სად არის მუნით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი:  "შესაძლებელია, უსულო საგნებითაც გადავიდეს... ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს" - მშობლები

სად არის მუნით ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი:  "შესაძლებელია, უსულო საგნებითაც გადავიდეს... ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს"

2026-11-27 13:18:02+04:00

ბოლო დღეებში საქართველოში მუნის შემთხვევების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მშობლების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დაავადება დაუდასტურდათ. რამდენად დიდია საზოგადოებრივ სივრცეებში ინფიცირების რისკი, როგორ ვრცელდება მუნი, რა პრევენციულ ზომებს მიმართავენ სხვა ქვეყნებში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ქვემოთ მოგიყვებით.

როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Mshoblebi.ge-თან აცხადებს, მის პრაქტიკაში ბოლო პერიოდში მუნთან დაკავშირებით მომართვიანობა არ გაზრდილა. ამასთან, სპეციალისტი განმარტავს, რომ დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს როგორც უშუალო კონტაქტის, ისე გარკვეული ნივთების საშუალებით, თუმცა პანიკური დამოკიდებულება საჭირო არ არის.

"ზოგადად, პანიკური დამოკიდებულება საჭირო არ არის, იმიტომ რომ მუნი ყოველთვის იყო და განსაკუთრებული არაფერი ხდება. განკურნებადი დაავადებაა. უფრო სტიგმასთანაა დაკავშირებული - თითქოსდა ეს დაავადება ჰიგიენასთან არ არის თავსებადი - და ამიტომ ძირითადად სირცხვილის გრძნობა ახლავს ხოლმე, რაც აბსოლუტურად უადგილოა. ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს", - ამბობს მაია ბუწაშვილი.

რა არის მუნი და როგორ ვრცელდება?

მუნი (სკაბიესი) კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ადამიანის კანში შეჭრილი მიკროსკოპული ტკიპა იწვევს. ინფექცია ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი, უშუალო კანით კანთან კონტაქტით ვრცელდება. გადაცემა შესაძლებელია საერთო თეთრეულის, ტანსაცმლისა და პირსახოცების გამოყენებითაც, თუმცა ჩვეულებრივი მუნის შემთხვევაში ეს გზა შედარებით ნაკლებად გავრცელებულია.

დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც ხშირად ღამით ძლიერდება. კანზე შეიძლება გაჩნდეს წვრილი გამონაყარი, ბუშტუკები და ხაზოვანი კვალიც. სიმპტომები ხშირად ხელის თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, იღლიებსა და სხეულის სხვა უბნებზე ვლინდება.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, მუნის გამონაყარი შეიძლება, კანის სხვა დაავადებების ნიშნებსაც ჰგავდეს, ამიტომ მისი ამოცნობა ყოველთვის მარტივი არ არის.

"გამონაყარი ბევრ სხვა დაავადებას ჰგავს, ამიტომ ადვილად ამოსაცნობი არ არის", - აღნიშნავს ინფექციონისტი.

მისივე თქმით, ზოგჯერ ექიმი დაავადებას დამახასიათებელი ნიშნებით ამოიცნობს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დიაგნოზის დასაზუსტებლად სპეციალური გამოკვლევაა საჭირო - კანის ანაფხეკში გამომწვევის აღმოჩენა დერმატოსკოპიული მეთოდით.

რა ზომებს მიმართავენ სხვა ქვეყნებში?

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მუნის შემთხვევის გამოვლენისას მთავარი პრიორიტეტი ინფიცირებული ადამიანის დროული მკურნალობა და მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ინფიცირებული ადამიანის ოჯახის წევრებსა და ახლო კონტაქტებს მკურნალობა ხშირად ერთდროულად უნდა ჩაუტარდეთ, რათა თავიდან აიცილონ ხელახალი ინფიცირება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტანსაცმლის, პირსახოცებისა და თეთრეულის დამუშავებას. რეკომენდებულია იმ ნივთების ცხელი წყლით გარეცხვა და მაღალ ტემპერატურაზე გაშრობა, რომლებიც ინფიცირებულ ადამიანს მკურნალობის დაწყებამდე სამი დღის განმავლობაში ჰქონდა გამოყენებული. ისეთი ნივთები კი, რომელთა გარეცხვაც შეუძლებელია, დახურულ პლასტიკურ პარკში რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე უნდა მოთავსდეს.

CDC განმარტავს, რომ მუნის გამომწვევი ტკიპა ადამიანის სხეულის გარეთ, ჩვეულებრივ, ორიდან სამ დღეზე მეტხანს ვერ ცოცხლობს.

რამდენად დიდია სკოლასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირების რისკი?

მაია ბუწაშვილის განმარტებით, სკოლაში მუნის შემთხვევის დაფიქსირებისას სხვა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფიცირების რისკი არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად მთელ კლასში ან სკოლაში გავრცელდება.

"შეხებით გადადის, მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე არა - შესაძლებელია, უსულო საგნებითაც გადავიდეს. რისკი არსებობს, უბრალოდ, ხანმოკლე კონტაქტი ხშირად საკმარისი არ არის. უფრო მეტად რისკის ქვეშ დაავადებულის ოჯახის წევრები არიან”, - განმარტავს ინფექციონისტი.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სპეციალისტის შეფასებით, იქ ინფიცირების რისკი მინიმალურია, თუმცა სრულად გამორიცხული არ არის.

"მუნთან დაკავშირებით ახლა ისეთი რეკომენდაცია არ არსებობს, რომ ამის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში დეზინფექციისა და სანიტარიის ზომები გამკაცრდეს", - ამბობს მაია ბუწაშვილი.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

მაია ბუწაშვილის განმარტებით, მუნის მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტური მალამოებით ან სპრეითაა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა ექიმის დანიშნულებით ჩატარდეს და პაციენტმა რეკომენდაციები სრულად დაიცვას.

სპეციალისტის თქმით, ადამიანი გადამდებია მანამდე, სანამ მკურნალობას ჩაიტარებს. ამასთან, მკურნალობის შემდეგაც შესაძლებელია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქავილი შენარჩუნდეს, რაც ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კვლავ აქტიურია. ზოგჯერ რეციდივიც ვითარდება, რის გამოც საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან განმეორებითი კონსულტაცია მნიშვნელოვანია.

მთავარი რეკომენდაციაა, მშობლებმა ბავშვის კანზე საეჭვო გამონაყარისა და განსაკუთრებით ღამით გაძლიერებული ქავილის შემჩნევისას ექიმს მიმართონ. თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობის თვითნებურად დაწყება სასურველი არ არის.

რატომ შეიძლება ქავილი მკურნალობის შემდეგაც გაგრძელდეს?

მუნის სიმპტომების, მკურნალობისა და შესაძლო გართულებების შესახებ Mshoblebi.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია 2024 წელს ესაუბრა. მისი განმარტებით, სკაბიესის მკურნალობის დასრულების შემდეგაც შესაძლებელია, ქავილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს, რაც ყოველთვის ინფექციის გაგრძელებას არ ნიშნავს.

"ეფექტური მკურნალობის დასრულების შემდგომაც, სკაბიესს ქავილის გახანგრძლივება ახასიათებს. შესაძლოა, აღნიშნული სიმპტომი თვეების, ერთი წლის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია", - განმარტავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, ბავშვებში ზოგჯერ ვითარდება ე.წ. პოსტსკაბიესური დერმატიტი - კანის ანთებითი რეაქცია, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც კანის სიმშრალისა და ატოპიური დერმატიტისკენ აქვთ მიდრეკილება.

ზაზა თელიას განმარტებით, სკაბიესის სამკურნალოდ გამოიყენება გარეგანი მოქმედების მედიკამენტები. მკურნალობის სწორად წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან არასათანადო ან არასრულმა მკურნალობამ შესაძლოა, დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელება გაართულოს.

დერმატო-ვენეროლოგი ასევე აღნიშნავდა, რომ ინფექციის გადაცემის ერთ-ერთი შესაძლო გზა საერთო ტანსაცმლის, პირსახოცებისა და თეთრეულის გამოყენებაა. თუმცა, მისი განმარტებით, სკაბიესის გამომწვევი პარაზიტი ადამიანის სხეულის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს.

სპეციალისტის თქმით, სკოლაში ინფიცირების რისკი დამოკიდებულია ბავშვებს შორის კონტაქტის ხასიათზეც. თუ მოსწავლეები ერთმანეთს ტანსაცმელს არ უცვლიან და არ აქვთ ხანგრძლივი, ახლო ფიზიკური კონტაქტი, დაავადების გადაცემის ალბათობა შედარებით დაბალია.

მუნი კვლავ აშფოთებს მშობლებს — როგორ ვრცელდება, როდის ჩნდება სიმპტომები და როგორ დავიცვათ ბავშვები? ექიმების რეკომენდაციები