რა თვისებები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ დიდობაში წარმატებული გახდეს? ცელქი ბავშვები, პროცენტულად, დამჯერებზე უფრო ხშირად ხდებიან წარმატებულები
ონავარი პატარა გეზრდებათ? არ გიჯერებთ და ხშირად გეშლებათ ნერვები მისი სიურჩის გამო? ნუ ღელავთ, თურმე სავსებით შესაძლებელია, მან სიბერეში ძალიან კარგად მოგიაროთ და ყველანაირად უზრუნველგყოთ. როგორც ახალი კვლევის შედეგებმა უჩვენა, ურჩი ბავშვები, დიდობაში, საშუალოდ გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი მორჩილი თანატოლები.
კვლევის ავტორებმა ლუქსემბურგის 745 მცხოვრების პირადი მონაცემები გააანალიზეს. მათ ცხოვრებაზე დაკვირვება 40 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – 12 წლიდან 52 წლამდე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ფინანსურ წარმატებას მათ მიაღწიეს, ვინც ბავშვობაში უფრო ცელქი იყო, რომელთა გამო მშობლებიც და მასწავლებლებიც ხშირად ჩიოდნენ ხოლმე.
რა თვისებები თამაშობს გადამწყვეტ როლს, რომ კარიერის მწვერვალებს და სიმდიდრეს მიაღწიო? აღმოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაჯერებას, ნაკლები ყურადღების მიქცევას სტერეოტიპებისა და ავტორიტეტებისადმი, არასტანდარტყლი გადაწყვეტილებების მიღების უნარს და საკუთარი ძალების რწმენას, ასევე ავანტიურიზმისა და თავგადასავლებისადმი მიდრეკილებას. მეცნიერების თქმით, სწორედ ამ თვისებების მქონენი არიან ხშირად სიცელქით გამორჩეული ბავშვები და ეს თვისებები ეხმარება მათ შემდგომ ცხოვრებაში.