გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ბავშვთა ასაკში პნევმონიის გამომწვევ მიზეზებზე, ძირითად რისკფაქტორებზე, დაავადების ამოცნობის ადრეულ ნიშნებსა და შესაძლო გართულებებზე საუბრობს. ყურადღებას ამახვილებს განმეორებითი პნევმონიის მნიშვნელობაზე, ვაქცინაციისა და თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს როლზე, ასევე იმ გრძელვადიან შედეგებზე, რომლებიც ბავშვობაში გადატანილმა პნევმონიამ შესაძლოა ზრდასრულ ასაკში გამოიწვიოს:
- პნევმონია უკვე მრავალი წელია, მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ნომერ პირველ მიზეზად განიხილება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია. წლების განმავლობაში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, წინა პერიოდებთან შედარებით, გაუმჯობესდა. პნევმონიით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ დაავადება მაინც პირველ ადგილზე რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პედიატრისთვის, სადაც არ უნდა მუშაობდეს, ეს თემა მნიშვნელოვანია. უბრალოდ, განსხვავება ის არის, ამა თუ იმ ქვეყნის რეალობაში ლეტალობის მაჩვენებლით პნევმონია რომელ ადგილზეა. ეს არის მთავარი კითხვა, თორემ ყველა პედიატრისთვის - იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა თუ საქართველო - ფილტვების ანთება ერთ-ერთი მთავარი ყოველდღიური საზრუნავია.
განსაკუთრებით ახლა, იმ სეზონზე, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონს ვუწოდებთ, როდესაც ველოდებით, რომ გრიპით გამოწვეული აქტივობა და დაავადების სიმძიმე, პირველ რიგში, ფილტვების ანთების განვითარებაში აისახება. ამიტომ, ნოემბერი, ამ მხრივ, მართლაც ნიშანდობლივი თვეა. კითხვაზე, არის თუ არა პნევმონია აქტუალური, პასუხი ცალსახაა: დიახ, აქტუალურია და, ალბათ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება ჩვენი ყურადღების ცენტრში.
- ეს, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ვინაიდან, თუ ვიცით, რა არის რისკფაქტორი, შესაბამისად, ამ რისკფაქტორის თავიდან აცილების შესაძლებლობაც გვაქვს და რიგ შემთხვევებში, ეს მართლაც შესაძლებელია.
რისკფაქტორი მართლაც ბევრია. ის შეიძლება, დაკავშირებული იყოს ბავშვის ასაკთან, გარემოსთან, თანმხლებ დაავადებებთან ან ვაქცინაციის სტატუსთან. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ, ალბათ, მთავარზე შევჩერდეთ.
პირველ რიგში, ეს ბავშვის ასაკია. ორ წლამდე ასაკი პნევმონიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორად განიხილება. ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველა მშობლის მთავარი საზრუნავი ბავშვის რესპირატორული ინფექციებისგან დაცვა უნდა იყოს. ამიტომ ბევრი რეკომენდაცია, რომელსაც განსაკუთრებით ზამთრის განმავლობაში ვაძლევთ მშობლებს, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. მიზანი ფილტვების ანთების განვითარების თავიდან აცილებაა.
მეორე რისკფაქტორი, რომელიც ასევე ასაკთან არის დაკავშირებული, დღენაკლულობაა. დღენაკლულ ბავშვებში სასუნთქი სისტემის ფიზიოლოგიური განვითარების პრობლემების გამო ფილტვების ანთების განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია.
შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, რომელიც თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი, კვების სტატუსია. მნიშვნელოვანია, რა ტიპის კვებაზეა ბავშვი. თუ ის ბუნებრივ კვებაზეა, ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია, ბავშვს ფილტვების ანთების განვითარება თავიდან ააცილოს. პირიქით, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში ფილტვების ანთება გაცილებით ადვილად და ხშირად ვითარდება, ისევე როგორც სხვა ტიპის ინფექციები - დიარეა, ოტიტი და ა.შ.
