თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ავტომობილების მზარდი რაოდენობის გამო შეუძლებელია ქალაქის ქუჩების მუდმივად გაფართოება, შენობების დანგრევა და მწვანე სივრცეების შემცირება. მისი თქმით, საცობების პრობლემას მხოლოდ ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა ვერ მოაგვარებს. ამის ნაცვლად, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოძრაობის მართვის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს. კალაძემ მოქალაქეებს გააცნო დაგეგმილი სიახლეებიც, მათ შორის 200 ახალი ავტობუსის შეძენა, მეტროს 111 ახალი ვაგონის შემოყვანა, დიდი დიღომისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის პროექტი, „ჭკვიანი შუქნიშნების“ დანერგვა და ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეგმები.
"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობის გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის, ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, მნიშვნელოვანია საცობების შემცირება და გადაადგილების გაუმჯობესება, მოვაწესრიგოთ, განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და, როგორც გითხარით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენთვის," - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის განმარტებით, დედაქალაქში საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. თუ 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, 2026 წლის მეორე კვარტლისთვის მათი რაოდენობა 948 ათასამდე გაიზარდა. მერიის კამერების აღრიცხვის სისტემის მონაცემებით კი, დედაქალაქში ყოველდღიურად 900 ათასამდე უნიკალური ავტომობილი ფიქსირდება.
„ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობის გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის, ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ“, — განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება რჩება.
კალაძის ინფორმაციით, 2017 წლიდან თბილისში მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდა. ამჟამად ქალაქს 1059 ავტობუსი და 1000 მიკროავტობუსი ემსახურება. მერია დამატებით 200 ავტობუსის შეძენას გეგმავს.
„დღეს გვყავს 1059 თანამედროვე სტანდარტის ავტობუსი და 1000 მიკროავტობუსი. თუმცა, ეს, ცხადია, არ არის საკმარისი — ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ავტობუსების დამატება, ვგეგმავთ 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას, რაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან“, — აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელის ეტაპობრივი ჩამოყალიბება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი გახდეს.
მერიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მეტროს მოდერნიზაციაა. კალაძის განცხადებით, ჩინეთში უკვე შეკვეთილია 111 ახალი ვაგონი, რომელთა ნაწილიც დამზადებულია.
ახალი ვაგონებით 25 მატარებლის ჩანაცვლება იგეგმება. ამასთან, დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაციაც.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩინეთში შევისყიდეთ ახალი მეტროს ვაგონები, რომლის ნაწილი უკვე დამზადებულია — საერთო ჯამში 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება, უახლოეს მომავალში ჩამოვა თბილისში და მოემსახურება თბილისელებს“, — განაცხადა მერმა.
თბილისში ტრამვაის დაბრუნებაც იგეგმება. კალაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია პროექტის განხორციელების პროცესი, რომლის მიხედვითაც ტრამვაის ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
პროექტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემის განვითარების ნაწილია და მისი მიზანი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საცხოვრებელი რაიონის მეტროს ქსელთან დაკავშირებაა.
საცობების შემცირების ერთ-ერთ საშუალებად მერია შუქნიშნების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას განიხილავს.
კალაძის განცხადებით, უკვე შესყიდულია „ჭკვიანი შუქნიშნების“ პროექტი და მისი დანერგვა ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ახალი სისტემის მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მიხედვით განსაზღვროს, რომელ მიმართულებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი კონკრეტულ გზაჯვარედინზე.
„ჩვენ შევისყიდეთ ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი, რომლის დანერგვა მიმდინარეობს მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც გვეხმარება კონკრეტულ სიტუაციებში და კონკრეტულ გზაჯვარედინებზე შუქნიშნებმა თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ კონკრეტულ ნაკადს მისცენ პრიორიტეტი“, — განმარტა მერმა.
კალაძის თქმით, შუქნიშნების გაუქმება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს. პირიქით, მათი სწორად პროგრამირება და სინქრონიზაცია აუცილებელია მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობისთვის.
მერია მუშაობს კიდევ ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე — საქალაქო რკინიგზისა და დედაქალაქის შემოვლითი გზების პროექტებზე.
კალაძის ინფორმაციით, საქალაქო რკინიგზის დერეფანთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს თბილისის შემოვლითი გზების პროექტზე.
მერის განცხადებით, კვლევების შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობისა და მოსალოდნელი შედეგების შეფასება.
კალაძემ ასევე დააანონსა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობას უკავშირდება.
ამ ეტაპზე პროექტების კონკრეტული ადგილმდებარეობა და განხორციელების ვადები არ დასახელებულა. მერის განმარტებით, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები და დეტალები მათი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კვლევებზე არის გაშვებული. აქ საუბარია ხიდებზე, საუბარია კონკრეტული კვანძების მოწესრიგებაზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას, მას შემდეგ, რაც გვექნება კვლევის შედეგები“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა განმარტა, რატომ არ აპირებს მერია საცობების პრობლემის მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით მოგვარებას.
მისი თქმით, ასეთი პროექტები კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობას დროებით ამარტივებს, თუმცა ავტომობილების გაზრდილი ნაკადი ხშირად მომდევნო სატრანსპორტო კვანძზე ქმნის შეფერხებას.
მაგალითად, კალაძემ გმირთა მოედნის ესტაკადები და აღმაშენებლის ხეივანი დაასახელა.
„ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს, ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ მუდმივად მზარდ ავტომობილების რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ“, — აღნიშნა მან.
ამასთან, მერი არ გამორიცხავს ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობას იმ ადგილებში, სადაც მათი აუცილებლობა კვლევებით დადასტურდება.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, როგორ გავატაროთ ქალაქში უსასრულოდ მეტი ავტომობილი, არამედ იმაზე, როგორ გადავაადგილოთ მეტი ადამიანი სწრაფად და უსაფრთხოდ“, — განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძე გამოეხმაურა ავტობუსის ზოლების გამო მძღოლების უკმაყოფილებასაც. მისი განმარტებით, ავტობუსის ზოლების დანიშნულებაა, შეზღუდულ საგზაო სივრცეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ მერია არ მიიჩნევს ყველა განხორციელებულ ცვლილებას იდეალურად და კონკრეტული პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში გადაწყვეტილებების კორექტირებაც შესაძლებელია.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ცვლილება იდეალურია. სადაც კონკრეტული პრობლემა არსებობს, საჭიროა მისი შესწავლა, შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირებაც. ჩვენთვის მთავარია, ეს გადაწყვეტილებები რეალურად ემსახურებოდეს თბილისელებს“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერს საცობების შემცირების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება ხანგრძლივი პროცესია და მხოლოდ ერთი ახალი გზის, ავტობუსის ზოლის ან სატრანსპორტო პროექტის განხორციელებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
კალაძის თქმით, მერიის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის კერძო ავტომობილის რეალურ ალტერნატივად იქცეს.
„ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქემ აირჩიოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი — აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ მას, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება“, — განაცხადა თბილისის მერმა.