ოთხი შვილის მამა თემურ თორდინავა: "შვილებსა და ოჯახთან ყოფნაზე დიდი არაფერი შეუქმნია კაცობრიობას" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავას, როგორც წესი, სამსახურებრივ თემებზე ვესუაბრებით ხოლმე, შესაბამისად, თქვენი უმრავლსეობა მას საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს. ამჯერად კი გადავწყვიტეთ, მამის ამპლუაში წარგვედგინა თქვენთვის. ალბათ ბევრისთვის იქნება საინტერესო 4 შვილის ახალგაზრდა მამის ინტერვიუ.
- ოჯახი 21 წლის ასაკში შევქმენი. მყავს 4 შვილი - 15 წლის ანი, 3 წლის თორნიკე, წლი-ნახევრის დავითი და ორი თვის ანდრია. ჩემი მეუღლე ამ ეტაპზე შვილების აღზრდითაა დაკავებული და არ მუშაობს. ჩვენი სამწლინახევრის თორნიკე დადის საჯარო ბაგა-ბაღში, დანარჩენი ორი პატარა კი ბაღის ასაკის ჯერ არაა და დედა ზრუნავს მათზე. დიდ შრომას დებს იმაში, რომ შვილებს არაფერი დააკლდეთ და ყველაფერი ისე იყოს, როგორც პატარებს სჭირდებათ. გამომდინარე ჩემი დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან, თითქმის ვერ ვიცლი საოჯახო საქმეებისთვის, შაბათ-კვირას კი ვუთმობ შვილებს. საღამოს ისეთ დროს მივდივარ ოჯახში, პატარებს უმრავლეს შემთხვევაში სძინავთ, ძალიან ხშირად არასამუშაო საათებშიც სამსახურში მიწევს ყოფნა. შესაბამისად, შვილების აღზრდა-განვითარების ტვირთი ჩემს მეუღლზეა გადასული. თუმცა, დილაობით თორნიკე მე მიმყავს საბავშვო ბაღში და ვცდილობ, დილა მაინც გამოვიყენო შვილებთან ურთიერთობისთვის. სხვა მხრივ, როგორც კი დრო მითავისუფლდება, ვცდილობ, პატარებთან გავიქცე, რომ მაქსიმალური ყურადღება დავუთმო. შვილები მგონი, მედიის საშუალებით უფრო ხშირად მხედავენ დღის განმავლობაში, ვიდრე რეალურად. ამ ეტაპზე ასეა, ჩემს მეუღლეს, როგორც მშობელს, უწევს ბევრი რაღაცის თავად კეთება, მაგრამ იმედია, ნელ-ნელა შეიცვლება რაღაცები. იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა 55 500 აღსაზრდელზე ზრუნვა, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, უსაფრთხო საკვების მიწოდება და ა.შ., რომ ჩემს უდროობას გაგებით ეკიდებიან ჩემი ოჯახის წევრები. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ პატარები მამის სითბოსა და ყურადღებას მოკლებულნი არიან, მაქსიმალური სითბო და სიყვარული აქვთ ჩემგან.
- თქვით, რომ ბაღში ძირითადად თქვენ დაგყავთ შვილი..მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ როგორც მხოლოდ მშობელს, ისე მაინც ვერ აღგიქვამენ ბაღში, თქვენს თანამდებობას მაინც ექნება გავლენა პირად ურთიერთობებში, არა?
- არ ვიცი. მე ყოველ სამუშაო დღეს ვხვდები სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებსა და პერსონალს. მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან მსგავსი ფორმატის შეხვედრა მქონდა უკვე 38 ბაღში და ეს გაგრძლედება ყოველდღიურ რეჟიმში. უპირველესად როგორც მშობელი და შემდეგ უკვე როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, იმ კონკრეტული საბავშვო ბაღის მშობლებისგან ვისმენ საჭიროებებს, რაც საბავშვო ბაღებში არის, ასევე ვისმენ იმ პოზიტივსაც, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში სისტემაში განხორციელდა და იმასაც, რაც გასაკეთებელია. საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი გვეხმარება ბიუჯეტის დაგეგმვაში და ეფექტიან მუშაობაში. შესაბამისად, სამომავლოდ ვიცი, რომელ ბაღში რა საჭიროებაა.
