებრივი სიტკბო და შემადგენლობა აქვს, ამიტომ დამატებით შაქარს საჭიროდ არ მივიჩნევ. პროპორციები იზრდება მარილწყლის საჭირო რაოდენობის მიხედვით.
მარილწყლის მოვლა: შევინახოთ სუფთა, თავდახურულ მინის ან ემალის ჭურჭელში. ყველი მთლიანად უნდა იყოს დაფარული მარილწყლით. გამოვიყენოთ მხოლოდ სუფთა ხელსაწყოები. მე არ ვინახავ მაცივარში, მაგრამ წყალი სულ გაგრილებული მაქვს, ვყინავ წყალს ბოთლებში და შემოვუწყობ ირგვლივ. გარედან ცხადია დამატებითი დაბინძურების კერა, რომ არ წარმოიქმნას. სურვილის მიხედვით შეგიხლიათ შეინახოთ მაცივარში.
პერიოდულად შევამოწმოთ სუნი, ფერი და გამჭვირვალობა. თუ გაჩნდა ლორწო, ობი, გაზი ან არასასიამოვნო სუნი, მარილწყალი უნდა გადავაღვაროთ. და ახალი მოვამზადოთ. კარგი მარილწყალი უნდა იყოს სუფთა, ერთგვაროვანი, ნალექისა და უცხო მინარევების გარეშე.
და ბოლოს: პირადად მე, თუ ყველის რაოდენობა ამის საშუალებას მაძლევს, გარედან შემარილებას ვამჯობინებ. მარილწყალი ჩემი საყვარელი მეთოდი არ არის, თუმცა დიდი რაოდენობით ყველის შენახვისა და დამუშავებისას მისი სწორად მომზადება და მოვლა მნიშვნელოვანია.
ეს რეცეპტი საოჯახო პრაქტიკის აღწერაა და არა უნივერსალური სტანდარტი ყველა ყველისთვის.“ - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.