გადაცემა "ჩვენ ოჯახში" სტუმრობისას მომღერალმა მარიკა თხელიძემ, რომელიც 20-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერით და კლიპით დაუბრუნდა სცენას, ხმის სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრა:
- მქონდა სერიოზული პრობლემები ყელზე, ანუ ისეთი პრობლემები, რომ საერთოდ ხმა არ მქონდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდახმა მიწყდებოდა. რომ მეტყოდნენ: „აი, წაიმღერე“, ვერ ვაკეთებდი ამას. დავდიოდი ფონიატრ ირინა ქაცარავასთან, რომელსაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა... ირინამ როდესაც ჩამხედა ყელში, აღმოჩნდა კეთილთვისებიანი წანაზარდები, საკმაოდ ისეთი... ერთხელ მკურნალობას დაექვემდებარა და მაშინ გავიგიჟე თავი და ჩავრთე უიტნი ჰიუსტონის სიმღერები, გამოვცადე ჩემი თავი, ნამდვილად დამიბრუნდა თუ არა ეს ხმა, და ბოლო ხმაზე ვმღეროდი სახლში. ბოლომდე, მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. ისევ წავიდა ხმა, როგორც მოვიდა. მეორედაც რომ ვიმკურნალე, დიდად მკურნალობას აღარ დაექვემდებარა, ისევ ისეთი წანაზარდები იყო... ნუ, ერთხელ გამიქრა, მაგრამ მეორედ იმდენი იყო და ისეთი, ირინამ მითხრა, ოპერაცია იქნება საჭიროო, რაც ძალიან ცუდია მომღერლისთვის, არცთუ ისე კარგი. ეს არ არის რაღაცა განაჩენი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაკეთება და მას შემდეგ სიმღერაც, მაგრამ, მე არ მინდოდა. ყველანაირად ვთხოვე, რომ იქნებ ავერიდებინე ამ სიტუაციას. მოკლედ, რაღაცნაირად, მეორედ რომ აღარ დაექვემდებარა ეს ჩემი ყელი მკურნალობას, ხელი ჩავიქნიე, ვიფიქრე, რომ მორჩა, ეს იყო ჩემი ბოლო... და გამოვიტირე... ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, დეპრესიაში და ასე შემდეგ.
გავიდა დრო და წავედი მოსალოცად. გავიგე, რომ იყო წმინდა ნექტარიოსის სარტყელი ჩამობრძანებული. წავედი და დედაო იყო იქ და ვთხოვე, იქნებ ყელზე შემომეხვიოს-თქო. ასევე გავიგე მამა გაბრიელის სარტყელის შესახებ. ძალიან მალე იქაც წავედი, ციხისჯვართან არის პატარა ეკლესია, და მამა გაბრიელის სარტყელი ყელზე შემოვიხვიე... ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეკლესიურად ვცხოვრობდი, და მერე ძალიან დიდი დრო გავიდა, რომ აღარ იყო ასე და დავიწყე ისევ ეკლესიურად ცხოვრება, ზიარება... და აი ამ ყველაფერმა... მოკლედ, ამ ყველაფრის მერე მივდივარ ირინა ქაცარავასთან და ვეუბნები, რომ ალბათ საშინელება ხდება ისევ ჩემს ყელში და იქნებ ჩამხედო მაინც ყოველი შემთხვევისთვის-თქო. და რომ ჩამხედა, მითხრა: „მარიკა, არაფერი აღარ გაქვსო“. დაუჯერებელი რაღაცა, ანუ არაფერი აღარ გაქვსო და ვიფიქრე, რომ მომეჩვენა. გაქრაო რომ მითხრა, ვიფიქრე, რომ ეს ნუ, სასწაულია.
რაღაც მომენტში მიფიქრია, რომ ყველაფერი დამთავრდა. ზოგადად, როდესაც ძალიან პოპულარული ვიყავი, მაშინ სხვა დამოკიდებულება იყო, სხვა სიტუაცია იყო. მერე ძალიან შეიცვალა, ბევრი კონცერტიც აღარ ტარდებოდა... ახლა უფრო წამოვიდა ისევ ახალი სიმღერები, პრეზენტაციები... სხვათა შორის, წინა წელს ტურნე გვქონდა მომღერლებს და გაოცებულები ვიყავით — რეგიონებში ისე დაგვხვდნენ ადამიანები, თითქოს ისევ ის ძველი დრო დაბრუნდა, ისე გვხვდებოდნენ და გვხვდებიან, კონცერტებს რომ ვატარებთ ხოლმე. გულისწყვეტა მქონდა ძალიან დიდი, თუმცა, არ ვიცი, ალბათ ყველაფერს თავისი დრო სჭირდება, გამოცდილება სჭირდება ცხოვრებისეული, რამაც დღემდე მომიყვანა და გადამაწყვეტინა, რა თქმა უნდა, ჩემი ხმის დაბრუნებასთან ერთად, რომ ისევ დავბრუნებულიყავი.