კიდევ ერთი რისკფაქტორი, რომელიც გარემოს უკავშირდება და რომლის თავიდან აცილებაც ნამდვილად შესაძლებელია, თამბაქოა. ოჯახში მწეველის არსებობა და ბავშვების პასიური მოწევა ფილტვების ანთების, ბრონქული ასთმის განვითარების, მოგვიანებით ასაკში კი, როგორც თქვენ ახსენეთ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ რისკფაქტორად ითვლება.
ამიტომ, ყველა ოჯახისთვის პირველი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის უნდა იყოს, რომ ბავშვი, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, უსაფრთხო გარემოში უნდა გაიზარდოს. უსაფრთხო გარემოში კი თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს ვგულისხმობთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი განათლების ხარვეზად რჩება: არსებობს შეხედულება, რომ თუ მამა, დედა ან ოჯახის რომელიმე წევრი თამბაქოს ოთახის გარეთ, მაგალითად, აივანზე ან დერეფანში ეწევა, ამით ბავშვს თამბაქოს უარყოფითი ზემოქმედებისგან დაიცავს. ეს ასე არ არის.
არსებობს ასეთი ცნება - მესამეული მწეველობა. ამ დროს ტანსაცმელში, კანში ან თმაში შეჭრილი ქიმიური ნივთიერებები უარყოფით ზემოქმედებას ინარჩუნებს. ნებისმიერი მამა ან დედა, რომელსაც სახლში პატარა ბავშვი ჰყავს, ხელში აიყვანს და მოეფერება, თუ ეს ადამიანი მწეველია, უნდა იცოდეს, რომ თამბაქოსგან დარჩენილი კვალი ბავშვის ორგანიზმსა და სასუნთქ სისტემაშიც შეაღწევს და ადრე თუ გვიან შესაძლოა, რაიმე უარყოფითი შედეგით გამოვლინდეს.
ამიტომ, ამ თვალსაზრისით, რისკფაქტორების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი რისკფაქტორი, რომელიც ასევე კვებას უკავშირდება, ჯანსაღი და დაბალანსებული კვებაა. ცალმხრივი კვება, მალნუტრიცია და დაბალი წონა, რაც, საბედნიეროდ, საქართველოში იშვიათია, ასევე პნევმონიის ხელშემწყობ რისკფაქტორებად განიხილება.
დავასრულებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორით - ვაქცინაციის სტატუსით. არასრული ვაქცინაცია პნევმონიის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, ბავშვებს გავუკეთოთ ვაქცინები, რომლებიც ფილტვების ანთებისგან დაიცავს. 2015 წლიდან, შედარებით გვიან, მაგრამ მაინც, ჩვენს ქვეყანაში პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა. პნევმოკოკი ფილტვების ანთების გამომწვევი ნომერ პირველი ბაქტერიაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა დედა, რომლის შვილსაც პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი შვილი დაცულია ისეთი მძიმე გართულებებისგან, როგორიცაა ფილტვების ანთება და მენინგიტი.
ჰემოფილუს ინფლუენცა ასევე ფილტვების ანთების გამომწვევია. ამავე გართულების გამოწვევა შეუძლია ყივანახველასაც. იმ ვაქცინების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, რომლებსაც ბავშვებს ვუკეთებთ, სწორედ ამ გართულებების პრევენციაა.
ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი და მისაღებია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კარგად მოგეხსენებათ ის ტენდენცია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც შეინიშნება. ვგულისხმობ წითელასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებას უკავშირდება. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია და, სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირება საჭირო და აუცილებელია.
- რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მაგალითად, გართულებები რომ განვიხილოთ, ბავშვებსა და მოზრდილებში სად არის გართულებების ალბათობა უფრო მაღალი? რა თქმა უნდა, ბავშვთა ასაკში.
თუ კიდევ ერთ ფაქტორს გავითვალისწინებთ, რომელ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება დაავადება უფრო ადვილად გავრცელდეს? რა თქმა უნდა, ბავშვთა ასაკში.
თუ პროგნოზს შევადარებთ, ექვსი თვის ასაკის ბავშვში თუ 16 წლის მოზარდში შეიძლება ფილტვების ანთებას უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს? რა თქმა უნდა, მცირე ასაკში.
