ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია, ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროულ ამოცნობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ხველა, ნახველის გამოყოფა და მისი ფერის ცვლილება ის სიმპტომებია, რომელთა უგულებელყოფაც არ შეიძლება. პნევმონიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ართულებს ისიც, რომ მისი ნიშნები ხშირად ვირუსულ ინფექციას ჰგავს, გამომწვევი კი შესაძლოა იყოს ბაქტერია, ვირუსი ან სოკო.
დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე გადაცემაში "მარი მალაზონია - პირადი ექიმი" პულმონოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ვაჭარაძე საუბრობს.
- პნევმონია, რასაც ხალხში ფილტვების ანთებას უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მათ შორის საქართველოშიც. ერთი შეხედვით, თითქოს, დიდი ხნის წინ შესწავლილი დაავადება, დღეს იმ გართულებებისა და ხშირად სავალალო შედეგების ახალი გამოვლინებით გვევლინება, რომელთა წინაშეც ვდგავართ და რომლებიც მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.
რა არის ამის მიზეზი? მიზეზი დაავადებების ქრონიზაცია და ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებაა, რადგან დღეს იმ დილემის წინაშე ვდგავართ, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალი ანტიბაქტერიული საშუალება ფაქტობრივად არ შექმნილა. ამიტომ ის ინფექციური დაავადებები, რომლებიც თითქოს კონტროლირებადად ითვლებოდა, დღეს საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
ორიოდე სიტყვას პნევმონიების სტატისტიკაზეც ვიტყვი. სტატისტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი ავადობს რესპირაციული დაავადებებით და, კერძოდ, პნევმონიით. ეს დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ასთმის შემთხვევაში გვაქვს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლით სწორედ პნევმონია და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ლიდერობენ.
მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ორნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება, რომელთაგან დაახლოებით ერთი მილიონი ბავშვია. დაავადება ძალიან ვერაგია, რადგან მისი გამოვლენა ხშირად გვიანდება. ვინაიდან სიმპტომოკომპლექსი ძალიან ჰგავს სხვა რესპირაციული დაავადებების სიმპტომოკომპლექსს, მას ხშირად მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციად მიიჩნევენ.
ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება სწორედ პნევმონიაა, ისევე, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებების შემთხვევაში.
- უაღრესად საინტერესო თემაა. გამომდინარე იქიდან, რომ პნევმონიებმა სახე იცვალეს, კლასიფიკაციის მიხედვით ისინი შეგვიძლია, შემდეგნაირად დავყოთ: პირველი არის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება და მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდის ჰოსპიტალური პნევმონიები, რომლებიც თავისი სიმძიმით კიდევ უფრო მძიმეა. შემდეგ არის ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიები, რაც საზოგადოებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ვითარდება მექანიკურ ვენტილაციაზე დამოკიდებულ პაციენტებში, ანუ მათში, ვინც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამის შემდეგ მოდის ასპირაციული პნევმონია და იმუნოდეფიციტთან დაკავშირებული პნევმონიები.
- დიახ, რასაკვირველია. ამ შემთხვევაში გამოსავალიც საკმაოდ რთულია. ეს პაციენტები შემდეგ რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან და მათი მართვაც უფრო რთულია.
იმის მიხედვით, თუ რა სახის პნევმონია აქვს პაციენტს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5%-დან 35%-მდე მერყეობს.
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ პნევმონია ყოველთვის ბაქტერიულია და მას ანტიბიოტიკოთერაპიით ვმკურნალობთ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში, კოვიდ-19-თან დაკავშირებით, გამოჩნდა, რომ პნევმონიებს შორის უდიდესი როლი ვირუსულმა პნევმონიამ აიღო, რომლის მიმდინარეობა და მართვა ბაქტერიული პნევმონიებისგან რადიკალურად განსხვავდება.
