ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, რომელიც ჯანსაღი კვების რაციონში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. ავოკადო შეიცავს უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას და სისხლში შაქრის დონის კონტროლს. მასში ასევე გვხვდება კალიუმი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინები E, K და B ჯგუფის ვიტამინები. ავოკადოში არსებული ლუთეინი და ზეაქსანტინი კი თვალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებია.
თუმცა ავოკადოს ერთი თავისებურება აქვს - გაჭრის შემდეგ მისი ზედაპირი საკმაოდ სწრაფად შავდება. ხშირად ნახევარი ავოკადოს გამოყენების შემდეგ დარჩენილ ნაწილს მაცივარში ვინახავთ, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩენთ, რომ მას ფერი შეცვლილი აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პროდუქტი გაფუჭდა და როგორ შეიძლება მისი სიჯანსაღისა და გემოვნური თვისებების უფრო დიდხანს შენარჩუნება?
ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საუბრობს და მარტივ, პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს.

„ხშირად გვინახავს, რომ დაჭრილ ავოკადოს ზედაპირი უშავდება. ეს ჟანგვის პროცესია, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა და ხდება მაშინ, როდესაც ავოკადოს გავჭრით.
იმისათვის, რომ ავოკადო მალე არ გაფუჭდეს, ერთ-ერთი მეთოდია, გაჭრის შემდეგ შიგნით მოთავსებული კურკა არ ამოვაცალოთ და ამით შენახვის პროცესი გავუხანგრძლივოთ.
ასევე ერთ-ერთი მეთოდია, გაჭრილ ზედაპირზე ლიმონის წვენი გადავუსვათ, რომელიც შეაფერხებს დაჟანგვის პროცესს, და ავოკადო მაცივარში შევინახოთ.
ასეთ პირობებში შენახული ავოკადო დაახლოებით სამი-ოთხი დღის განმავლობაში იქნება საკვებად ვარგისი“, — განმარტავს ირაკლი არაბული.