იაფფასიანი საგაზეთო ბროშურებიდან მუზეუმის ექსპონატებამდე - როგორ აქცია TASCHEN-მა კომიქსები მაღალ ხელოვნებად - მშობლები

იაფფასიანი საგაზეთო ბროშურებიდან მუზეუმის ექსპონატებამდე - როგორ აქცია TASCHEN-მა კომიქსები მაღალ ხელოვნებად

2026-11-18 11:36:26+04:00
მე-20 საუკუნის დასაწყისში, კომიქსები ყოველდღიურ გაზეთებში იუმორისტულ ჩანართებად იბეჭდებოდა. 1930-იანი წლების ბოლოს კი, სუპერმენისა და ბეტმენის გამოჩენასთან ერთად, ამერიკული პოპკულტურის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. 1960-იან წლებში სტენ ლიმ, ჯეკ კირბიმ და სტივ დიტკომ ამ ჟანრში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მათ შექმნეს ადამიანური სისუსტეების მქონე გმირები, რომლებმაც კომიქსები ბავშვური გასართობიდან თანამედროვე მითოლოგიად აქცია.

უდიდესი კულტურული გავლენის მიუხედავად, კომიქსები ათწლეულების განმავლობაში იაფფასიან საგაზეთო ქაღალდზე იბეჭდებოდა, სანამ ლეგენდარული გერმანული გამომცემლობა TASCHEN-ი გამოჩნდა, რომელმაც კომიქსების ისტორიას ისეთივე მუზეუმის დონის პატივი მიაგო, როგორსაც რენესანსის ფერწერას, ან თანამედროვე არქიტექტურას უთმობს.

TASCHEN-ის Marvel Comics Library და Ultimate History სერიები გიგანტური, XXL ფორმატის ალბომებია, სადაც თითოეული გვერდი ორიგინალი ნახატის რეალურ ზომასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. გამომცემლობამ მოიძია პირველი გამოცემების იშვიათი ეგზემპლარები, მაღალი გარჩევადობით დაასკანერა თითოეული გვერდი და სპეციალურად შერჩეულ, არაპრიალა ქაღალდზე დაბეჭდა. შედეგად, წიგნის გადაშლისას ზუსტად ისეთივე ფერებს, შტრიხებსა და საბეჭდ ტექსტურას ხედავთ, როგორსაც 1960-იანი წლების მკითხველი ხედავდა.

წიგნებს თან ახლავს კომიქსების ისტორიკოსების ესეები, ავტორების ორიგინალი ჩანახატები, სცენარის ფრაგმენტები და იშვიათი ფოტომასალა. ეს არ არის უბრალოდ საკითხავი წიგნი - ეს არის საკოლექციო ნივთი, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს და ზრდის თავის ღირებულებას.

7 გამორჩეული გამოცემა TASCHEN-ის კოლექციიდან

1. The Marvel Age of Comics 1961–1978 (როი ტომასი)

ეს წიგნი იდეალური გზამკვლევია მათთვის, ვისაც Marvel-ის „ოქროს ხანის“ სრული სურათის დანახვა სურს. Marvel-ის ლეგენდარული რედაქტორი და სცენარისტი როი ტომასი დეტალურად გვიყვება, როგორ გადაიქცა პატარა გამომცემლობა გლობალურ ფენომენად. გამოცემაში თავმოყრილია ასობით იშვიათი ყდა, ორიგინალი ნახატი და კულისებს მიღმა არსებული ისტორიები სტენ ლისა და მისი გუნდის მუშაობის შესახებ.

2. Walt Disney’s Mickey Mouse. The Ultimate History (დევიდ გერშტეინი, ჯ.ბ. კაუფმანი)

მიკი მაუსის შექმნისა და ევოლუციის ყველაზე სრულყოფილი ვიზუალური მატიანეა. წიგნი მოიცავს პერიოდს 1928 წლის Steamboat Willie-დან დღემდე. აქ ნახავთ უოლტ დისნეის სტუდიის არქივებიდან ამოღებულ უნიკალურ კადრებს, პლაკატებს, კომიქსების სტრიპებსა და კონცეპტ-არტებს, რომლებიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

3. Marvel Comics Library. Spider-Man. Vol. 1: 1962–1964

წიგნი, რომლითაც სუპერგმირების ისტორია სამუდამოდ შეიცვალა. გამოცემაში სრულად არის შესული პიტერ პარკერის პირველი გამოჩენა (Amazing Fantasy #15) და The Amazing Spider-Man-ის პირველი 19 ნომერი. სტენ ლის იუმორი და სტივ დიტკოს უნიკალური, ოდნავ მისტიკური სტილი დიდ ფორმატზე სრულიად ახალი სიღრმით იშლება.

4. Marvel Comics Library. Avengers. Vol. 1: 1963–1965

როგორ შეიკრიბნენ დედამიწის უძლიერესი გმირები ერთ გუნდად. ამ ტომში გაერთიანებულია „შურისმაძიებლების“ პირველი 20 ნომერი, სადაც რკინის კაცი, თორი, ჰალკი, ენთ-მენი და ვოსპი პირველად უპირისპირდებიან ლოკის, ხოლო მეოთხე ნომერში გუნდს მეორე მსოფლიო ომის ყინულში გაყინული ლეგენდა - კაპიტანი ამერიკა უერთდება.

5. Marvel Comics Library. X-Men. Vol. 1: 1963–1966

პროფესორ ჩარლზ ქსავიერისა და მისი ახალგაზრდა მუტანტების პირველი ნაბიჯები. წიგნი მოიცავს X-Men-ის პირველ 21 გამოცემას, სადაც მაგნეტოსთან დაპირისპირების ფონზე იბადება მთავარი თემა, რომელმაც ეს სერია საკულტოდ აქცია - განსხვავებულობის მიღება და ბრძოლა თანასწორობისთვის.

6. Marvel Comics Library. Fantastic Four. Vol. 1: 1961–1963

წიგნი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 1961 წელს გამოსულმა Fantastic Four #1-მა საფუძველი ჩაუყარა მთელ თანამედროვე Marvel-ის სამყაროს. სტენ ლისა და ჯეკ კირბის დუეტმა შექმნა არა იდეალური გმირები, არამედ ოჯახი, რომელიც მუდმივად კამათობს, მაგრამ კოსმოსური საფრთხეების წინაშე ერთიანდება. გამოცემა მოიცავს სერიის პირველ 20 ნომერს.

7. Walt Disney’s Donald Duck: The Ultimate History (დევიდ გერშტეინი, ჯ.ბ. კაუფმანი)

მსოფლიოში ყველაზე ფიცხი, ქარიზმატული და კომიკური იხვის - დონალდ დაკის სრული ისტორია 1934 წლის დებიუტიდან დღემდე. მიკი მაუსისგან განსხვავებით, დონალდი თავიდანვე შეიქმნა როგორც ადამიანური სისუსტეებითა და ემოციებით სავსე ანტიგმირი, რამაც მას მილიონობით ადამიანის სიყვარული მოუტანა. წიგნში თავმოყრილია ასობით იშვიათი საარქივო ჩანახატი, სცენარის ფრაგმენტი, კინოაფიშა და კარლ ბარქსის საკულტო კომიქსების ისტორია, რომლებმაც დონალდი და მისი ოჯახი (მათ შორის ბიძია სკრუჯი) გლობალურ ფენომენად აქციეს.

R