„დედას ძალიან დიდი ტკივილი ახსოვდა, მაგრამ მამაზე მხოლოდ კარგს მიყვებოდა“ - კონსტანტინე გამსახურდია მშობლების დაშორებისა და დედის შესახებ - მშობლები

„დედას ძალიან დიდი ტკივილი ახსოვდა, მაგრამ მამაზე მხოლოდ კარგს მიყვებოდა“ - კონსტანტინე გამსახურდია მშობლების დაშორებისა და დედის შესახებ

2026-11-18 10:31:19+04:00

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია მშობლების ურთიერთობაზე, მათ დაშორებასა და დედის განსაკუთრებულ როლზე SKA Media-ს პოდკასტში "ბაბუა წესების გარეშე" საუბრობს.

მისი თქმით, დედა მუსიკოსი იყო და ზვიად გამსახურდიას სწორედ მუსიკალურ წრეებში შეხვდა. იგი ახლოს იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებთანაც მისი მეუღლე ურთიერთობდა, ჩართული იყო მათ საქმიანობაში და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების მიმართ.

კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს, რომ სწორედ დედა ეხმარებოდა ბაბუის ლიტერატურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გააზრებაში. მისივე თქმით, დედას თავადაც ჰქონდა მწერლური ნიჭი, თუმცა ცხოვრებისეული სირთულეების გამო ამ გზას არ გაჰყოლია.

„დედაჩემი მუსიკოსი იყო. მათ გაიცნეს ერთმანეთი სწორედ მუსიკის სფეროდან, რამდენადაც მამაჩემიც ათწლედში იყო. დედაჩემი ძალიან ახლობლობდა გორგასლიანთან და რაღაცნაირად ჩართული იყო კიდეც მათ საქმიანობაში.

დედაჩემი ძალიან ღრმად იყო დაკავშირებული კონსტანტინეს შემოქმედებასთან და მე რომ მახსენდება, სწორედ ის მეხმარებოდა, ძალიან ღრმად რომ გამეგო ეს, რაღაცნაირად შინაგანად შევრწყმოდი ამ შემოქმედებას. დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მხრივ.

მას ჰქონდა მწერლური უნარიც, უბრალოდ არ გაჰყვა ამას. მას ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, დედა და მამა, 1973 წელს და, რა თქმა უნდა, ეს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო.

უბრალოდ, არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი მომენტები, რომ ფაქტობრივად რაღაც ისეთი დილემურობაა, რომელიც გადაულახავია და სამუდამოდ ასე დარჩება. ეს დილემურობა ვერ გადაილახება უბრალოდ...“ — იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია.

როგორც იგი აღნიშნავს, მშობლების დაშორების შემდეგ მათ შორის ახლო ურთიერთობა აღარ შენარჩუნებულა. მიუხედავად ამისა, დედა შვილთან ყოფილ მეუღლეზე მხოლოდ დადებითად საუბრობდა და მის შესახებ საინტერესო ამბებს უყვებოდა. კითხვაზე, შეინარჩუნეს თუ არა მათ ურთიერთობა, პასუხობს:

„არც იმდენად, სხვათა შორის, არა, ნაკლებად. მაგრამ, რა თქმა უნდა, დედის მხრიდან მასზე... მე პოზიტიურ რაღაცებს მიყვებოდა. აქედან ჩანს მისი ბუნება და მისი არსება, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ტკივილი ჰქონდა, ბუნებრივია, დიდი ტკივილი ახსოვდა, ის მე მხოლოდ კარგს მიყვებოდა მასზე.

და ბევრ საინტერესო მომენტს ისეთს, საიდანაც ჩანდა მამის, ასე ვთქვათ, ხასიათი და, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებულად ჰყვებოდა ხოლმე მერაბზე“, — ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

საუბრისას მას ასევე ჰკითხეს, შეინარჩუნა თუ არა დედამ ურთიერთობა მერაბ კოსტავასთან. როგორც კონსტანტინე გამსახურდია განმარტავს, მათ შორისაც ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა.

„მერაბთან... არც მერაბთან არ დარჩა, სხვათა შორის“, — აღნიშნავს იგი.

როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ კონსტანტინე გამსახურდიას შვილები ევროპაში: 12 წელი შვეიცარიაში ისე ვიცხოვრეთ, რომ პრაქტიკულად, საქართველოში ფეხი არ ჩამოგვიდგამს
ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულ ერთია - მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი... - კონსტანტინე გამსახურდია