რა ხდება როდესაც სარეცხს სახლში ვაშრობთ, რამდენად საშიშია კედლებზე, ფანჯრებთან ან ავეჯის უკან გაჩენილი სოკო ან ობი და რა უნდა ვიცოდეთ ქიმიური საშუალებების უსაფრთხოებაზე - ტოქსიკოლოგი საუბრობს - მშობლები

რა ხდება როდესაც სარეცხს სახლში ვაშრობთ, რამდენად საშიშია კედლებზე, ფანჯრებთან ან ავეჯის უკან გაჩენილი სოკო ან ობი და რა უნდა ვიცოდეთ ქიმიური საშუალებების უსაფრთხოებაზე - ტოქსიკოლოგი საუბრობს

2026-11-24 11:50:32+04:00

სახლში ჩუმი საფრთხეები არსებობს და ის გარემო, რომელიც, წესით, ყველაზე დაცული უნდა იყოს, ხშირად ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. რა არის პირველი ასეთი გამოწვევა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცის სწორად დასუფთავებას და რა საფრთხეებს შეიცავს სახლში სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენება - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" კლინიკური ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე, საუბრობს:

- მიზეზი უამრავია და საფრთხე შეიძლება იყოს როგორც ბიოლოგიური, ისე ქიმიური. დავიწყოთ იმით, თუ რატომ შეიძლება დაგვჭირდეს კონკრეტული ზომების მიღება და როგორ შეგვიძლია თავადვე გავზარდოთ ზიანი. ბუნებაში ეს პრობლემა ცალსახად არსებობს და გარემოც ხელს უწყობს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს ან რომელიმე საწარმო მუშაობს, რომელსაც გამონაბოლქვი და გამონაყოფი აქვს. მოგეხსენებათ, ერთგვარ რისკს ავტომობილებიც წარმოადგენენ. ზამთარში გათბობაა ჩართული, ცენტრალური გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი გარეთ გამოდის და თითოეულ ბინას შეიძლება უამრავი ასეთი წყარო ჰქონდეს, რაც შემდეგ უკან გვიბრუნდება. ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა არც სუნი იგრძნობა და ვერც ფერს აღვიქვამთ. შესაძლებელია, მწვავე პერიოდში ამან რაიმე ჩივილი ან სიმპტომი არ გამოიწვიოს, მაგრამ მათი ქრონიკული ექსპოზიცია და ჩვენს ორგანიზმში ხანგრძლივი მოხვედრა, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უამრავ პრობლემას გამოიწვევს.

- რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც აცივდება და გათბობას ვრთავთ? გათბობაზე არსებული მტვერიც ხომ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

- მოგეხსენებათ, სივრცე ღიაა თუ დახურული, მტვრის ალბათობა მაინც ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, როგორც ვახსენე, დიდ ქალაქებში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამონაყოფები ახლად შეტანილ და ახლად დამზადებულ ავეჯსაც აქვს, ხოლო ახლად შეღებილი კედლიდან უამრავი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ის ვადები, რომლებიც გარკვეული პერიოდის გასვლას გულისხმობს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ როდესაც რემონტს ვაკეთებთ, იქვე ვცხოვრობთ, რაც გარკვეულ რისკს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულებისთვის. საღებავები კარგად უნდა გამოშრეს, რათა შემდგომში აორთქლება არ მოხდეს. ესეც სერიოზული პრობლემაა.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაიმე ქიმიურ ნივთიერებას ვიყენებთ, მის ეტიკეტზე აუცილებლად იქნება მითითებული შესაბამისი ვადები. არსებობს საღებავი, რომელიც შიდა ფასადისთვის გამოიყენება და საღებავი, რომელიც გარე სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ესეც არ უნდა ავურიოთ. ეტიკეტზე ხშირად 24 ან 72 საათია მითითებული და ეს ვადები შრობისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუკი საღებავს ზამთრის პერიოდში ან ცივ ამინდში ვიყენებთ, როდესაც შრობა ისე ინტენსიურად არ მიმდინარეობს, ტემპერატურასაც უნდა დავაკვირდეთ. თუ მითითებულია 24 ან 72 საათი, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ტემპერატურაზე უნდა მიმდინარეობდეს შრობის პროცესი, რათა შემდეგ გარემო ჩვენთვის უსაფრთხო იყოს და დახურულ სივრცეში ღამით მშვიდად დავიძინოთ.

- ეს უსაფრთხო გარემო მხოლოდ განიავებით იქმნება, თუ როდესაც ეტიკეტზე დატანილია, რომ 72 საათის შემდეგ ესა თუ ის ქიმიური საშუალება უსაფრთხოა, დახურულ გარემოშიც შესაძლებელია ბაქტერიების განადგურება?

- მე ამ ეტაპზე ვსაუბრობ იმ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ორთქლდება და შემდგომში ჩვენს ორგანიზმში ხვდება. ეს უამრავი ქიმიური ნაერთია, მათ შორის ბევრი არა მარტო ტოქსიკანტი, არამედ კანცეროგენიცაა, რომლის ქრონიკული ექსპოზიციაც რისკს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ორგანიზმზე ხანგრძლივი ზემოქმედება არ ჰქონდეს იმ აქროლად ნივთიერებებს, რომლებსაც საღებავი შეიცავს - იქნება ეს მძიმე მეტალი, ქლორის შემცველი ნაერთი თუ ფორმალდეჰიდი. რაც შეეხება მტვერს, აუცილებელია მისი სველი წესით დასუფთავება. მნიშვნელობა იმასაც აქვს, თუ საიდან მოდის ეს მტვერი. თუ კედლიდან ჩამონაფხეკია, შესაძლებელია, ბინაში სამშენებლო მტვერიც მოხვდეს, როგორც შიდა, ისე გარე მხრიდან. როდესაც გარემო ძალიან მშრალია, ეს მტვერი ჩვენს სასუნთქ გზებში ხანგრძლივად აღწევს. შესაძლოა, თავად ინერტული ნაერთი იყოს, მაგრამ სასუნთქი გზების გაღიზიანებას შეუწყოს ხელი. შედეგად, ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ისედაც არსებობს ან გარემოდან ხვდება, ადვილად იჭრება ორგანიზმში და ანთებით პროცესს იწვევს, რის გამოც შემდეგ უამრავი მედიკამენტი შეიძლება დაგვჭირდეს.

- ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ - მაგალითად, ბინაში სარეცხის გაშრობაზე ან კონდიციონერის დაბინძურებულ ფილტრებზე. კიდევ სად იმალება ჩვენს ოჯახებში მსგავსი ჩუმი საფრთხეები?

- კონდიციონერშიც უამრავი მტვერი და ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს, ხოლო სახლში სარეცხის გაშრობა ნესტის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუკი სივრცეს კარგად არ ვანიავებთ, ბინაში გამართული გასანიავებელი სისტემა არ გვაქვს (რასაც დაგეგმარებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს) და შრობისთვის კონკრეტული ოთახი არაა გათვალისწინებული, ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა. ამას ემატება გათბობის ჩართვა ან წყლის მილი, რომელიც შესაძლოა მუდმივად ჟონავდეს და ნესტს უწყობდეს ხელს. ნესტი კი უფრო მეტად ხილვადია და განსაკუთრებით სამზარეულოს ფილებსა და აბაზანაში სოკოს გაჩენას იწვევს.

- საკვების ხანგრძლივად მომზადებაც კი იწვევს ამას...

