რა პირობების შექმნაა საჭირო ზაფხულში დაბადებული ახალშობილისთვის, დღის რომელ მონაკვეთშია სასურველი ბავშვის გასეირნება, რამდენად დასაშვებია სახლში კონდინციონერის ჩართვა, როდესაც სახლში ჩვილია? ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პედიატრი-ნეონატოლოგი მარიკა პეტრიაშვილი გვესაუბრება.
- რა პირობების შექმნაა საჭირო ზაფხულში დაბადებული ახალშობილისთვის?
- წლამდე ბავშვს ზაფხულობით განსაკუთრებული ადგილმონაცვლეობა არ ესაჭიროება. სასურველია გრილი და ჟანგბადით მდიდარი გარემო. შეიძლება გაყვანა ქალაქგარეთ, სადაც ნაკლებია მანქანების გამონაბოლქვი და მტვერი, ასევე, მთის კურორტებზე.
- რა უნდა ჩავაცვათ ზაფხულში დაბადებულ ახალშობილ სიცოცხლის პირველ დღეებში და შემდეგ?
- ზაფხულში დაბადებულ ახალშობილებს სიცოცხლის პირველ დღეებში და შემდეგაც სასურველია ეცვათ ბუნებრივი, ბამბის ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი. პირველ დღეებში დაგვჭირდება გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვლები, ბამბის თხელი წინდები. შემდგომში, ამინდის და ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად, შეიძლება მოკლემკლავიანი ან უსახელო მაისურების, მოკლე შარვლების და "ბოდეების“ ჩაცმაც. ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება ბავშვი მხოლოდ საფენით, ე.წ. "პამპერსით“ იყოს!
- დღის რომელ მონაკვეთიშია სასურველი ბავშვის გარეთ გასეირნება?
- გასეირნება სასურველია დილის საათებში - 8 საათიდან 11 საათამდე დროის შუალედში და საღამოს, 6-დან 8 საათის შუალედში. გაითვალისწინეთ, რომ საღამოს საათებში ბავშვი არ გაასეირნოთ წყლის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დროის ამ მონაკვეთში კოღოების და სხვა მწერების სიმრავლე შეიძლება იყოს! საღამოს საათებში გასეირნების დროს სასურველია, სხეულის ღია ადგილები იყოს დაფარული ისევ და ისევ მწერებისაგან დაცვის მიზნით.
- რამდენად არის რეკომენდირებული ზაფხულში დაბადებული ჩვილისთვის დედის რძის გარდა სხვა სითხის მიღება, მაგალითად წყლის?
- 6 თვემდე ასაკის ჩვილისთვის დედის რძის გარდა სხვა სითხის მიღება საჭირო არ არის, რადგან დედის რძე აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნას როგორც სითხეზე, ისე კალორიებზე. თუმცა, განსაკუთრებით ცხელ დღეებში კოვზით ან საბავშვო ჭიქით შეიძლება ბოთლის წყლის შეთავაზებაც. როგორც წესი, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებ წყალი დიდად არ მოსწონთ!
- ზაფხულის სიცხე ალბათ, ჩვილზეც უარყოფითად მოქმედებს, რით შევუმსუბუქოთ ბავშვს მდგომარეობა?
- ნაკლები და ბუნებრივი ტანსაცმელი, თუ საჭიროა, ამყოფეთ მხოლოდ საფენით, გრილი და ჟანგბადით მდიდარი გარემო, ხშირი ბანაობა, ბევრი სითხე, ეს არის არასრული ჩამონათვალი, რითაც შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ პატარას ზაფხულის სიცხის უარყოფითი გავლენა.
- რამდენად დასაშვებია კონდინციონერის ჩართვა, როდესაც სახლში ჩვილია?
- კონდიციონერი იწვევს ჰაერის დეიონიზაციას, გარდა ამისა, კონდიციონერის ფილტრები ბინძურდება და საჭიროა პერიოდულად მათი გასუფთავება ან გამოცვლა. ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა. ეს ბაქტერია გაციებულ ჰაერთან ერთად ხვდება გარემოში და იწვევს სერიოზულ დაავადებას - ლეგიონელოზს. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია კონდიციონერის მავნებლობის შესახებ.
- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ნასიცხები და რით ვუმკურნალოთ?
- ნასიცხების თავიდან აცილება შეიძლება ხშირი ბანაობით, ჰიგიენის წესების მაქსიმალურად დაცვით, ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმისგან თავის არიდებით, და რაც მთავარია, როგორც სიტყვა "ნასიცხი“ გვკარნახობს, სიცხისაგან ბავშვის მორიდებით!
- რა სახის დამცავი საშუალებები უნდა ჰქონდეს პატარა ბავშვის დედას სახლში?
- მწერების ნაკბენზე გამოსაყენებელი სპეციალური მალამოები, მწერებისაგან დამცავი სპეციალური ეთერ-ზეთოვანი საშუალებები, მზის სხივებისაგან დამცავი ჰიპოალერგიული კრემები.
- თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა ზაფხულის სეზონის რომელი ხილი/ბოსტნეულია რეკომენდებული დედისთვის და რომელის მიღებას არ ურჩევთ?
- დედას შეუძლია მიირთვას სეზონზე არსებული ყველა სახის ხილი და ბოსტნეული ზომიერების ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება! თუ ბავშვს აღენიშნება მეტეორიზმი, კოლიკა, მოერიდეთ წვრილი თესლების მქონე ხილის, როგორიცაა მარწყვი, მსხალი, ყურძენი და სხვა ასეთის დიდი რაოდენობით მიღებას, ან ისეთი ხილისა თუ ბოსტნეულის მიღებას, რომლის მიმართაც თვითონ დედას შეიძლება ჰქონდეს ალერგია.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე