ჩემი შვილების მხიარული ამბები... ირმა იანტბელიძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს - ის ექვსი შვილის წარმატებული დედიკოა (იხილეთ სტატია). ირმა და მისი მეუღლე დაჩი გრძელიშვილი მხიარულად ცხოვრობენ შვილებთან ერთად და თავიანთ მხიარულ ამბებს ხშირად უზიარებენ ფეისბუქ-მეგობრებს. ეს ჩანაწერები და ფოტოებიც ირმას შეკრებილია, გარკვეული დროის განმავლობაში.
ჩემი შვილების მხიარული ამბები
დღეს მე და კრავაი უბნის ახალ მაღაზიაში შევედით. პროდუქტი ვიყიდე და ბოლოს გამყიდველი მეკითხება - ეს თქვენი შვილია? შემოდის ხოლმე ჩვენთან. გარეთ რომ გამოვედით, კრავაის ვკითხე, როდის იყავი აქ-მეთქი და მიპასუხა: ორჯერ. ერთხელ ექსკურსიაზე და ერთხელ ზეთზე :) ექსკურსიაზე იყო ახალგახსნილ მაღაზიაში :)
----------
ანდრია კრავაის ეუბნება, ინგლისურის წიგნი მათხოვეო
- ჩემია, შენი არ არის, არ გათხოვებ! უპასუხა კრავაიმ
- ჩემი-შენი არ ვიცი მე, სახელმწიფოსია!
--------
დღეს იომ დაითრია ტაფა და გამოაცხადა: - ჩობუთზე მივდივალ!
--------------
2013 წლის 18 დეკემბერი.
იომ მგონი ახლა აღმოაჩინა, რომ ირმა მქვია. ახლა მეუბნება - დედა, დედა, დეე, ილმა ხალ? ილმა, ილმა.
---
ანდრია ამბობს - აბესალომ და ენთერი :) რას გვიშვრება ეს კომპიუტერი.
---
ანდრია დილიდან წიგნში თავჩარგული ზის. რას კითხულობ, ბებო? - ეკითხება დედაჩემი
- დღეს 5 საათზე გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი
- რაში?
- არქეოლოგიაში
-ვის აბარებ?
- თათას და ხარებას
-------
ფოკუსების წიგნი ვუყიდე დღეს ბავშვებს, თავისი ჯადოსნური ნივთებით. ხარება რაღაცას ცდილობს, არ გამოსდის და თათა ამშვიდებს: იმიტომ, რომ შენ ხარ პატიოსანი, არ იტყუები!
------
თათა, ხარება, ანდრია და კრავაი თამაშობენ ფეხბურთს, რაღაცა ჩოჩქოლი ატყდა გოლის გამო და ისმის თათას სიტყვები: შენი მეკარე იდგა და ჭამდა, ჩემი კიდე სულ მობილიზებულია!
---------------
ერთი საბავშვო სიმღერაა, ,,გზაზე მირბის კურდღელი", ჰოდა იქ არის სიტყვები ,,შეეშინდა ბაჭიას, სოროსაკენ გასწია..." რომელსაც თათა სულ ასე მღეროდა ხოლმე: ,,შეეშინდა ბაჭიას, სოროსისკენ გასწია..." :D ძალიან აქტუალური იყო მაშინ სოროსი
-----
ხარება მოვიდა სკოლიდან და მიყვება ამბავს:
- დღეს საკონტროლო გვქონდა, ზოგ ბავშვს ხელზე ქონდა დაწერილი, ზოგს კიდევ შპარგალკა და იქიდან იწერდნენ.
- შენ რა ქენი?
- მე პატიოსნად ვიჭყიტებოდი წიგნში!
------
ხარებამ დაამთავრა მორიგი წიგნი. აბა, რა გაიგე მაგ წიგნიდან? ვეკითხები მე.
- რომ მთავარია მეგობრობა და ფული!
რა ფული-მეთქი, რომ ვკითხე, ის ადგილი წამაკითხა, სადაც სალამურა ბოლოს მიდი მოადესა და ალეჰოპს ფულს აძლევს. ეგ ნამდვილად აღარ მახსოვდა
--------
ამ არდადეგებზე ბავშვები ლიტერატურით მოვამარაგე, მათ შორის იყო წიგნი ძველ რომზე. დღეს ვეკითხები: - აბა, რა ქენით, წაიკითხეთ წიგნები?
- კი!
- როგორ ცხოვრობდნენ რომში?
- ანტიკურად!
------
ხარებას დღევანდელ მისალოც ბარათში უწერია ასეთი ფრაზა ,,კოსმოსივით გრძელი სიცოცხლე გქონდესო" :)) ხომ ეტყობა, მეცნიერებით რომაა გატაცებული? :))
---------------
მეზობლის ბავშვია ჩვენთან და რატომღაც ამბობს - ჩემი დედა 23 წლისაა. ჩვენი დედა კიდევ 36-იიის! - უთხრეს ჩემებმა.
- მერე რა, სამაგიეროდ მამაჩემი მსუქანია! - არ დაიბნა ბავშვი.
-----------
სულ ისმის - ამის წელი დგება, იმის წელი დგება... ანდრია მეკითხება:
- დედა, ადამიანის წელი როდის იქნება?
---------
2009 წლის 21 ოქტომბერი
ხარება კითხულობს დედაენას ძ-უ-ა... და გაკვირვებული კითხულობს -ცხენის ტაკოს ქვია ძუა?
----
2014, 16 ოქტომბერი
დღეს იო დადგა, განზე გაშალა ხელები და ანდროს უთხრა - შეხედე, ანდრო, ბრაზილია ვარ!
-----------
2014, 28 სექტემბერი
დღეს ხარება მომყავს კომაროვიდან და თან ვუხსნი, ახლა ნუცუბიძეზე ვართ, ვაჟა-ფშაველაზე ჩავდივართ და ა.შ. მერე მკითხა, ამ გზას რომ გავყვეთ სულ ბოლომდე, სად მივალთო. რა ვიცი, ყველა გზა სხვადასხვა ადგილას მიდის-მეთქი და აბა რომში არ მივალთო? :) ეტყობა ნამეტანი პირდაპირ გაიგო რომისკენ მიმავალი გზების ამბავი
-----------
TLC- ვუყურებდით გადაცემა MasterChef Junior-ს, რის შედეგადაც ჩემი ბავშვები წამოხტნენ, ვისზე რა ნაკლები კულინარები ვართო და შევარდნენ სამზარეულოში. გადმოვიღეთ ჩვენი წიგნები და გადავწყვიტეთ ბრაუნის გაკეთება. ხარება ტეხავს კვერცხს და ვეუბნები, ფრთხილად იყავი, ნაჭუჭი არ ჩაგივარდეს თასში-მეთქი. რატომო და აბა კაია ნამცხვარს რომ ჭამ და ნაჭუჭი შეგხვდება-მეთქი? ამაზე მიპასუხა, სამაგიეროდ კალციუმს შეიცავსო
--------
2014, 26 აგვისტო
წვიმს, თან მზეა, იო უყურებს ცისარტყელას და ამბობს - რა ლამაზი გზაა!
------
2014, 10 აპრილი
იო ვერაფრით მივაჩვიეთ ქოთანს, საშინლად აპროტესტებს და ისევ პამპერსში შვრება. ახლაც ჩაიკუკა და ვამუნათებთ:
- ამხელა ბიჭი ხარ, რატომ ჩაიკუკე, არ გრცხვენია?
- მე არ მიქნია.
- აბა ვინ ქნა?
- ანდრიამ.
- ანდრიამ შენ შარვალში როგორ ქნა?
- გადმომიკუკა.
----------
2014
30 მარტი
იოს ვეფერები, ჩემი ტკბილი ბიჭი ხარ-მეთქი, ეტყობა თვითონაც მოუნდა რაღაც ეგეთის თქმა და კრემიანი დედა ხარო.
-----------
2014
28 მარტი
ხარებამ წაიკითხა ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". როგორ დამთავრდა-მეთქი, ახლა ვკითხე და ჩამოვიდა თბილისში, დაამთავრა უმაღლესი, დაბრუნდა სოფელში, მოკვდა ბებია, ჩაატარა ქელეხი და მორჩა წიგნიო. ქელეხზე სად ეწერა-მეთქი და არ ეწერა, მარა ხო გადაუხდიდაო :)
--------
2014
25 დეკემბერი, 23:58-ზე
დღეს ხარებამ ფრედი მერკური ვეღარ გაიხსენა და ფრედი იუპიტერიო
-----
2014, 19 დეკემბერი
იო ფორთოხალზე მეუბნება, ეს მანდარინის დედააო
----------------
2014, 17 დეკემბერი
ის-ის იყო, ლობიანისთვის დანა უნდა დამესვა, რომ იომ შესძახა: - არ დაჭრა! ბორბალს გავს! გიჟდება მანქანებზე :)
------------
ხარება და ანდრია ერთმანეთს აბრაზებენ. - შე სოსო, ჯაჭვლიანო! დაუძახა ხარებამ. ანდრო არ დაიბნა, - შენ კიდე ბესელია!
---------
2014
30 ოქტომბერი
ხარებას ვამეცადინებდი ინგლისურში, ბოლოს ვუთხარი - იცოდე, ინგლისური ისე უნდა ისწავლო, როგორც ქართული-მეთქი და გოგებაშვილის სიტყვებით მიპასუხა: მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა-ო
-----
ხარება გვიყვება ამბავს, როგორ გამოეკიდა ვიღაცის ბუღალტერიერი კატას.