- დიახ, თუ საკვების მომზადებას ხანგრძლივი ხარშვა და დუღილი სჭირდება, აუცილებელია გამწოვი იყოს ჩართული, რათა ორთქლი არ დაგროვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პერიოდში ფანჯრის გაღებით მაინც უნდა გავანიავოთ ოთახი, რომ ხანგრძლივად არ დარჩეს ნესტი, რომელიც სხვადასხვა ბაქტერიის გამრავლებას უწყობს ხელს. სოკო კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ბუნებრივია, მის მოსაცილებლად სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებას ვიწყებთ, ზოგი ბუნებრივ საშუალებებსაც მიმართავს. სოკოს მოსაცილებლად უამრავი ხსნარი არსებობს და აქაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რას ვყიდულობთ: კონკრეტული ქიმიური ნივთიერება უკვე განზავებულია თუ განზავება თავად სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია შენახვის პირობები და ჭურჭლის დახურულ მდგომარეობაში ქონა. ეტიკეტზე ხშირად მითითებულია, რომ საშუალება საზიანოა, თუმცა ხანდახან იმდენად წვრილი შრიფტით წერია, რომ მომხმარებლებს წაკითხვა უჭირთ. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჰკითხონ რჩევა კონსულტანტს. გარდა ამისა, სველი წესით დასუფთავებისას და, მით უმეტეს, ასეთი ქიმიური ხსნარების გამოყენებისას აუცილებლად უნდა გვეცვას სპეციალური ხელთათმანები, რომლებიც კანს ხსნარის ზემოქმედებისგან დაიცავს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნიღაბი გვეკეთოს და გარემო კარგად ნიავდებოდეს. ძალიან ხშირად წესები ირღვევა და პაციენტები კლინიკაში შეტევითი ხასიათის ხველით მოდიან, რაც ზოგს ვირუსი ჰგონია. ამ დროს სუნთქვა ძალიან რთულდება და შესაძლებელია, პაციენტს სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება და შესაბამისი მკურნალობაც დასჭირდეს. ყველაზე მგრძნობიარენი, ბუნებრივია, ბავშვები არიან, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც ისედაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ან მწეველები არიან, მდგომარეობა კიდევ უფრო ურთულდებათ. ამის ხშირი მიზეზი სხვადასხვა დასასუფთავებელი ხსნარის ერთმანეთში შერევაა - მაგალითად, ამიაკისა და ქლორის შემცველი საშუალებების. როდესაც პარალელურად ცხელ წყალსაც ვიყენებთ, ეს უფრო ძლიერ აორთქლებას იწვევს და ნივთიერება თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ხვდება. სუნთქვის გაძნელების გარდა, ეს თვალის წვით, ტკივილით, ცრემლიანობითა და რინორეით (ცხვირიდან გამონადენით) ვლინდება. ეს იმდენად შემაწუხებელია და შემდგომში ანთებით პროცესს უწყობს ხელს, რომ აუცილებელია სპაზმური ხველის მოხსნა, თუმცა პროცესი ხშირად მძიმე სტატუსშიც გადადის. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენ ხანს იმყოფებოდა ადამიანი ამ დახურულ სივრცეში. ამიტომ აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება. ხშირად ეს ხსნარები ეგრეთ წოდებული კოროზიული საშუალებებია - მაგალითად, მილებისა და ზედაპირების საწმენდები, რომლებიც დაბინძურებას ძალიან კარგად აცილებს, თუმცა ხელზე ან ლორწოვანზე მოხვედრისას სერიოზულ პრობლემას იწვევს.

- სიმპტომების გამოვლენიდან რამდენ ხანში უნდა მივმართოთ სპეციალისტს და რამდენად იწვევს ეს მძიმე ფორმით გართულებას?

- რა თქმა უნდა, შეიძლება მძიმე ფორმითაც გართულდეს. თუ ადამიანი ალერგიულია, დიდხანს იმყოფებოდა დახურულ სივრცეში და ამ ნივთიერებებს ისუნთქავდა, ლორწოვანი გარსი იმდენად ზიანდება, რომ ეწყება შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვა ძალიან უჭირს.

დახმარების გარეშე შესაძლოა ამ მდგომარეობიდან ვერც გამოვიდეთ. პირველი, რასაც ადამიანები ამ დროს ვაკეთებთ, წყლის დალევაა. დიახ, თუ შესაძლებელია, წყლის დალევა სასურველია, თუმცა ხანდახან მდგომარეობა იმდენად გართულებულია, რომ წყლის მიღებაც შეუძლებელი ხდება. ეს ხსნარები, რომლებიც ორთქლდება, ჩვენი დამცავი ბარიერის მოწვის უნარით ხასიათდება. შედეგად, ლორწოვანი ღიზიანდება, ბუნებრივია, ვითარდება სპაზმი და, როგორც უკვე ვახსენე, თანმხლები დაავადებები ამ პროცესს კიდევ უფრო უწყობს ხელს.

- რომელი საყოფაცხოვრებო საფრთხეებია ყველაზე სახიფათო მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის?

