ქრისტიანი ცემით ვერავის ასწავლის ჭკუას. ბავშვს სჭირდება ცხოვრებისეული მაგალითი ზედმეტი სიმკაცრე, ჩხუბი, ყვირილი და ზოგჯერ ცემაც - მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ შვილის აღზრდა ზემოჩამოთვლილი მეთოდების გარეშე გამორიცხულია. როგორ აფასებს მშობლების ზედმეტ სიმკაცრეს ეკლესია და როგორია შვილის აღზრის საკითხებზე ეკლესიის მიდგომა.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- რამდენად გამართლებულია მშობლისგან სიმკაცრე ბავშვის მიმართ?
- ბავშვის ნებაზე მიშვება დაუშვებელია, მას სჭირდება აღზრდა. მშობელს განსაკუთრებული ტაქტი მართებს ურთიერთობისას, რომ ზედმეტად არც ბავშვის და არც თავისი ნერვები დაძაბოს. შესაძლოა, გავუბრაზდეთ ბავშვს და ნახოს, რომ მისი ნებისმიერი ქცევა ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება. თვალების ბრიალი, ხელკეტით დგომა და სიმინდებზე დაჩოქება არ იგულისხმება სიმკაცრეში. რბილად ნათქვამი სიტყვაც გასაგები უნდა იყოს.
- ბევრი მშობელი ყვირილით და ცემით ცდილობს შვილის აღზრდას, უკრძალავს ბევრ რამეს. ეს გამართლებულია?
- ქრისტიანი ცემით ვერავის ასწავლის ჭკუას. ბავშვს სჭირდება ცხოვრებისეული მაგალითი. მშობელს ძალიან უნდა, მშვიდი, გონიერი, უჭკვიანესი და კეთილი შვილი ჰყავდეს, მაგრამ სამწუხაროდ თავად ვერ არიან მაგალითი იმისა, რასაც შვილისგან მოითხოვენ. ბავშვს წამებში ავიწყდება სიტყვიერი რჩევა, მაგრამ ამახსოვრდება ცხოვრებით აღბეჭდილი მაგალითი. მშობლებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორადაც სთხოვენ შვილს და უფალი აუცილებლად დააჯილდოვებს ოჯახს სიწმინდით. აღზრდის პროცესში ყველაზე მეტად მაგალითი ჭრის. არ შეიძლება მარტივ საკითხებზე ძალიან გავუბრაზდეთ, კატეგორიულად მოვექცეთ და ბავშვის ფსიქიკა შევარყიოთ; არც ისაა მიზანშეწონილი, მთლად მის ჭკუაზე ვიაროთ და ყველაფრისადმი წვდომა ჰქონდეს სახლში ან თუნდაც გარეთ.
- არის შემთხვევები, როცა მშობლები შვილებს არჩევენ. ანუ ერთის მიმართ უფრო თბილები და დამთბობები არიან, ვიდრე მეორეს მიმართ. ეს მშობლებს ცოდვად არ ეთვლებათ?
- ადამიანს სუსტი ხასიათი აქვს და უფრო ხშირად მიკერძოებულია. დაუშვებელია შვილების გამორჩევა და მათში ეგოიზმის დანერგვა. მშობელი ღვთის წინაშე აგებს პასუხს ნებისმიერი ქმედებისთვის. გამორჩეული შვილი შეიძლება დააფასოს ოჯახმა, მაგრამ ეს არ უნდა გამოიხატებოდეს მეორე შვილის დაკნინებით.
- რას ურჩევთ დედას, რომელსაც ნერვები არ ჰყოფნის ჯიუტ და ძალიან ცელქ შვილებთან გასამკლავებლად. როგორ შეიძლება მშობელს ამ დროს დაეხმაროს ეკლესია?
- მშობელმა საკუთარ თავს უნდა ჩახედოს, რა არის ნერვიულობის, აღშფოთების მიზეზი. ხშირ შემთხვევაში - არასტაბილური ცხოვრება: მოწევა, გართობის მოყვარეობა, კომპიუტერთან საათობით ჯდომა. ასეთ დროს შვილისთვის ვერ იცლის და შვილი იცლის მისი ნერვების "მოსაფხანად". დედამ უნდა დაიწყოს მარხვა, ლოცვა, ქრისტიანული ცხოვრების წესი და ბავშვისთვის ცოცხალი რწმენისა და სიმშვიდის მაგალითი გახდება.
- მამა, რომელიც არ ერევა საოჯახო საქმეებში და შვილების აღზრდაში, რა შეფასებას იმსახურებს ეკლესიისგან?
- ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია და პასუხისმგებელია ღვთის წინაშე თავისი საქმეებით როგორც ცოლი, ასევე ქმარი. თანაბარი მოვალეობები აქვთ და თანაბრად მოუწევთ აღსრულებული ქმედებისთვის სინანული. თუმცა, მამაკაცები ხშირ შემთხვევაში გარეშე საქმეებით იტვირთებიან და უფრო დედას უწევს ბავშთან ყოფნა. ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს ვის რა ფუნქცია უნდა ხვდეს წილად. როდესაც მამაკაცი ავადმყოფია, ქალი ტვირთულობს ოჯახში ვალდებულებებს და უფალიც უკურთხებს ასეთ მეუღლეს მარჯვენას.
- ყველა ასაკში თავისებური მიდგომა სჭირდება შვილებს,რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს მშობელმა?
- უბრალოდ, სიწმინდის წყარო იყოს, საიდანაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი დარწყულდება.
თეა ცაგურიშვილი