ჩუქება თუ ნასყიდობა – როგორ ჯობს ბინის შვილზე გადაფორმება, რომ მომავალში სადავო არ გახდეს - მშობლები

როგორ ჯობს ბინის შვილზე გადაფორმება, რომ მომავალში სადავო არ გახდეს და არის თუ არა სხვაობა ჩუქებასა და გადაფორმებას შორის

2026-11-26 00:35:49+04:00

როდესაც მშობელი უძრავი ქონების შვილზე გადაფორმებას გადაწყვეტს, ხშირად უჩნდება კითხვა, სამართლებრივად რომელი ფორმაა უფრო საიმედო – ჩუქება თუ ნასყიდობა? ან რა განსხვავებაა ჩუქებასა და გადაფორმებას შორის.

არსებობს თუ არა ქონების გადაფორმების ისეთი ფორმა, რომელიც მესაკუთრეს სამომავლო დავისგან დაიცავს, რა განსხვავებაა ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებს შორის და განსხვავდება თუ არა ამ გზით ქონების მიმღები პირების უფლებები – ამ საკითხებზე ადვოკატი თათია ქაჯაია საუბრობს:

„ბინა გადავუფორმე, პირობითად რომ ვთქვათ, შვილს და სადავო რომ არ გახდეს, რომელი უმჯობესია — ნასყიდობა თუ ჩუქება? ან რა განსხვავებაა ჩუქებასა და გადაფორმებას შორის? — მსგავსი ფორმით დასმული შეკითხვები არის ძალიან ხშირი და მოდი, მოკლედ გიპასუხებთ.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ თეორიულად შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი გახდეს სადავო, მაგრამ მთავარია შედეგი. ანუ ის შეკითხვა, რომ „როგორ მოვიქცე, რომ სადავო არ გახდეს და რაღაც გარანტია მქონდეს, რომ სადავო არ გახდება“, ცოტა არასწორია, იმიტომ, რომ ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, კონკრეტული მოთხოვნა დააყენოს და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენად ექნება ამას აზრი და რა შედეგი დადგება მისთვის, ეს ცალკე საკითხია.

რაც შეეხება თავდაპირველად დასმულ შეკითხვებს: ჩუქებაც და ნასყიდობაც არის ეგრეთ წოდებული „გადაფორმების“, ანუ საკუთრების უფლების რეგისტრაციის სახეები. და როცა ხარ მესაკუთრე, გაქვს უფლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დროს განკარგო შენი ქონება და გაასხვისო ნებისმიერ პირზე. ანუ ჩუქებას გააკეთებ, მაგალითად, თუ ნასყიდობას, ორივე შემთხვევაში — ან ჩუქების საფუძველზე გახდება პირი მესაკუთრე, ან ნასყიდობის საფუძველზე. ორივე არის ეგრეთ წოდებული გადაფორმება, რასაც ეძახიან.

განსხვავება იმაშია, რომ ნასყიდობა არის, როცა თანხის სანაცვლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვყიდით ან ვყიდულობთ რამეს, ხოლო ჩუქება არის, როცა უსასყიდლოდ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ანუ როცა ვჩუქნით ან გვჩუქნიან ყოველგვარი თანხის გარეშე.

ორივე შემთხვევაში ერთნაირად წარმოიშობა საკუთრების უფლება და ორივე შემთხვევაში ერთნაირი უფლებები აქვს მესაკუთრეს — გინდა ნასყიდობის საფუძველზე გქონდეს საკუთრების უფლება მიღებული და გინდა ჩუქების საფუძველზე. მაგრამ როცა ვყიდით რაღაცას ან ვყიდულობთ, უნდა დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო როცა უსასყიდლოდ ხდება ქონების გადაცემა, ანუ უსასყიდლოდ გვჩუქნიან რამეს, უნდა დაიდოს ჩუქების ხელშეკრულება“, — განმარტავს თათია ქაჯაია.

შეიძლება თუ არა, რომ მშობლების ქონება მხოლოდ ერთ შვილს დარჩეს და რა სხვაობაა ჩუქებასა და ანდერძით დატოვებულ ქონებას შორის
აქვს თუ არა მშობელს უფლება, მთელი ქონება მხოლოდ ერთ შვილს გადაუფორმოს და რა შეიძლება მოსთხოვოთ კანონის ძალით მამას, რომელიც ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს - იურისტი პასუხები