გამოჩნდა სოკოვანი და ატიპიური პნევმონიებიც. სწორედ ეს არის ის მძიმე ტვირთი, რომელიც ბაქტერიულ პნევმონიებს დაემატა და დღეს საზოგადოებისთვის უდიდეს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან თითოეული მათგანის მართვა მაღალ პროფესიულ ცოდნასა და იმ გუნდურ მუშაობას მოითხოვს, რომელიც ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებებში აუცილებელია.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დაავადებების დიაგნოსტირება ხშირად გვიანდება, რადგან პაციენტები ექიმს მესამე, მეოთხე ან მეხუთე დღეს მიმართავენ ხოლმე - ფიქრობენ, რომ ეს ბანალური ვირუსული ინფექციაა. რეალურად, ვირუსული ინფექციების მეხუთე-მეშვიდე დღიდან პროცესი შეიძლება უკვე ბაქტერიულ ფლორაში გადავიდეს, რაც რადიკალურად განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს.
აქ მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს ბაქტერიული პნევმონიაა და ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, საკმარისი არ არის, ვინაიდან აუცილებლად უნდა ჩატარდეს მიღებული მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ბაქტერიოგრამა და შეირჩეს ანტიბაქტერიული პრეპარატების ის კომბინაცია, რომელიც ზუსტად სამიზნეზე იქნება მიმართული და მოცემულ პათოგენზე მიზანმიმართულად იმოქმედებს.
- როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 60-70% საზოგადოებაში შეძენილ, ანუ ჰოსპიტლისა და სტაციონარის გარეთ განვითარებულ პნევმონიებზე მოდის. ამ შემთხვევაში ისინი ამ გრადაციაში ხვდებიან, ამბულატორიულადაც ძალიან კარგად იმართებიან ან ჩვეულებრივ საპალატე რეჟიმს საჭიროებენ და გამოჯანმრთელების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია. ამას ვერ ვიტყვით ჰოსპიტალურ პნევმონიებზე.
ჰოსპიტალური ეწოდება ისეთ პნევმონიას, რომელიც პაციენტს სტაციონარში მოხვედრიდან 48 საათის შემდეგ უდგინდება. მიზეზი ძალიან ბევრია: იმუნოდეფიციტი, შიდა ინფექციები, ერთი დაავადების მეორეში ტრანსფორმაცია.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პნევმონიები და რესპირაციული დაავადებები დღეს ცალკე აღარ გამოიყოფა - უფრო ხშირად კარდიოპულმონურ დაავადებებზეა საუბარი. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იმდენად შეერწყა რესპირაციულ დაავადებებს, რომ დღეს ისინი ერთ დიდ კონგლომერატში განიხილება.
გამომდინარე აქედან, როდესაც პაციენტები სტაციონარში სხვადასხვა ჩივილის გამო ხვდებიან და არა რესპირაციული დაავადებით, ან თუნდაც ქრონიკული რესპირაციული პრობლემის - მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების გამო, რომელიც სუნთქვის უკმარისობით, ხველით, ქოშინითა და გულმკერდის ტკივილით გამოიხატება, შესაძლოა, შემდგომ იმუნოდეფიციტის ფონზე მეორადი ფილტვების ანთება განვითარდეს. სწორედ ეს არის ჰოსპიტალური პნევმონია.
მისი მართვა გაცილებით რთულია, ვიდრე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიისა. ამ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 5%-დან მკვეთრად იზრდება და დაახლოებით 15%-ს აღწევს.
- უპირველეს ყოვლისა, როდესაც რადიოლოგიური კვლევით ვადასტურებთ, რომ ფილტვის ქსოვილში, მის სტრუქტურასა და პარენქიმაში გვაქვს ინფილტრაცია ან სხვადასხვა დაჩრდილვა - აქ რენტგენოლოგიური კვლევა გვაქვს მხედველობაში, რადგან პნევმონიის დიაგნოზი საბოლოოდ მაინც რადიოლოგიური კვლევით დასტურდება.
რა აუსკულტაციური მონაცემებიც არ უნდა გვქონდეს - აუსკულტაცია კი, საზოგადოებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ფილტვების მოსმენას ნიშნავს - აუცილებელია, პნევმონიის დიაგნოზი რადიოლოგიურად დადასტურდეს. იქნება ეს რენტგენოლოგიური თუ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, ორივე რადიოლოგიური კვლევების ჯგუფში შედის.