- ხშირად, ბავშვების დასაცავად, ზრდასრულები აბაზანის კარს კეტავენ. მოგეხსენებათ, აბაზანა შედარებით პატარა სივრცეა და სხვადასხვა ხსნარის გამოყენება სწორედ იქ ხდება. რა თქმა უნდა, ეს ხსნარები გვჭირდება და უნდა გამოვიყენოთ, რადგან ბინაში სხვა საფრთხეებიც არსებობს, ოღონდ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ხსნარი უნდა მოვიხმაროთ და სივრცე აუცილებლად გავანიავოთ. ბავშვი ცოტა ხნით სხვა ოთახში უნდა გავიყვანოთ, რათა მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. კიდევ ერთი ხშირი შეცდომა ამ ხსნარების სხვა ჭურჭელში გადატანაა.

აუცილებელია, რომ ხსნარი თავის შეფუთვაში, იმავე ქილაში დარჩეს, რომელშიც თავდაპირველად იყო და ეს ჭურჭელი შემდგომ სხვა საშუალებებისთვის აღარ გამოვიყენოთ. მისი სხვა კონტეინერში გადატანა საფრთხის შემცველია.

ყველაზე საშიშია, როდესაც ხსნარს განზავება სჭირდება და წყლის, მინერალურის ან ლიმონათის ბოთლში გადაგვაქვს, შემდეგ კი ეს გვავიწყდება. თუ არ ვიცით, რას შეიცავს ჭურჭელი, მას თავისი მანიშნებელი უნდა ჰქონდეს - ხშირად უსაფრთხოებისთვის ზედ აწერენ ხოლმე. აუცილებელია დავიცვათ შენახვის წესიც: ჭურჭელი მჭიდროდ უნდა დაიხუროს, რადგან ეს ხსნარები აქროლადია და მათი ხანგრძლივი აორთქლება სასუნთქ გზებსა და კანზე ზემოქმედებას იწვევს. შენახვა დახურულ სივრცეშია საჭირო, რადგან ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვებული ფერადი სითხეები მათთვის მიმზიდველია და შესაძლოა, გასინჯვის მიზეზი გახდეს. ხშირად სწორედ ეს პრობლემა იქმნება, როცა ბავშვი საყოფაცხოვრებო ხსნარს სვამს. ეს ლორწოვანი გარსის დამწვრობასა და საკმაოდ სერიოზულ გართულებებს იწვევს. ადგილობრივი დამწვრობის გარდა, ხსნარს სისტემური ზემოქმედებაც აქვს.

- კანფეტი ან რაიმე ტკბილი სასმელი ჰგონიათ ხოლმე, რადგან ფერადი სითხეა, მით უმეტეს, თუ წყლის ან ლიმონათის ბოთლში ასხია...

- დიახ, სამწუხაროდ, ყოფილა მსგავსი ცუდი ფაქტებიც. ეს საფრთხილოა მოხუცებისთვისაც, რომლებსაც მხედველობა უჭირთ. ამიტომ მსგავსი საშუალებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევინახოთ მაცივარში.

- როგორ შეიძლება სახლში ტენიანობის შენარჩუნება ისე, რომ ოქროს შუალედი დავიცვათ? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

- სამწუხაროდ, ეს რთულია და ხშირად ამის დროც არ გვაქვს. როდესაც მტვერზე ვსაუბრობდით, აღვნიშნეთ, რომ ძალიან მშრალ გარემოში აორთქლება მაღალია, კედლიდან შესაძლოა საღებავი ჩამოიფრცქვნას და, თუ ის ძალიან ძველია, კიდევ უფრო საშიში ხდება. დასუფთავებისთვის რეკომენდებული მინიმუმი სველი წესით დალაგებაა. რაც შეეხება მტვერსასრუტს, რომელიც ხალიჩიდან და იატაკიდან მტვერს იღებს, სასურველია, სპეციალური ფილტრი ჰქონდეს, რათა მტვრის უკან გაფრქვევა არ მოხდეს. დღესდღეობით უმეტესწილად სწორედ ასეთი ტექნიკა გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლში შესულებმა ფეხსაცმლით არ ვიაროთ, რადგან გარედან მტვერი, ტყვია და სხვადასხვა ნარჩენი შემოგვაქვს.

- კოვიდპანდემიის შემდეგ დამოკიდებულება ასე თუ ისე შეიცვალა...

