მთელი დღის განმავლობაში ბავშვები იღლებიან და დაქანცულებს სკამებზე სძინავთ საბავშვო ბაღების თემა ბოლო დროს საკმაოდ ხმაურიანად შუქდება მედიაში. ამაში ცუდი არაფერია, რადგან პრობლემის წინ წამოწევა მისი მოგვარების შანსებს ზრდის. ზუსტად ამ მოტივით გვინდა გავახმაუროთ ამბავი, რომელიც საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღმზრდელმა ტელეეთერით განაცხადა.
საქმე მრავალბავშვიან ჯგუფებს და ძილის პრობლემას ეხება. ტელეკომპანია ობიექტივის პირდაპირეთერში ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა დარეკა და განაცხადა, რომ სკამზე ჩაძინებული ბავშვი გადმოვარდა და ტრავმა მიიღო.
"45-50 ბავშვი გვყავს ჯგუფში. მხოლოდ ბაგის ასაკის ბავშვებს ვაძინებთ. 3-4 წლიანებს ვერა. მთელი დღის განმავლობაში ბავშვები იღლებიან და დაქანცულებს სკამებზე სძინავთ. ასე ჩაძინებული ბავშვი გადმოგვივარდა სკამიდან და ტრავმა მიიღო. რა უნდა ვქნათ მასწავლებლებმა ამ შემთხვევაში. 140-ლარიანი ხელფასით ამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია" - განაცხადა ქალბატონმა პირდაპირ ეთერში.
დაძინების თემა არამარტო რეგიონის, თბილისის ბაღებშიც მწვავედ დგას. პრობლემას არასაკმარისი ფართი ქმნის. როგორც ცნობილია, კონტიგენტი იმდენად დიდია, რომ ბავშვის დაწოლის კი არა, დაჯდომის და თამაშის ადგილიც პრობლემაა. იმედია, როგორც კვების საკითხი დადგა დღის წესრიგში და დღემდე განიცდის კორექციას, ასევე დაიძვრება ადგილიდან დაძინების პრობლემაც.
ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი აღაშფოთა ფოტომ, სადაც ახალციხის საბავშვო ბაღის ლეიბებია აღბეჭდილი. ამ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა, რომლის შესახებაც შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.
ბაღში დაძინების პრობლემაზე msholebi.ge-ს რამდენიმე თვის წინ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ბურძენიძე ესაუბრა, რომლის ინტერვიუც შიგიძლიათ იხილოთ აქ