ამიტომ აუცილებლად უნდა გვქონდეს რადიოლოგების დასტური, რომ სახეზეა ინფილტრაცია, კონსოლიდაცია, ანუ ჩრდილები და სასუნთქ გზებში არსებული არანორმალური მდგომარეობა, რომლებიც პნევმონიაზე მიუთითებს.
მაგრამ სწორედ აქ იწყება მეორე ფაზა: ამ ჩრდილების, დაჩრდილვის, ინფილტრაციისა და კონსოლიდაციის უკან შეიძლება გაცილებით მძიმე დაავადება იმალებოდეს, რომელიც პერიფოკალური ანთებითაა შენიღბული. პერიფოკალური ნიშნავს ძირითადი პრობლემის გარშემო ანთებითი კერის განვითარებას.
სწორედ აქ გვმართებს მაქსიმალური ყურადღება, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რათა პნევმონიის უკან არ იმალებოდეს ისეთი რთული დაავადება, როგორიცაა ონკოლოგიური პათოლოგია - პირველ რიგში, ფილტვის კიბო, რომლის ლოკალიზაციაც ძალიან ხშირად პნევმონიისთვის დამახასიათებელ ლოკალიზაციას ემთხვევა. ეს უფრო ფილტვის ქვედა წილებია, თუმცა პროცესი ხშირად ზედა წილებშიც გადადის.
მოგეხსენებათ, მარჯვენა ფილტვი ზედა, შუა და ქვედა წილებად იყოფა, ხოლო მარცხენა - ზედა და ქვედა წილებად. სწორედ ფილტვის ზედა ველებში შეიძლება იყოს ლოკალიზებული მეორე მნიშვნელოვანი და საგანგაშო დაავადება - ტუბერკულოზი. ამ შემთხვევაში მისი რადიოლოგიური ანთებითი მაჩვენებლები შეიძლება პნევმონიას ემთხვეოდეს.
ამიტომ საყურადღებოა, რომ პნევმონიის ლოკალიზაციის მიხედვით ეჭვი მივიტანოთ ამა თუ იმ დაავადებაზე ან შერწყმულ პათოლოგიაზე, როგორიცაა კიბო და პნევმონია, ტუბერკულოზი და პნევმონია, იდიოპათიური ან ფილტვების ინტერსტიციული დაავადება და პნევმონია, ან სხვა - ვირუსული პნევმონია, რომელიც შეიძლება ბაქტერიულში გადავიდეს, ან სოკოვან ინფექციასთან ასოცირებული სხვა ბაქტერიული ფლორა.
- თქვენი ეთერით ჩვენს საზოგადოებას მივმართავ: როგორც კი გამოჩნდება პირველი სიმპტომები - საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ხველა, ნახველის გამოყოფა და მისი ფერის შეცვლა - ეს არის პირველი საგანგაშო ნიშანი, როდესაც პაციენტმა პირად ექიმს უნდა მიმართოს.
აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რამდენად აუცილებელია პნევმონიის სწრაფად, მწვავე პროცესშივე განკურნება, ვინაიდან ქრონიზაციის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, გაცილებით მეტი ხარჯი და არაეფექტური მდგომარეობა დგება. შემდგომში გამოსავალი ძალიან მძიმდება, რადგან მაღალია ინვალიდობის მაჩვენებელი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღრმავდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც პაციენტს შესაძლოა მანამდეც ჰქონდა.
რატომ ხდება პროცესის ქრონიზაცია? უპირველეს ყოვლისა, ამას იწვევს იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადებები და ის ქრონიკული პათოლოგიები, რომლებიც არა მხოლოდ რესპირაციულ, არამედ სხვა სისტემებსაც ეხება - მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებს.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ოთახის განიავებასა და სპორტულ აქტივობებს. როდესაც ამ პროცესებს მოკლებულნი ვართ, ღრმავდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა და პროცესის ქრონიზაცია ვითარდება.
ხაზს ვუსვამ, რომ პნევმონიისა და ფილტვის სხვა ანთებითი მდგომარეობების მიმდინარეობას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ რისკჯგუფებში, როგორებიც არიან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადებების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ენდოკრინული სისტემის მძიმე ქრონიკული პათოლოგიების მქონე პირები. ასევე ონკოლოგიური პაციენტები და ადამიანები, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობენ ან ქიმიოთერაპიის კურსს გადიან.