- 15 წლის გყავთ პირველი შვილი, მეორე კი 3 წლის... დიდი შუალედია...
- პირველი შვილი, 15 წლის ანი მყავს პირველი ქორწინებიდან, მეორე ოჯახი კი 2011 წელს შევქმენი, 8-წლიანი პაუზა მქონდა (იღიმის).
- როგორი მიდგომა გაქვთ შვილებთან? თორნიკე, დავითი და ანდრია ჯერ პატარები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ანია უკვე დიდი...
- ურთიერთობაში ჩემი მხრიდან სიმკაცრე არ იგრძნობა. პატარებს თუ აუხსნი, რომ ასე არაა სწორი და ჯობია სხვაგვარად გაკეთდეს, რა თქმა უნდა, იგებენ.. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ასაკი არ იძლევა საშუალებას, ყველაფერი ზუსტად ისე გაიგონ, როგორც მინდა, ხშირად მეუღლე მეხმარება და ერთობლივად ვცდილობთ, პატარებთან იმ კონკრეტული საკითხის მშვიდად გადაწყვეტას. ხმამაღალი საუბარი ჩვენი მიდგომის ფორმა არაა. ამ მიმართულებით ჰარმონიაა ჩვენთან და ვცდილობთ, პატარებს სწორად ავუხსნათ, რა და როგორ ჯობია. სიმკაცრე შეიძლება რაღაც ასპექტში გამოიჩინო, მაგრამ ეს არ ხდება ყოველდღიურად, ან ხშირად. ზოგადად, ახსნით და საუბრით შეიძლება მათთან ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება, ამ მხრივ რთული ბავშვები არ არიან ნამდვილად. ეს რაც შეეხება პატარებს, აი ანისთან მიმართებაში უკვე სხვაგვარი რჩევა-დარიგებები და სხვა საუბრები მაქვს. ამ ეტაპზე ანი საქართველოში არ არის, საზღვარგარეთ სწავლობს კოლეჯში, თუმცა ჩვენ რასაკვირველია, გვაქვს ურთიერთობა, ვმსჯელობთ თითქმის ყველა თემაზე, რაღაცებზე გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ვჯერდებით. არ მახსენდება ფაქტი, როცა ჩვენ სერიოზულად გვიკამათია, პატარა როცა იყო, შეიძლება, რაღაცაზე გავბრაზებივარ, მაგრამ ზოგადად, ძალიან ჩამოყალიბებული აზროვნებისა და მიდგომების ადამიანია, მეგობრულია მამის მიმართ. მიხარია, რომ ანის პატარებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს.
- როგორ ფიქრობთ, ასეთი დაძაბული რეჟიმის ფონზე რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა, რომ შვილებმა ჩვენი დანაკლისი ნაკლებად იგრძნონ?
- პირველი: ყველა მშობელმა, მათ შორის მეც, უნდა ვეცადოთ, როგორი დაღლილებიც არ უნდა დავბრუნდეთ სახლში, შვილებს მივუძღვნათ საკუთარი თავი მიუხედავად დაღლილობისა. პატარებს შეგვიძლია, ზღაპრები წავუკითხოთ, ან ვეთამაშოთ, ვაკეთოთ ის, რაც მათ მოსწონთ. მეგობრული დამოკიდებულება შვილებთან უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუ შვილებს ვაგრძნობინებთ, რომ ისინი ჩვენი პატარა მეგობრები არიან და მათ როგორც თანასწორს, ისე ვესაუბრებით, მერწმუნეთ, ეს ბევრად უფრო მეტ საშუალებას მისცემს ბავშვებს, მაქსიმლაური სითბო და სიყვარული იგრძნონ მშობლებისგან. შაბათ-კვირას, როცა გვაქვს ამის საშუალება და დრო, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ოჯახთან ერთად ვიყოთ, გავიდეთ ქალაქგარეთ, თუნდაც ჩვენი მეგობრების ოჯახებში, სადაც ასევე პატარები ჰყავთ, მოკლედ უნდა ვეცადოთ, თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი ოჯახს დავუთმოთ, რადგან ოჯახი და შვილები არის აკადემია. შვილებსა და ოჯახთან ყოფნაზე დიდი არაფერი შეუქმნია კაცობრიობას.
ციცი ომანიძე