პროკურატურა მამის მკვლელი დები ხაჩატურიანების გამართლებას ითხოვს - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები - მშობლები

მამის მკვლელი დები ხაჩატურიანები შეიძლება გაამართლონ - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

2026-11-19 11:52:55+04:00

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის, დები ხაჩატურიანების ისტორიის, განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა. უწყების შეფასებით, დები მამის მკვლელობის დროს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდნენ და მათი ქმედებები თავდაცვის ფარგლებში უნდა შეფასდეს.

ეს განცხადება 2026 წლის 18 ნოემბერს, მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში, ერთ-ერთი დის, მარიას, ადვოკატის საჩივრის განხილვისას გაკეთდა. პროკურატურის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში გამოძიება დების ქმედებებს განზრახ მკვლელობად განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მათი მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებსაც იკვლევდნენ.

თუმცა, მიუხედავად პროკურატურის ასეთი პოზიციისა, დების წინააღმდეგ საქმე ამ ეტაპზე ოფიციალურად ჯერ არ შეწყვეტილა.

პროკურატურა: დები აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდნენ

18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა პირდაპირ განაცხადა, რომ დების ქმედებები აუცილებელ მოგერიებად უნდა შეფასდეს. პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, ამ საფუძვლით სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, ხოლო დების მიმართ მოქმედი აღკვეთის ღონისძიებები გაუქმდეს.

ამავე სხდომაზე პროკურორმა მკაცრად გააკრიტიკა საგამოძიებო ორგანო, რომელმაც, მისი შეფასებით, გამოძიება გაუმართლებლად გააჭიანურა და საბოლოო გადაწყვეტილება წლების განმავლობაში ვერ მიიღო.

„გამომძიებელი უხეშად არღვევს სისხლის სამართლის წარმოების გონივრულ ვადებს, საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებს, საქმეს პროკურატურას არ უგზავნის და მხოლოდ გამოძიების ვადას აგრძელებს“, — განაცხადა პროკურორმა.

სასამართლო მარიას ადვოკატის საჩივარს განიხილავდა, რომელიც გამოძიების გაჭიანურებასა და დებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე უარს ეხებოდა. სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები ნაწილობრივ გაიზიარა და გამომძიებლის მოქმედებები უკანონოდ შეაფასა.

18 ნოემბრის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.17 ნოემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დების ერთმანეთთან ურთიერთობის აკრძალვის საკითხზე გამოძიების უარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და შესაბამისი საკითხის ხელახლა განხილვა მოითხოვა.სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გამოძიებას სასამართლოსთვის საქმის მასალები სათანადოდ არ ჰქონდა წარდგენილი და წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების რეალური მდგომარეობა სათანადოდ არ იყო განმარტებული.

  • აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ბუტირსკის რაიონულმა სასამართლომ 2025 წელს მიხეილ ხაჩატურიანი, რომელიც 2018 წელს საკუთარმა ქალიშვილებმა მოკლეს, სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ ცნო ქალიშვილების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, პორნოგრაფიული მასალების დამზადებასა და გავრცელებაში, ასევე ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის განზრახ მიყენებაში. საქმე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ ხაჩატურიანი ქალიშვილებზე ძალადობდა.

მის წინააღმდეგ წარმოება გარდაცვალების გამო შეწყდა, თუმცა სასამართლომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა.ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დების დაცვისთვის, რადგან წლების განმავლობაში მათი მთავარი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.

მიუხედავად ამისა, მამის წინააღმდეგ საქმის დასრულებამ ქალიშვილების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ავტომატურად არ შეწყვიტა.

original-1-1795075094.webp

როგორ დაიწყო საქმე?

ტრაგედია 2018 წლის 27 ივლისს, მოსკოვში, ალტუფიევსკის გზატკეცილზე მდებარე ბინაში მოხდა.კრისტინამ, ანგელინამ და მარიამ მამას, მიხეილ ხაჩატურიანს, დანითა და სხვა საგნებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს. მკვლელობის დროს დები 19, 18 და 17 წლის იყვნენ.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა მათი ქმედება ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ მკვლელობად შეაფასეს. დები დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიება შემსუბუქდა და გარკვეული მოქმედებები აეკრძალათ.

გამოძიების განმავლობაში თანდათან გამოიკვეთა მძიმე გარემოებები, რომლებიც მიხეილ ხაჩატურიანის მხრიდან ქალიშვილების მიმართ ხანგრძლივ ძალადობას უკავშირდებოდა. 2021 წელს დები მამის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში დაზარალებულებად ცნეს.

2026 წლის იანვარში დების წინააღმდეგ გამოძიება კვლავ განახლდა, რათა საბოლოოდ გარკვეულიყო, მოქმედებდნენ თუ არა ისინი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

საქმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წინააღმდეგობრივი გარემოება დებისთვის დაწესებული შეზღუდვებია.მიუხედავად იმისა, რომ ისინი წლების განმავლობაში აღარ იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათი თავისუფლება სრულად აღდგენილი არ არის.მათ სხვადასხვა ეტაპზე შეეზღუდათ ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა, ერთმანეთთან ურთიერთობა და მედიასთან კომუნიკაცია. ასევე მოქმედებდა სხვა შეზღუდვები.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც მათი მამის მიმართ სასამართლომ ძალადობის ფაქტები დაადასტურა, ხოლო გამოძიება თავად დების წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში ვერ იღებს.

საქმის მასალების მიხედვით, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მარიას მიმართ დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაც უნდა მოხდეს.

გამოძიების ვადა 2026 წლის 26 დეკემბრამდეა გაგრძელებული.ეს ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა დების საქმისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.ადვოკატების შეფასებით, სასამართლოს მიერ გამოძიების დარღვევების აღიარებისა და გენერალური პროკურატურის ახალი პოზიციის შემდეგ არსებობს საფუძველი, რომ წლის ბოლომდე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება დების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პროკურატურის მოთხოვნა თავისთავად არ ნიშნავს, რომ დები უკვე გამართლდნენ ან მათი საქმე ოფიციალურად დაიხურა. საბოლოო პროცესუალური გადაწყვეტილება გამოძიებამ უნდა მიიღოს.

  • დები ხაჩატურიანების ისტორია წლების განმავლობაში გაცდა ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და იქცა საზოგადოებრივი დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ამ ისტორიამ წამოჭრა კითხვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი საზღვრებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ.

2026 წლის 26 დეკემბერი შესაძლოა ის თარიღი აღმოჩნდეს, როდესაც კესტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანების რვაწლიანი სამართლებრივი ბრძოლა საბოლოოდ დასრულდება.

მოკლული მიხეილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნეს ქალიშვილებზე ძალადობასა და პორნოგრაფიის დამზადებაში... - მამის მკვლელი დები შეიძლება გაამართლონ
როგორ ცხოვრობენ მამის მკვლელი დები ხაჩატურიანები, საბოლოო განაჩენის მოლოდინში - მათ ერთმანეთი წელიწად-ნახევარია, არ უნახავთ... ერთს საქმრო ჰყავს, მეორე სწავლობს...