ეს ამბავი ძნელი დასაჯერებელია 51 წლის პეტი სანჩესი ამერიკაში ცხოვრობს. სულ ცოტა აკლდა, რომ პლანეტის ყველაზე მძიმეწონოსანი ქალის ტიტული მოეპოვებინა, თუმცა მალე მოეგო გონს და მიხვდა, რომ ამ ტიტულს ჯანმრთელობა სჯობდა.
ბოლოს რომ აიწონა, 327 კილოგრამი იყო. ამისკენ უბიძგა საყვარელმა მამაკაცმა, რომლისთვისაც მისი მეგობარი ქალის სიმსუქნე სათაყვანებელი რამ იყო და ქალს მოუწოდებდა, სულ უფრო მეტად გასუქებულიყო. სხვა ფანებიც გამოუჩნდენ პეტს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქებარ კომენტარებს უწერდნენ და შთააგონებდნენ, კიდევ უფრო მოემატა და რეკორდისთვის მიეღწია.
პეტი იქამდე მივიდა, რომ ყოველდღე 13 ათას კილოკალორიას იღებდა, მისი ასაკის ქალისთვის საჭირო 2 ათასი კილოკალორიის ნაცვლად. თუმცა თანდათან მიხვდა, რომ რეკორდის ნაცვლად საკუთარი სიკვდილისკენ უფრო მიიწევდა: "მე მართლა უშველებელი გავხდი და ნელ-ნელა ვკვდებოდი", - იხსენებს პეტი.
ერთ მშვენიერ დღეს პეტიმ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობისთვის, რომელიც მისგან ნამდვილ საფრთხობელას ქმნიდა. თუმცა ამას გარდა ისიც გადაწყვიტა, დიეტა დაეცვა და მაქსიმალურად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ახლა უკვე 108 კილო დაიკლო და არ აპირებს გაჩერებას. "არასდროს შემშინებია სიკვდილის და არც დავფიქრებულვარ ამაზე, ყოველდღე სულ უფრო და უფრო დიდი ვხდებოდი. მაგრამ როცა ერთი ოთახიდან მეორეში გასვლასაც ვეღარ ვახერხებდი შესვენების და ქშენის გარეშე, დავიწყე ნერვიულობა იმაზე, რომ მოვკვდებოდი და ვეღარასდროს ვნახავდი შვილებსა და შვილიშვილებს".
დიახ, პეტის ოთხი შვილი და შვილიშვილებიც ჰყავს. სწორედ შვილები ჩაერთნენ დროულად საქმეში და დააფიქრეს დედა საკუთარ ჯანმრთელობაზე. მანამდე მთელი 10 წელი ქალი ხვდებოდა მამაკაცს, რომელიც გიჟდებოდა მსუქან ქალებზე და პეტის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრაც დაისახა მიზნად. ყველა მომატებულ კილოგრამს უქებდა ქალს და მისი სიყვარულის გასაძლიერებლად პეტი თურმე ყოველ კვირა 6 კილოგრამს იმატებდა...
ახლა მისი რაციონი მთლიანად ჯანსაღი საკვებისგან შედგება. დღეში 3 ათას კილოკალორიას იღებს. იძულებული გახდა, საყვარელ ფასტ-ფუდზეც უარი ეთქვა. ამ საქმეში ვაჟები ეხმარებიან, დედას არ ტოვებენ მარტო და გვერდში უდგანან.