სულ მალე წითელი ცეცხლოვანი თხის წელი დადგება. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ცეცხლი მოძრაობისა და ენერგიის სიმბოლოა, თხა კი სიმყუდროვესა და ჰარმონიასთან ასოცირდება. საინტერესოა, ზოდიაქოს რომელი ნიშნების მიმართ იქნება წლის სიმბოლო განსაკუთრებით კეთილგანწყობილი?
ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2027 წელი დააჯილდოებს მათ, ვინც გამბედაობას პრაქტიკულობას შეუთავსებს. წარმატება ელით ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ ოცნებობენ, არამედ მიზნის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ.
ლომებს 2027 წელი წარმატებას შემოქმედებით საქმიანობასა და კარიერაში ჰპირდება. 26 ივლისამდე იუპიტერი მათ ნიშანში იქნება, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარია. ეს ხელსაყრელი პერიოდია ახალი პროფესიული შესაძლებლობებისთვის, ლიდერული პოზიციების დასაკავებლად, ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგენად და საკუთარი პროექტის დასაწყებად.
განსაკუთრებით პერსპექტიული იქნება პერიოდი 1 აპრილიდან 14 მაისამდე. ამ დროს ლომებს შესაძლებლობა ექნებათ, ამბიციური იდეები კონკრეტულ გეგმებად აქციონ. კიდევ ერთი ხელსაყრელი თარიღია 12 ივლისი.
27 ივლისიდან 20 აგვისტომდე ვენერა ლომის ნიშანში იქნება, რაც მათ მომხიბვლელობას, ახალი ნაცნობობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაზრდის. თუმცა 2 აგვისტოს ლომის ნიშანში მზის სრული დაბნელება მოხდება, რომელიც შესაძლოა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს. ამ პერიოდში სასურველია, ემოციების ფონზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.
26 ივლისის შემდეგ მთავარი ყურადღება ფინანსებსა და პროფესიული უნარების განვითარებაზე გადავა. სექტემბერი ხელსაყრელი იქნება შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის, ზამთარი კი – დაწყებული საქმეების დასრულებისა და გაწეული შრომის შედეგების მისაღებად.
ქალწულებისთვის 2027 წელი პროფესიული ზრდის, აღიარებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 26 ივლისია, როდესაც იუპიტერი მათ ნიშანში გადავა და ახალ 12-წლიან ასტროლოგიურ ციკლს დაიწყებს.
წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება დაწინაურებისთვის, ახალი პროფესიული უნარების შესაძენად და საკუთარი საქმის დასაწყებად. წარმატების მთავარი წინაპირობა კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა იქნება.
14 მაისიდან 15 ივლისამდე მარსი ქალწულებს დამატებით ენერგიას შესძენს და სამუშაო საკითხების მოწესრიგებაში დაეხმარება. 17 აგვისტოდან მათ ნიშანში მერკური გადავა, 20 აგვისტოდან კი – ვენერა. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება მოლაპარაკებებისა და სასარგებლო ნაცნობობისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 31 აგვისტო. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ეს წლის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ახალი საქმის დასაწყებად ან მომავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ზამთარი შესაძლოა შედარებით რთული და გაჭიანურებული აღმოჩნდეს. თებერვალში განსაკუთრებული ყურადღება პირად ურთიერთობებსა და პარტნიორის მიმართ მოლოდინებს უნდა დაუთმონ. ნუ იჩქარებენ დასკვნების გამოტანას – ყველაზე წარმატებული პერიოდი მათ ჯერ კიდევ წინ ექნებათ.
მშვილდოსნებს 2027 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ განათლების, მოგზაურობისა და პირადი ურთიერთობების სფეროში. მათი მმართველი პლანეტა იუპიტერი 26 ივლისამდე მონათესავე ცეცხლოვან ნიშანში, ლომში იქნება. ეს ხელსაყრელ პირობებს შექმნის სწავლისთვის, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. რომანტიკული ურთიერთობები შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს, ერთობლივი გეგმები კი – უფრო რეალური და მყარი.
13 აპრილის შემდეგ კარგი დრო დადგება ახალი სასწავლო კურსის დასაწყებად, მოგზაურობის დასაგეგმად ან შემოქმედებითი პროექტის განსახორციელებლად.
12 ივლისი მიღწეული შედეგების განმტკიცებისთვის იქნება ხელსაყრელი, აგვისტოს ბოლოს კი შესაძლოა ახალი კარიერული შესაძლებლობები გამოჩნდეს.
შემოდგომაზე მშვილდოსნები განსაკუთრებით აქტიურები და ინიციატივიანები გახდებიან. 16 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდი ხელსაყრელი იქნება დამოუკიდებელი წამოწყებებისთვის, 28 ნოემბერი კი ახალი მიზნების დასახვისთვის.
ტყუპებისთვის 2027 წელი საინტერესო ნაცნობობის, მოულოდნელი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. ურანი მთელი წლის განმავლობაში მათ ნიშანში დარჩება. ასტროლოგიაში ეს პლანეტა მოულოდნელ ცვლილებებთან ასოცირდება, ამიტომ წარმატება შესაძლოა სრულიად შემთხვევითმა შეხვედრამ, თამამმა იდეამ ან მოულოდნელმა შემოთავაზებამ მოუტანოთ.
26 ივლისამდე იუპიტერი ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, ინტელექტუალურ საქმიანობას, სწავლასა და ხანმოკლე მოგზაურობებს.
9-დან 28 მაისამდე განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება იდეების განხილვისა და ინტელექტუალური პროექტებისთვის. 4 ივნისი კარგი დროა ახალი სასწავლო კურსის ან ბლოგის დასაწყებად.
8 ივნისიდან 3 ივლისამდე ვენერა ტყუპების ნიშანში იქნება, რაც ამ პერიოდს ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელს გახდის. ივლისის მეორე ნახევრიდან გაიზრდება გართობისა და საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარების სურვილიც.
თუმცა 10 ივნისიდან 4 ივლისამდე სასურველია მეტი ყურადღება გამოიჩინონ ხელშეკრულებების გაფორმებისას, ბილეთების შეძენისა და ფინანსური ანგარიშსწორების დროს.
26 ივლისის შემდეგ ტყუპების ყურადღება უფრო მეტად სახლზე, ოჯახსა და პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე გადავა.