- დიახ, ამ წესის დაცვა ძალიან მარტივია და თუკი შინ შერბენა მაინც გვიწევს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ბახილების გამოყენება აუცილებელია. თუ ოჯახში პატარა ბავშვი გვყავს, სველი წესით დამუშავება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით და დღეში ორჯერაა სასურველი. ამასთან, სახლში არც ზედმეტი ტენი უნდა იყოს, რომ სოკოსა და სხვა პრობლემების გამრავლებას ხელი არ შევუწყოთ. ნესტი განსაკუთრებით პრობლემურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები აქვს, თუმცა ზედმეტი სიმშრალეც მტვრის გაფრქვევას უწყობს ხელს. სახლში ასევე გვაქვს მცენარეული მტვერი და მწერების ნარჩენები, რაც ასევე პრობლემაა. გარდა ამისა, ხშირად ვიყენებთ სურნელოვან არომატიზატორებს...

- ძალიან ბევრია გაყიდვაში - რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება?

- მათი შეზღუდვაა სასურველი, რადგან ისინი შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა ფტალატები, პარაბენები და სხვა ქიმიური არომატიზატორები...

- ხშირად სურნელოვან სანთლებსაც იყენებენ...

- დიახ, ზოგადად არომატიზატორების ჭარბ გამოყენებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, ებრძვიან და კრძალავენ, რადგან მათ დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ. ბუნებრივია, უსიამოვნო სუნი ოთახში დისკომფორტს ქმნის, მაგრამ სჯობს, მიზეზი ვიპოვოთ - შესაძლოა, ეს საკანალიზაციო მილი იყოს და სწორედ ის აღმოვფხვრათ, ვიდრე დამატებითი საშუალებები გამოვიყენოთ. იშვიათად მათი მოხმარება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად და ჭარბი რაოდენობით ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ალერგიული და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები მათ ისედაც ვერ იტანენ, თუმცა არც ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა სასურველი. ყოველდღიური ექსპოზიცია არა მარტო ფილტვის ადგილობრივ დაზიანებას იწვევს, არამედ რეზორბციის გამო ორგანიზმში კანცეროგენები ხვდება. მოგეხსენებათ, კანცეროგენს მოგვიანებითი ეფექტი აქვს. შესაძლოა, ამ კონკრეტულ ნივთიერებას ონკოლოგიური დაავადებების ჩამოყალიბებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ სხვა პათოლოგიებთან ერთად ის ხელშემწყობი ფაქტორია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ასეთი ნაერთები, რადგან საყოფაცხოვრებო გარემოში მათი ერთობლიობა სერიოზულ რისკს გვიქმნის.

დახურულ გარემოში ყველაზე დიდი რისკი მაინც ჩვენი გამათბობლები და წვის პროცესია. წვა ძალიან დიდი პრობლემაა როგორც გარე გარემოში, ისე დახურულ სივრცეში. როდესაც გასათბობად ვიყენებთ ნახშირბადის შემცველ საშუალებებს - იქნება ეს ბუნებრივი აირი, შეშა, ქვანახშირი თუ ნავთობპროდუქტები - მათი არასრული წვის გამო დახურულ სივრცეში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება. რაც უფრო დიდხანს გვაქვს ჩართული წყლის გამაცხელებელი, ქურა თუ ცენტრალური გათბობის ქვაბი დახურულ სივრცეში, მით უფრო იზრდება რისკი. მნიშვნელოვანია, რომ პატარა სივრცე დღეში ორჯერ მაინც განიავდეს, დიდ სივრცეში კი შესაძლოა, ერთხელ განიავებაც საკმარისი იყოს, თუკი სახლში შიდა წვის მოწყობილობაა.

შიდა წვის შედეგად გამოყოფილი მხუთავი აირი ჩვენს საცხოვრებელ ადგილში ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს. ის უხილავია, უსუნო, უფერო და ხმაც არ აქვს. როდესაც ორგანიზმში ხვდება - განსაკუთრებით სახიფათო კი ძილის დროსაა - მისი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება და შესაძლოა, ლეტალურადაც კი დასრულდეს.

გაზის გაჟონვისგან დამცავი მოწყობილობები, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ - რა უნდა გვქონდეს სახლში
როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი გროვდება და როგორ ავიცილოთ თავიდან აფეთქება - თუ შუქი უკვე ანთია, ნუ გამორთავთ მას... არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი