ცოტა გაუჭირდა მარტო ყოფნა, მაგრამ მაინც შეეჩვია... როგორც ჩვენმა მკითხველმა შეიტყო, ჩვენი გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბავშვებს ნაკლებად აქვთ "ფუფუნება", საკუთარი ოთახი ჰქონდეთ. მონაცემების მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ცნობილ დედებსა და ბავშვებს შევხმიანებოდით და ამ თემის შესახებ მათთვისაც გვეკითხა. აღმოჩნდა, რომ ცნობილ ქართველებს შორისაც არ არის ეს საკითხი მოგვარებული – ბევრ რესპონდენტთან სწორედ ამ მიზეზით არ შედგა საუბარი, რომ მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ ცალკე ოთახი ბავშვებისთვის. ზოგს სამომავლოდ გადაუდია ეს საკითხი, ზოგს არც უფიქრია ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. მაინც ვიპოვეთ ისეთები, ვინც ამ საკითხზე გვესაუბრა და იმაშიც გავერკვიეთ, ბავშვის ოთახის მოწყობის დროს ითვალისწინებენ თუ არა მშობლები მათ აზრს.
ნათია დუმბაძე, მომღერალი (ჰყავს 6 წლის შვილი - დუდუ):
- დუდუს დაბადებიდან აქვს თავისი ოთახი, მაგრამ ძილი ბებოს ოთახში მოსწონს, ამიტომაც ხან ბებოსთანაა, ხან - ჩემთან. საკუთარ ოთახში ზაფხულობით რჩება, სეზონურად იყენებს (იღიმის).
- ოთახი თავად მოაწყვე თუ დიზაინერს დააგეგმინე?
- ოთახი მოვაწყვეთ ოჯახის წევრების, ჩემი ქმრის, ჩემი დედამთილის გემოვნებით. სათამაშოებს რომ ვყიდულობდით, იმის მიხედვით ვარჩევდით თაროებსა და სათავსოებს. დუდუ, როცა ძალიან პატარა იყო, ძალიან უყვარდა მულტფილმი "მაკქუინი", ამიტომაც მის ოთახში თითქმის ყველაფერი – გადასაფარებელი, თეთრეული მაკქუინების თემაზეა.
- დღის განმავლობაში რა დროს ატარებს დუდუ საკუთარ ოთახში?
- იქ აქვს სათამაშოები, ტელევიზორი მულტფილმების საყურებლად, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დიდ დროს ატარებს ოთახში, იქვე მეცადიეობს და სტუმრებსაც იქ იღებს.
- ზოგადად, რამდენად ითვალისწინებ მის სურვილებს სხვადასხვა, თუნდაც ჩაცმის, ან ამა თუ იმ წრეზე მიყვანის საკითხში?
- დუდუ ძალიან დამჯერი ბავშვია. ხშირად მსაყვედურობენ იმის გამო, რომ ყველაფერს ვუსრულებ, მაგრამ მის აზრებს თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებ.
ნატალია ყიფშიძე:
- საკუთარი ოთახი დაბადებიდან მქონდა, მაგრამ 4-5 წლამდე იქ დედასთან ერთად მეძინა. შემდეგ კრისტი გადავიდა და დაახლოებით 6 წლიდან მარტოს მძინავს.
ოთახი ვარდისფერია თეთრი ავეჯით, ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი. ჩემს ოთახში განსაკუთრებულად მიყვარს ეს ავეჯი, რომელიც ყავისფერი იყო და თეთრად გადავღებეთ, რაღაცნაირად პრინცესული ავეჯია და მომწონს. ოთახს აქვს დიდი თეთრი კარი, ჩარჩოზე კი მიკიდია მამას ნაჩუქარი ანგელოზები, რომლებიც ტრიალისას "მღერიან". 8 წლის ვიყავი, მამამ რომ მაჩუქა და მას შემდეგ აქ მივუჩინე ადგილი.
ჩემი ოთახი ძალიან მიყვარს და ყველაფერს იქ ვაკეთებ. სახლში რომ ვარ, იშვიათად გავდივარ სხვაგან, მეგობრებსაც აქ ვიღებ.
- ვიცი, რომ მშობლებთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ, რამდენად ითვალისწინებს კრისტი შენს სურვილებს?
- კრისტიში ის მომწონს, რომ არც ძალიან მანებივრებს და არც ძალიან კაცრია. თუ ისეთ ადგილას მივდივარ, სადაც ყველა ჩემი დაქალი იქნება, მიშვებს, მათაც სიამოვნებით იღებს ჩვენთან.
- გიორგიზე რას გვეტყვი?
- მამა ძალიან მეგობრულია, არ მახოსვს, რომ ჩვენ გვეჩხუბოს, ერთი-ორჯერ თუ მოგვსვლია კამათი, როგორც ვთქვი, ძალიან მეგობრულია და ჩემი ძმაკაცივითაა (იცინის) მიყვარს, იმიტომ რომ განსაკუთრებულია, ძალიან კი არა, ზედმეტად მხირულია, რაც ძალიან მომწონს.
- რთულია, როცა ცნობილი დედისა და მამის შვილი ხარ?
- კარგი თვისებაც აქვს და ცუდიც. ჩემს ცხოვრებაში ყოფილან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩემი მშობლების გამო მემეგობრებოდნენ, რაც ძალიან მეწყინა. ამიტომაც ვცდილობ, არასდროს შევიმჩნიო, ვისი შვილი ვარ. ბევრი მეგობარი მყავს ისეთი, ვინც იმიტომ მემეგობრება, რომ მართლა ვუყვარვარ და სხვა რაღაცები არ აინტერესებს.
ქეთა ორბელაძე (ტასო სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები") და მისი დედა თამუნა ბრეგვაძე:
- ახლახან გადავედით ახალ სახლში და შეიძლება ითქვას, ბინის შევსების რეჟიმში ვართ. ქეთას თავისი ოთახი უკვე აქვს, მაგრამ ავეჯი შევუკვეთეთ და ველოდებით.
- რა ასაკიდან სძინავს ქეთას დამოუკიდებლად საკუთარ ოთახში?
- ერთი წელიც არ იქნება, რაც საკუთარ ოთახში სძინავს. ხანდახან ღამით დგება და ისევ ჩვენთან მოდის ხოლმე. ცოტა გაუჭირდა მარტო ყოფნა, მაგრამ მაინც შეეჩვია.
- თუ ითვალისწინებთ ოთახის მოწყობისას ქეთას აზრებსა და მოთხოვნებს?
- ქეთას ოთახი ნათელი და ფერადია, კრემისფერში და ვარდისფერშია გადაწყვეტილი. ფარდაც ისეთი ვუყიდე, როგორიც თვითონ უნდოდა, ჭაღიც საბავშვო უნდა და რასაკვირველია, მის აზრს ვითვალისწინებ.
ქეთა:
- ჩემი გემოვნებით ვაწყობ ოთახს, ვარდისფერი საწოლი მინდა. მიყვარს ჩემს ოთახში ყოფნა, იქ ვმეცადინეობ, ბავშვები რომ მოდიან, მათთან ერთად ოთახში ვთამაშობ კიდეც.
- რაც შეეხება სერიალის ოთახს, ამ სეზონზე იქ შეგიცვალეს ოთახი შენ და ჯეკოს, შენ რომელი უფრო მოგწონს, ახლანდელი ოთახი თუ წინათ რაც იყო ის?
- ახლა რაც არის, ის უფრო მომწონს.
ციცი ომანიძე