იცი, ვაგროვებ ხმელ ფოთლებს
და მერე მიყრიან..!
-- შეშლაა არა? -- არაფერიც,
-- ქარი გადაგვის
ქუჩის ბოლოსკენ...
ეს ფოთლებიც ჩემი ნიხრია,
ვარ უსაშველოდ
იაფი, და ძვირი ქადაგი...
ჩემი ნერვები, ნაშენები
ცივი ხელებით,
შვებას და დილით ამოსუნთქვას,
ვეღარ უძლებენ,
ფოთლების ხარბი,
ჭლექიანი ქარი ხველებით,
რომ გადამედო, ტკივილით
და კვნესით უძღები.
ვთიბავ გვირილებს, ცოტა ,,ჰო"
და ბევრი -- ,,არათი",
ყვავილებია, ავიწყდებათ
ბრიყვებს, შენი ხმა...
დღეს, უპასუხოდ, დამიბრუნდა
ყველა ბარათი
და ვერცერთ ბარათს ვერ შევბედე
ერთი შეკითხვაც.
ყველას ვიშორებ, ვინც ქარივით
ხმამაღალია...
ისევ, შეშლიდან
ჩურჩულამდე, ვრჩები, დაღლილი,
შენი თითებით მოქსოვილი
მყოფნის გალია
თუნდ, გარეთ, ღამე ახველებდეს
ძუკნა ძაღლივით.
დღეები ტანში იმტვრევიან,
ჩუმად ცვივიან,
მიდის გონი და დამაოკებს
ისევ მიწავე,
არაფერია, ღამეები,
უკვე, ცივია...
ვაგროვებ ფოთლებს, მიყრიან
და მერე, მიწვავენ.
აგვისტოს სიცხეს გადასტეხავს
ფერისცვალება,
ვსუნთქავ ქალაქის, უჰაერო,
ყვითელ იარებს,
ვნებდები შეშლას, არაფერი,
არ ღირს წვალებად...
და ერთადერთი შეშლილი ვარ
-- ვინც აღიარებს.