ამრიგად, ბევრი ნიუანსი განსხვავებულია, რაც ფილტვების ანთების სიხშირესა და ლეტალობის უფრო მაღალ მაჩვენებელს სწორედ ამ მცირე ასაკობრივ ჯგუფში განაპირობებს.
თუმცა, დაავადების ძირითადი გამოვლინებებიც საყურადღებოა. მოზრდილებში, მაგალითად, ფილტვების ანთებისთვის ძალიან დამახასიათებელი და სადიაგნოსტიკო ნიშანი გახშირებული სუნთქვაა, მაგრამ მისი შემჩნევა უფრო რთულია.
პედიატრიულ პაციენტებში სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით გვაქვს განსაზღვრული და ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, საიდან იწყება ფილტვების ანთების საეჭვო ზღვარი.
მაგალითად, მშობლებს ვეუბნებით, რომ თუ წლამდე ასაკის ბავშვს ტემპერატურა აქვს და ახველებს, სუნთქვის სიხშირე აუცილებლად უნდა დაუთვალონ. თუ ეს მაჩვენებელი წუთში 50-ზე მეტია, ეს ფილტვების ანთების არსებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს.
ერთი წლიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ ფილტვების ანთებაზე გვაქვს ეჭვი, სუნთქვის სიხშირე წუთში 40-ზე მეტი უნდა იყოს. ამიტომ ასაკზე დამოკიდებული სუნთქვის გახშირება ბავშვებისთვის სპეციფიკური, მნიშვნელოვანი და დიაგნოსტიკურად ღირებული ნიშანია.
მოზრდილებში ასეთი ასაკზე დამოკიდებული თავისებურება არ გვაქვს, თუმცა მათაც ახასიათებთ განსხვავებული ნიშნები. მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ბავშვებში შედარებით ნაკლებად გვხვდება, ან ქოშინი - სუბიექტურად გამოხატული ქოშინი, რომელიც ბავშვს შეიძლება ვერ ჰქონდეს გამოხატული. ასეთ დროს ბავშვებში ყურადღებას ვაქცევთ რეტრაქციას, გულმკერდის ჩადრეკას და ა.შ.
დანარჩენი ნიშნები ძალიან ბევრი საერთო აქვს. გასინჯვისას ექიმი როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში კრეპიტაციას ეძებს. მკურნალობისას კი ორივე ასაკობრივ ჯგუფში ანტიბიოტიკს ვიყენებთ. ამასთან, ორივე ჯგუფში პირველი რიგის ანტიბიოტიკი ყოველთვის ამოქსიცილინია და ა.შ.
ამრიგად, განსხვავებები არსებობს როგორც რისკფაქტორების, ისე პროგნოზის თვალსაზრისით, თუმცა გარკვეული საერთო ნიუანსებიც, რა თქმა უნდა, გვაქვს.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლის შემჩნევაც მშობელს შეუძლია, არის გულმკერდის ჩადრეკა სუნთქვის დროს. დედა ხედავს, რომ ბავშვი სუნთქავს და ამ დროს გულმკერდის არე იდრიკება. ბავშვი ჩაისუნთქავს და ნეკნთაშუა არე შიგნით ჩაიდრიკება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი მცირე ასაკის ბავშვებში ცხვირის ნესტოების ბერვაა. როდესაც დედა ხედავს, რომ სუნთქვის პროცესში ცხვირის ნესტოები მონაწილეობს და ეს თვალსაჩინოა - ბავშვს შეხედავს და შეამჩნევს, რომ სუნთქვისას ცხვირის ნესტოები მოძრაობს - ესეც ფილტვების ანთების ერთ-ერთ მიმანიშნებელ ნიშნად განიხილება.
კიდევ ერთი ნიშანია ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ანუ ციანოზი.
ეს ყველაფერი ინფორმირებული დედისთვის ადვილად შესამჩნევია: გულმკერდის ჩადრეკა, სუნთქვის სიხშირის დათვლა, ციანოზი ცხვირ-ტუჩის გარშემო და სუნთქვის პროცესში ცხვირის ნესტოების მონაწილეობა ბერვის სახით.
თუ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას გავითვალისწინებთ, რაც თქვენ აღნიშნეთ, რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს და დამძიმდეს პნევმონია.
ხშირად დედის ასეთი დაკვირვება ამ შემთხვევაში ყველა პედიატრისთვის ერთ-ერთი მთავარი დამხმარეა, ვინაიდან ყველა დაავადების დროს, განსაკუთრებით კი ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის დაგვიანება არასასურველია და გართულებების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
- ამ კითხვაზე პირველად მიწევს პასუხის გაცემა. ეს ჩვენთვის, პედიატრებისთვის, და განსაკუთრებით იმ პედიატრებისთვის, რომლებიც სასუნთქი სისტემის დაავადებების სფეროში მუშაობენ, ერთ-ერთი მთავარი კითხვაა.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბევრი პედიატრისთვის ფილტვების ანთების მეორე და მესამე ეპიზოდი განგაშის საფუძველი არ ხდება.
ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ფილტვების ანთება ხშირია და ორი ან მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი, ხომ არ არსებობს რაიმე სხვა მიზეზი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასეა, მაგრამ განმეორებადი პნევმონია იმუნოდეფიციტის არსებობაზე ეჭვის მიტანის ერთ-ერთი მიზეზია.
ფილტვების ანთების განმეორება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ პნევმონიის ყოველი მეორე ან მესამე შემთხვევის დროს აუცილებლად იმუნოდეფიციტის დიაგნოზს ვსვამთ, მაგრამ ყველა ექიმი, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს, ვალდებულია, ეს ფაქტი ანამნეზში დააფიქსიროს.
ოღონდ ერთი რამის დამატება მინდა: ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დედა მოდის, რენტგენის ფირებიც მოაქვს და ისტორიასაც გვიყვება, რომ მის შვილს ნამდვილად ჰქონდა ფილტვების ანთება. თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს პნევმონია ან დადასტურებული არ ყოფილა, ან დიაგნოზი მხოლოდ სავარაუდო იყო.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ დადასტურებული დიაგნოზი გვჭირდება. თუ დედას ფილტვების ანთების დამადასტურებელი რენტგენოლოგიური კვლევა მოაქვს, მას ჩვენი რენტგენოლოგები აფასებენ. მრავლობითში იმიტომ ვამბობ, რომ ასეა მიჩნეული: თუ გინდათ, დარწმუნებული იყოთ, ნამდვილად არის თუ არა ფილტვების ანთება, კვლევა მინიმუმ სამმა რადიოლოგმა უნდა შეაფასოს, რადგან ეს შეფასება ძალიან სუბიექტურია და დიაგნოზი ერთი ადამიანის თვალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
ამიტომ განმეორებადი ფილტვების ანთება ჩვენი განათლების თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ყველას გვინდა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეს. ჩვენთან ფილტვების ანთების მეხუთე-მექვსე ეპიზოდიც დაფიქსირებულა.
ყოველთვის ვინტერესდებით, როდესაც მეხუთე ეპიზოდი იყო, ექიმმა ხომ არ უთხრა მშობელს, რომ ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა და დამატებითი, განსხვავებული კვლევების ჩატარებაა საჭირო. ხშირად ასეც ხდება, მაგრამ არცთუ იშვიათად ჩვენი პედიატრების, ჩვენი კოლეგების მხრიდან რეაგირება არასაკმარისია.
ამიტომ ასეთი შემთხვევა, ესეც გასათვალისწინებელია, აუცილებლად იმ კლინიკაში უნდა იმართებოდეს, სადაც მულტიდისციპლინური გუნდის შესაძლებლობა არსებობს. აქ, პედიატრის გარდა, პულმონოლოგი და ფთიზიატრიც გჭირდებათ. ასევე საჭიროა კვლევები, რომლებიც უშუალოდ დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბევრი სხვა კვლევა, რომელიც ასეთ დროს დამატებით არის საჭირო.
ეს ჩვეულებრივი შემთხვევა არ არის. მაგალითად, როდესაც ფილტვების ანთება ერთსა და იმავე სეგმენტში ვითარდება, შეიძლება თორაკოქირურგის ჩართვა დაგვჭირდეს, ან ბრონქოსკოპიის ჩატარების აუცილებლობა დადგეს.
ამრიგად, მორეციდივე პნევმონიას ბევრი ნიუანსი აქვს და ამ მხრივ, ალბათ, დედებიც და მშობლებიც ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ ფილტვების ანთების მეორე-მესამე ეპიზოდის დროს უმჯობესია დამატებითი კვლევების ჩატარება და დარწმუნება, რომ ეს იმუნოდეფიციტის ერთ-ერთი გამოვლინება არ არის.
- დიახ, ეს კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომლის შეცვლასაც ვცდილობთ და გვინდა. ეს სტერეოტიპი მეც მქონდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც დედა გვეკითხებოდა, ფილტვების ანთება დასრულდა თუ არა და რაიმე რისკი ხომ არ რჩებოდა, ვპასუხობდით, რომ არა, არანაირი რისკი არ არსებობდა, ფილტვების ანთება მორჩა, ყველაფერი წესრიგში იყო და ბავშვს ჩვეულებრივი ცხოვრებით უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, მათ შორის ფიზიკური აქტივობაც. არ მივიჩნევდით, რომ ფილტვების ანთებას შესაძლოა, შორს მიმავალი გართულებები ჰქონოდა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალა. დღეს ითვლება, რომ განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ხუთ წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, გადატანილი ფილტვების ანთება, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ საავადმყოფოში მკურნალობა გახდა საჭირო, შემდგომი წლების განმავლობაშიც ექიმის მეთვალყურეობას აუცილებლად საჭიროებს. ეს ფაქტორი შეიძლება 30, 40 ან 50 წლის შემდეგ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების ხელშემწყობი იყოს.
რატომ შეიცვალა წარმოდგენა ფილტვების ანთების შორს მიმავალი შედეგების შესახებ? იმიტომ, რომ ამ პერიოდში, სწორედ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დასრულდა ის კვლევები, რომლებიც 50-60 წლის წინ დაიწყო.
ეს უნიკალური შემთხვევაა. მედიცინაში, ალბათ, სხვა დარგი არ მეგულება, სადაც ასეთი ხანგრძლივობის კვლევები ტარდებოდეს. ეს იყო ბავშვების კოჰორტა - 1000-2000 ბავშვი, ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებსაც 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ეს ნიშნავს, რომ მათ ექიმების რამდენიმე თაობა აკვირდებოდა. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ფილტვების ანთება ჰქონდათ გადატანილი, შემდგომ წლებში ფილტვის ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდათ. სპირომეტრია, რომლითაც ფილტვის ფუნქციას ვაფასებთ, სწორედ ამას აჩვენებდა. გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების პირობებში კი ამ ბავშვებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ვითარდებოდა.
ანუ 50 წლის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ამაზე ვისაუბროთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - თამბაქო.
თუ ბავშვი, რომელსაც ხუთ წლამდე ასაკში ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი, თამბაქოს მოხმარებას ადრეულ ასაკში, 11-12 წლის ასაკში დაიწყებს, ან ოჯახში პასიური მწეველის როლში აღმოჩნდება, მოგვიანებით ფქოდ-ის განვითარების ალბათობა ორ-სამჯერ იზრდება.
ამიტომ, როდესაც პრევენციაზე მკითხეთ, შეგვიძლია თუ არა დაავადების თავიდან აცილება, პასუხი არის დიახ.
თუ ოჯახში გყავთ ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, ექიმმა გითხრათ, რომ ინფილტრაციული კერა ძალიან დიდი იყო, ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია დასჭირდა და სახლში ჯანმრთელი გაეწერა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილტვების სპეციალისტთან ურთიერთობა ამით უნდა დაასრულოთ.
ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და თქვენგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ბავშვი პასიური მწეველის რანგში არ გაიზარდოს და განსაკუთრებით ადრეულ ასაკში თავად არ გახდეს თამბაქოს მომხმარებელი.