საქართველოში ამინდი გაუარესდა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზოგან ელჭექი და სეტყვა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვა და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში უამინდობა 23 ნოემბრამდე გაგრძელდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ძლიერი ნალექი ძირითადად 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდეა მოსალოდნელი.
21 ნოემბერი, შაბათი: დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოშიც დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვა.
22 ნოემბერი, კვირა: უამინდობა კვლავ შენარჩუნდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა. მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. ქარის სიჩქარემ ცალკეულ რაიონებში შესაძლოა 17–22 მ/წმ-ს მიაღწიოს. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 4–5-ბალიანი შტორმი.
23 ნოემბერი, ორშაბათი: დასავლეთ საქართველოში ღამით კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში — თოვა, თუმცა დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. შესაბამისად, ამინდის გაუმჯობესება კვირის დასაწყისიდან დაიწყება.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, საერთაშორისო მეტეოროლოგიური სერვისების ათდღიანი მონაცემების მიხედვით, შედარებით ხანმოკლე გამოდარების შემდეგ, 24–26 ნოემბერს ქვეყნის ნაწილში ამინდი ისევ გაუარესდება.
თბილისში დღის ტემპერატურა დაახლოებით +10 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება. 26 ნოემბერს ტემპერატურა კიდევ უფრო შემცირდება და დაახლოებით +8 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოშიც ნალექიანი და შედარებით ცივი ამინდია ნავარაუდევი. ქუთაისში 25 ნოემბერს ტემპერატურა დაახლოებით +10 გრადუსამდე, 26 ნოემბერს კი +8 გრადუსამდე დაიკლებს.
ბათუმში 25 ნოემბერს დღის ტემპერატურა დაახლოებით +13 გრადუსი იქნება, 26 ნოემბერს კი +10 გრადუსამდე შემცირდება.
პროგნოზის მიხედვით, 27–29 ნოემბერს ამინდის გაუმჯობესების ტენდენცია გამოიკვეთება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა გამოდარებას ყველგან დათბობა არ მოჰყვება.
თბილისში 27 ნოემბრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 27 ნოემბერს დღის ტემპერატურა +9 გრადუსამდე მოიმატებს, 28–29 ნოემბერს კი +11 გრადუსი იქნება. ღამით ტემპერატურა +1+5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 30 ნოემბერს დედაქალაქში კვლავ უნალექო, მაგრამ შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება.
კახეთში, კერძოდ, თელავში, 27–29 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღის ტემპერატურა +8 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი ზოგან ყინვაც არის მოსალოდნელი. 30 ნოემბერს დღის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიკლებს.
შიდა ქართლშიც 27–29 ნოემბერს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გორში დღის ტემპერატურა +8+9 გრადუსი იქნება, ღამით კი შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ამინდი შედარებით თბილი იქნება, თუმცა ცვალებადი. ქუთაისში 27–29 ნოემბერს დღის ტემპერატურა დაახლოებით +14+16 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ბათუმში კი +16+18 გრადუსია მოსალოდნელი. 30 ნოემბერს აჭარის სანაპიროზე კვლავ გაწვიმდება და ტემპერატურა დაახლოებით +13 გრადუსამდე დაიკლებს.