სწორედ ეს არის ის დიდი ჯგუფი, სადაც პროცესის ქრონიზაციას უნდა ველოდოთ და სადაც მუდმივი მართვა გვმართებს, ვინაიდან ქრონიკული პროცესის განვითარება დამატებით ხარჯებს, ყურადღებასა და ინტენსიურ თერაპიას მოითხოვს.
ხშირად ბინაზე მოვლის სპეციალურ სამსახურებსაც ვხსნით, სადაც ექთნები და ექიმები კურირებენ სტაციონარიდან უკვე გაწერილ პაციენტებს, რომლებიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
- სიამოვნებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თემა, რომელიც თქვენ მიერ და ყველა სპეციალისტის მიერ გაჟღერდა და საკმაოდ აქტიურად შუქდება ჩვენს მასმედიაში - ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელსაც დღეს ალტერნატივა არ აქვს.
როდესაც 1928 წელს ალექსანდრე ფლემინგის მიერ პენიცილინი იქნა აღმოჩენილი და პირველი ანტიბიოტიკები გამოჩნდა, შეიცვალა შეხედულება და მთელი აქცენტი ანტიბიოტიკოთერაპიაზე გადავიდა.
დღეს, როდესაც ვითარდება ანტიბიოტიკორეზისტენტობა, გამძლეობა და პროცესების ქრონიზაცია, ჩვენ ვუბრუნდებით ჯანსაღი ცხოვრების წესს - იმას, რაც ბუნებამ გვაჩუქა და რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. ეს შეუფასებელი განძია და მას მაქსიმალური ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ეს გულისხმობს ჯანსაღ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, სპორტულ აქტივობებსა და რეგულარულ პროფილაქტიკურ, პრევენციულ ვიზიტებს ოჯახის და პირად ექიმებთან.
ეს პირველი. მეორე, რასაკვირველია, დაავადების დროული გამოვლენაა. როდესაც სახეზეა სიმპტომოკომპლექსი - საერთო სისუსტე, ოფლიანობა და ცხელება (განსაკუთრებით ტემპერატურული რეაქცია, რომელიც შეიძლება სუბფებრილიტეტიდან ჰექტიური ხასიათის მაღალ მაჩვენებლებამდე მერყეობდეს), ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
- დიახ. ვინაიდან რესპირაციული და არა მხოლოდ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, დიაგნოზები კი რადიკალურად განსხვავებულია, სულ უფრო ხშირად გვხვდება კომორბიდობა.
რას ნიშნავს კომორბიდობა? ეს არის რამდენიმე დაავადების ერთად შერწყმა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
როდესაც პირველი ვიზიტისას ექიმს აუსკულტაციურად ესმის, ან შეიძლება არც კი ესმოდეს, სასუნთქი სისტემიდან მომავალი პათოლოგიური ხმიანობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტული, რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები. ეს არის სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, რენტგენოლოგიური კვლევა და სხვა.
დიაგნოსტირების შედეგად დასმული დიაგნოზი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. აქაც უნდა ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რათა დადგინდეს, ეს ბაქტერიული პნევმონიაა, ვირუსული თუ სოკოვანი.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სოკოვანი პნევმონია უმძიმესად სამკურნალოა, ვინაიდან ალვეოლები ფილტვის უმცირეს ნაწილაკებს წარმოადგენს და პნევმონიის პირველი ნიშნები სწორედ იქ ვითარდება. ამ შემთხვევაში მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია.
დღეს ჩვენმა ექიმებმა რადიოლოგიური სურათითა და კლინიკური მიმდინარეობით ძალიან კარგად ისწავლეს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი თუ სხვა სახის პნევმონიების ერთმანეთისგან განსხვავება.
ხშირია პნევმონიით გართულებული ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც საერთოდ არ მიეკუთვნება ფილტვის ინფექციურ დაავადებებს - მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ასთმა. ისინი ობსტრუქციული პათოლოგიებია, თუმცა მათი გართულება უკვე ინფექციური დაავადებაა პნევმონიის სახით.