"დღეს წამოვიდა ასეთი ტრენდი, რომ შენიშვნა არ უნდა უთხრა ბავშვს... ოდესმე აუცილებლად მოგიბრუნდებათ და გეტყვით: "სად იყავი მაშინ, როდესაც მე ამას ვაკეთებდი? რატომ არ გამაჩერე" - მარინა კაჭარავა აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე - მშობლები

"დღეს წამოვიდა ასეთი ტრენდი, რომ შენიშვნა არ უნდა უთხრა ბავშვს... ოდესმე აუცილებლად მოგიბრუნდებათ და გეტყვით: "სად იყავი მაშინ, როდესაც მე ამას ვაკეთებდი? რატომ არ გამაჩერე" - მარინა კაჭარავა აღზრდაში დაშვებულ შეცდომებზე

2026-11-19 21:17:46+04:00

სად გადის ზღვარი ბავშვის პიროვნების პატივისცემასა და მშობლის პასუხისმგებლობას შორის, რატომ არის აუცილებელი ასაკის შესაბამისი საზღვრების დაწესება და რა შეიძლება მოჰყვეს აღზრდაში დაშვებულ უკიდურესობებს - ამ საკითხებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა საუბრობს.

- მშობელი ძალიან იბნევა და ეშინია. ეშინია, რომ რამე არ შეეშალოს და ამის გამო ჩვენ, მშობლები, მოზარდებთან ცოტა არაადეკვატურები ვხვდებით. ხშირად მოზარდებს უთქვამთ, რომ რაც გასაბრაზებელია და ველოდები, რომ გამიბრაზდებიან, იმაზე არ მიბრაზდებიან, ხოლო რაღაც წვრილმანზე ისეთ ამბავს დამაწევენ, რომ ვერ ვხვდებითო. თითქოს, ტვინი კოგნიტურ შეცდომას უშვებს. ვერ ხვდება, რა დააშავა ამ მომენტში და როცა ეგონა, რომ დააშავა, მაშინ მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს რეაქცია იმიტომ არ იყო, რომ მშობელს ეშინოდა. როცა დააშავა, მაშინ შეეშინდა, ხოლო როცა წვრილმანია, მაშინ უფრო დიდი გულით ედავება და ეჩხუბება. ​რისი ეშინია მშობელს? ეშინია, რომ მოზარდი უკიდურეს თვითდაზიანებაზე არ წავიდეს მაშინ, როდესაც მასთან წინააღმდეგობაში შედის. ჩვენ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. თუ ნებისმიერ ასაკში იყო მკაცრი დისციპლინა, მოთხოვნები და ჩარჩოები, დღეს ეს თავისუფლების შეზღუდვად ჩათვალეს. წამოვიდა ასეთი ტრენდი, რომ შენიშვნა არ უნდა უთხრა. ბავშვი ისე უნდა გაიზარდოს, რომ შენიშვნა არ უთხრა.

უკვე ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ის სამყაროში უსუსურია. ის, რომ ჩვენ მას შენიშვნას არ ვაძლევთ... შენიშვნის თქმაზეც კი არ არის საქმე. როგორ ეტყვი და რას ეუბნები, ერთია შინაარსი და ფორმა მეორეა. თუ საერთოდ ვერ ეუბნები და არ ეუბნები იმიტომ, რომ თავისუფალია, ბავშვია და რა მოხდა მერე, ცეცხლი წაუკიდოს ან რაღაც გააკეთოს - განსაკუთრებით უზრდელობაზე, როდესაც ეს წითელი ხაზები არ არის… უსაფრთხოებაზე უფრო ჩასაფრებულები ვართ, ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, მაგრამ მორალური და იგივე ძალიან მნიშვნელოვანი უფროს-უმცროსთან ურთიერთობა… აქ ეს ხაზები როდესაც გადაიკვეთება, მერე ძალიან რთულია სამყაროში ადაპტირება, იმიტომ რომ დიდ სამყაროში გავა და აღმოჩნდება, რომ არანაირი რესურსი არა აქვს, თავი დაიმკვიდროს იქ, სადაც მას ეწინააღმდეგებიან და სადაც ურთიერთობებს ამყარებს. სამყარო არასდროს მოგერგება შენ, ეს ფაქტია. სერფინგს, რასაც ადამიანი ცხოვრებაში სწავლობს, ხშირ შემთხვევაში კრიზისების გადალახვის ხარჯზე სწავლობს. ზოგადად, თავისუფლება აკრძალვებზე დგას. სადაც არაფერი არ არის აკრძალული, იქ თავისუფლებას რაში გამოიყენებ?

