პირველი დედა "მის სამყაროს" ისტორიაში - 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა - მშობლები

"მის სამყარო 2026" - პირველი დედა კონკურსის გამარჯვებულთა ისტორიაში

2026-11-25 10:31:01+04:00

"მის სამყაროს" 2026 წლის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 24 ნოემბერს, პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში, Coliseo de Puerto Rico José Miguel Agrelot-ის არენაზე გამართულ ფინალურ საღამოზე მთავარი ტიტული მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, 27 წლის ჯენიფერ ბარეტომ მოიპოვა.

mis-samqaro-6-1795588660.jpg
ჯენიფერ ბარეტო

გამარჯვებულის შესახებ ერთი განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი: ბარეტო "მის სამყაროს" ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ეს ტიტული დედის სტატუსით მოიპოვა. იგი პროფესიით ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკია. გამოცემა El Nuevo Día-ს ინფორმაციით, ჯენიფერს ქალიშვილი, პენელოპე ჰყავს.

mis-samqaro-1-1795588687.jpg
ჯენიფერ ბარეტო შვილთან ერთად

ჯენიფერი პროფესიულ საქმიანობას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში, პრევენციის სპეციალისტის პოზიციაზე ეწევა, სადაც მავნე ქცევების თავიდან აცილებისა და ჯანსაღი საზოგადოებრივი გარემოს ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობს. თავისუფალ დროს კითხვა და ფრენბურთი უყვარს, აქტიურად მონაწილეობს მოხალისეობრივ საქმიანობაშიც. მათ შორის, თანამშრომლობს პუერტო-რიკოს ბავშვთა დიაბეტის ასოციაციასთან და დიაბეტის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

mis-samqaro-2-1795588715.jpg
ჯენიფერ ბარეტო

ახალ გამარჯვებულს გვირგვინი გასული წლის "მის სამყარომ", მექსიკის წარმომადგენელმა, ფატიმა ბოშმა, გადასცა. საიუბილეო კონკურსისთვის შექმნილ სამკაულს "მარადიული მემკვიდრეობის ბრწყინვალება" (The Radiance of an Eternal Legacy) ეწოდება. მისი დიზაინი ჯორჯ ვიტელსისა და საიუველირო სახლის, Maison d’OR-ის თანამშრომლობით შეიქმნა. 18-კარატიანი თეთრი ოქროს გვირგვინი 3150 ბრილიანტითაა შემკული.

mis-samqaro-4-1795588742.jpg
ჯენიფერ ბარეტო
jenifer-bareto-1795589034.jpg
ჯენიფერ ბარეტო

საუკეთესო ხუთეულში პუერტო-რიკოს წარმომადგენელთან ერთად ფილიპინების, ახალი ზელანდიის, ვენესუელისა და დომინიკელთა რესპუბლიკის კონკურსანტებიც მოხვდნენ. წლევანდელ კონკურსში 110-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის 117 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იყვნენ ისეთი ქვეყნების დელეგატებიც, რომელთა წარმომადგენლები ფინალურ ეტაპზე აქამდე არასდროს გასულან, მათ შორის - სენ-მარტენისა და უგანდის კონკურსანტები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ მონაწილეთა შორის 22 ქალს მაგისტრის ხარისხი აქვს, ხუთი ექიმია, ათი კი დედა. ფინალურ საღამოს ტელეწამყვანი მარიო ლოპესი და 2022 წლის "მის სამყაროს" გამარჯვებული რ’ბონი გაბრიელი უძღვებოდნენ.

mis-samqaro-7-1795588776.jpg
ჯენიფერ ბარეტო

კონკურსის ფინალამდე მონაწილეებმა რამდენიმე ტრადიციულ ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო ჟიურისთან დახურული გასაუბრება, ეროვნული სამოსის ჩვენება და წინასწარი კონკურსი. საღამოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი: "მის სამყაროს" 76-ე კონკურსსაც მომდევნო წელს პუერტო-რიკო უმასპინძლებს.

mis-samqaro-3-1795588807.jpg
ჯენიფერ ბარეტო

წლევანდელი კონკურსის დაწყებამდე ორგანიზატორებს გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწიათ. აფრიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა აშშ-ში შესვლის ვიზების მიღება ვერ შეძლო და კონკურსში მონაწილეობა ვერ მოახერხა. ამასთან, გავრცელდა კადრები, რომლებშიც მონაწილეები პლაჟზე მოწყობილ დროებით გასასვლელზე გადაადგილებისას წონასწორობას კარგავენ. ყურადღება მიიქცია საფრანგეთის წარმომადგენლის შემთხვევამაც: რეპეტიციის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ იგი სასტუმროდან ეტლით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის "მის სამყაროს" კონკურსს არაერთი სკანდალი ახლდა. დაპირისპირება კონკურსის ხელმძღვანელობასა და მონაწილეებს შორის, ჟიურის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაწყებამდე თანამდებობიდან გადადგომა და კონკურსანტების ტრავმები - ეს იმ მოვლენების ნაწილია, რომლებმაც 2025 წლის კონკურსი განსაკუთრებით ხმაურიანი გახადა.

patima-boshi-1795588879.jpg
ფატიმა ბოში

გასული წლის გამარჯვებულის, ფატიმა ბოშის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება გამოიწვია. კონკურსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნავატ იცარაგრისილმა, ბოში საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან, მისი მტკიცებით, უარი თქვა ფოტოსესიაში მონაწილეობაზე. ინციდენტის ამსახველი პირდაპირი ეთერის ჩანაწერი სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და კონკურსის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკა გააძლიერა. ხელმძღვანელი გოგონას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა.

2025 წლის კონკურსის დროს კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა მოხდა: წინასწარი ეტაპის გამოსვლისას სცენიდან იამაიკის წარმომადგენელი, გაბრიელ ჰენრი ჩამოვარდა და კონკურსში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან თავის ტვინის ტრავმა მიიღო. მომხდარის გამო ჰენრიმ "მის სამყაროს" ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლო დავაც წამოიწყო.

მის სამყარო 2025 მექსიკელი გოგონა გახდა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზატორმა საჯაროდ სულელი უწოდა
რატომ უწოდეს ინდოეთის სირცხვილი, როგორ ძალადობდა მასზე ცნობილი ვარსკვლავი და როგორ ცხოვრობს დღეს „ყველაზე ლამაზ მის მსოფლიოდ აღიარებული აიშვარია რაი