კვლევაში 106 ადამიანი მონაწილეობდა ბავშვები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ქირურგიული ოპერაცია ნარკოზით ჩაუტარდათ, სწავლაში თანატოლებს ოდნავ ჩამორჩებიან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნარკოზი ბავშვის IQ-სა და მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებს.
კვლევის ავტორები ამერიკელი ექიმები არიან. მათი მტკიცებით, ნარკოზის შემდეგ ბავშვები IQ-ს უფრო დაბალ მაჩვენებელს და მეტყველების დარღვევებს ავლენენ. გამოკვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Pediatric-ში გამოქვეყნდა, ავტორები თავიანთი ჰიპოთეზის დამამტკიცებლად ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობიან.
ამ ექსპერიმენტში 106 მოხალისე მონაწილეობდა. მათგან ნახევარს არ ჰქონია თავის/ტვინის ტრავმები, ნევროლოგიური ან ფსიქოლოგიური პრობლემები. მონაწილეთა ნახევარს კი 4 წლამდე ასაკში ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.
ექსპერიმენტის შედეგებით ავტორებმა დაასკვნეს, რომ ნარკოზი ადრეულ ასაკში ცუდად მოქმედებს ტვინის ფიზიოლოგიაზე, საბოლოოდ კი უარყოფითად აისახება გონებრივ განვითარებაზე. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა აჩვენებს, რომ ნარკოზის გამო ენობრივი უნარები, ისევე როგორც ინტელექტის მაჩვენებელი, დაქვეითებულია.
მკვლევარების აზრით, ნარკოზი ტვინის ქერქსა და ნათხემში გარკვეული ნივთიერებების აქტივობას აქვეითებს. სწორედ ეს განაპირობებს მოგვიანებით გარკვეულ ჩამორჩენებს.
ამ გამოკვლევის მიზანი ოპერაციებზე თავის შეკავება ნამდვილად არ არის. როცა ქირურგიული ჩარევა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, უკან ვერ დავიხევთ. თუმცა კარგი იქნება, თუ შესაძლო შედეგებზე გაფრთხილებული იქნებით და მეტ ყურადღებას დაუთმობთ ბავშვის განვითარების საკითხებს.