თავისუფლება აუცილებლად შინაგანი მდგომარეობაა და არჩევანის უფლება და საშუალება, რომელიც ღმერთმა მოგვცა. ვერც მისცემ და ვერც წაართმევ ადამიანს. ადამიანი თავისუფალი ციხეშიცაა და დამოკიდებული და მონა - გარეთაც. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ერთი შეხედვით, ცოტა განსხვავდება დამოუკიდებლობისგან. ეს რომ თავისუფალი და უკომპლექსო გაიზარდოს, ჩვენ რომ გვინდა, ასეთი გაიზარდოს, საბოლოო ჯამში შეიძლება, გამოუვიდეს, რომ უზრდელობაშია გადასული. დაკომპლექსებულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომპლექსი დაფარულ შინაარსებზე ძალიან მძაფრი რეაქციაა. ეს შინაარსები მას, ბუნებრივია, აქვს. ის მისთვის გააზრებული არ არის. ჩვენგან მიცემული თავისუფლების დატევა არ შეუძლია. ვერ დაიტევს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იმაზე მეტს ვერ იღებს, ვიდრე მის ასაკს შეუძლია. აუცილებლად მოგიბრუნდებათ და გეტყვით, რომ სად იყავი შენ მაშინ, როდესაც მე ამას ვაკეთებდი? რატომ არ გამაჩერე, რატომ არ მითხარი, რატომ მენდე? ეს მშობლისთვის მერე ძალიან მტკივნეულია.

ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს აღზრდის ორ საპირისპირო მიდგომაზე: ერთ შემთხვევაში მშობელი შვილის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს და საკუთარ სურვილებს ახვევს თავს, მეორე შემთხვევაში კი მას ყოველგვარი შეზღუდვისა და პასუხისმგებლობის გარეშე მოქმედების საშუალებას აძლევს.

​- ერთი უკიდურესობა არის ის, რომ მე შენ პიროვნებად არ განგიხილავ. შენ ჩემი შვილი ხარ, რასაც ვიტყვი, იმას უნდა გაჰყვე. მე რაც მინდა, ის პროფესია უნდა აირჩიო. ანუ შენ მაგივრად ვცხოვრობ, რაც ჩემს ცხოვრებაში ვერ გავაკეთე, მინდა შენით გავაკეთო. ეს ერთი უკიდურესობაა. მეორე უკიდურესობა კი ის არის, რომ ბურთი და მოედანია, რაც გინდა, აკეთე. შესაბამისად, სად გადის აქ ზღვარი, ამის დაჭერა ძნელია და ეს ნებისმიერ ასაკში გვიჭირს, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. ადამიანს ოთხი და ათი შვილიც რომ ჰყავდეს, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს, იცის, რომ ზოგჯერ თითქოს აბსოლუტურად არ ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. ეს სხვა მიდგომა დანარჩენი შვილებისთვის ისე განიხილება, თითქოს, ის უფრო გიყვარს, ვიდრე მე. ისედაც, რიგითობის მიხედვით ადამიანებს თავისი პრობლემები აქვთ. უფროსს თავისი აქვს, უმცროსს თავისი, შუათანას კიდევ თავისი აქვს. ეს ადგილის მიხედვითაც აქვს. მშობელსაც იქ უფრო ეშინია - პირველზე, მეორეზე ნაკლებად, მესამე რევოლუციონერი გამოდის, აყირავებს.

ეს ისედაც ასე ხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემს აზრს ვიტყვი - ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ მეტრი არ ვარ და თვითონ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ბევრი შეცდომა მომხვდა ცხვირში და კიდევ მომხვდება ალბათ ჩემი შვილებისგანაც და სამყაროსგანაც, უფლებაც არა მაქვს, ვინმეს რამე ვასწავლო. უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, როგორც მე მინდოდა მომქცეოდნენ, ანუ მოესმინათ, ჩემი აზრისთვის პატივი ეცათ და აეხსნათ, რა არის სწორი და რა არ არის სწორი. სივრცეც მოეცათ ჩემთვის, რომ დავფიქრებულიყავი, მერე გამერკვია და გადაწყვეტილება მიმეღო. აი, ეს სივრცე ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ. მოზარდი კი არა, სამი წლის ბავშვიც ჩვეულებრივ სრულყოფილი ადამიანია, პიროვნებაა თავისი მოცემულობით. როდესაც მას ესაუბრები, ანუ მე შენ პატივს გცემ, შენი აზრი მაინტერესებს, შენს საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს. ის კი არა, რომ მე რა გავაკეთო და რა ვჭამო, იმას გეკითხები, ან რა ჩავიცვა. არა, შენ რაც გეხება, იქ იმას შენთან ვათანხმებ. არის რაღაცები, რაც არ განიხილება. მაგალითად, დღეს ძალიან მოდური გახდა - "არ მინდა სკოლაში". ამ განხილვაში თუ შეხვედი, ესე იგი შეიძლება, რომ არ წავიდე და არ წავალ. ეს არ განიხილება. ზრდილობა არ განიხილება, მორალური საკითხები არ განიხილება. "არ განიხილებაში" იმას ვგულისხმობ, რომ აქ სიმკაცრეა საჭირო. მაგალითად, ფანჯარაზე რომ ავა და გადასავარდნია, ხომ არ დაიწყებს საუბარს, "ხომ არ დაფიქრდებოდი, რომ ფანჯრიდან ჩამოხვიდე". ხელს მოკიდებ და ჩამოსვამ. ზოგჯერ ასეთი რამ არის საჭირო.