-----------
იო გამწარებული ითხოვს ჩავურთო სიმღერა "ტრაკშიმგელო". აღმოჩნდა, რომ სიმღერას - Black and yellow - ეძახის ეგრე.
-------
ანდრია მეუბნება, ბუნებაში ტესტი გვქონდა, დაწერეთ ბუნებრივი მოვლენაო და ჩემმა კლასელმა დაწერა გაკუებაო
-----------
დღეს ბავშვებს ვეთამაშებოდი ,,ვიქტორინობანას" - რაღაცეებს ვეკითხებოდი და პასუხებს მცემდნენ. ერთი კითხვა ასეთი იყო - ესაზღვრება თუ არა საქართველოს თურქეთი?
-კი, - მეუბნება ანდრია.
- ესაზღვრება? - ,,ჩავეკითხე" მე.
აქ ანდრია დაიბნა და მიპასუხა, ცოტათიო.
------
ანდრია მეუბნება: ძალიან მიყვარს ორიგამის ცხოველების, ფრინველების და წყალქვეშა თევზების გაკეთება
--------
ანდრია და კრავაი ბჭობენ, არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა. ანდრია ამბობს არსებობსო, კრავაი ამბობს არაო. იომ თავი გამოყო და დაიძახა - რსებობს! კრავაიმ უთხრა არაო და ამ დროს წამოხტა ანდრია, გოგო, რეებს ასწავლი ბავშვსო :)
--------
იო ითხოვს მამას, კრავაი ეუბნება: მამა მუშაობს, სამსახურში ფულს აძლევენ, შენთვის უნდა ის ფული, რომ რაღაცეები მოგიტანოს. იმიტომ მოდის დაღლილი
--------
არ დავასახელებ და ჩემი ერთ-ერთი შვილი მიყვება რომაელი მოღვაწის შესახებ ,,ქველმოქმედი იყო და გაჭირვებულ ბავშვებს ფულს ურიცხავდა"-ო
--------
ხარება იოანეს უკითხავს წიგნს ,,პიერი და მთვარე". ამდენი პიერი, პიერის მერე ბავშვი მომადგა და დედა, პიურე მინდაო :)
-------
თათამ დამირეკა ბაკურიანიდან, საციგურაოდ წავედით და ხარება არაფრით არ წამომყვა, მე ციგურაობა არ ვიცი და ჩემ დაბეჟვაში ტყუილად 5 ლარს არ გადავიხდიო :)
------------
ხარება მეუბნება სოდაზე - ეს არის ნატრიუმის ბიკარბონატი
----------
ხარება ვიღაცაზე ყვება, ამისი ნათესავია და ეს გვარიაო, თათამ კითხა რა იციო და ბებო ხომ ცოცხალი გენეალოგიური ხეაო :) მართლა უყვება ხოლმე, ეს ჩვენი ნათესავია, ბაბუაშენის მამიდაშვილის ბიძაშვილიაო და ეგეთ ისტორიებს
------
ხარება წუხს - ამ ბავშვებს გონიათ, რომ დინოზავრების დროს პირველყოფილები არსებობდნენ, რაღაც დებილურ ამერიკულ მულტფილმებს უყურებენ და იმიტომ!
--------
იომ ლეგოს კაცუნა მოიტაცა, ხარება გაეკიდა. თავი დაანებე-მეთქი და მძევალი ყავსო, სერიოზულად მიპასუხა
------
კრავაიმ აიღო ხარებას გამოძერწილი ფიგურა. ხარება უყვირის - დადე, დადე! კერძო საკუთრებაა!
--------
ხარება კითხულობს რაღაც რეცეპტს: მსხვილად გახეხილი ბაყაყი :) ყაბაყის ნაცვლად :)
------
ხარება დაბრუნდა ჭადრაკიდან. კასპაროვ, მოხვედი? შევეგებე მე. აუ, რა კასპაროვი, ორჯერ მოვუგე! გააპროტესტა თათამ :)
-------
ხარება მელაპარაკება სინათლის სიჩქარეზე :)
---------
გუშინ მე და Tamar Natroshvili რაღაცაზე ვლაპარაკობდით, სიტყვამ მოიტანა და ვახსენე ის ფაქტი, კასპაროვი რომ კომპიუტერს ჭადრაკს ეთამაშებოდა. ამ დროს საუბარში ჩაერთო ხარება - ეგ იყო დიფ ბლუ, 2 ხელი კასპაროვმა მოიგო, სამი კომპიუტერმა და ერთი ყაიმით დამთავრდაო
------
თათა მეკითხება:
- რას აკეთებ?
- ტოლმას კომშით.
- აუუუ :( არადა ხორცით ჯობდა
--------
ხარება ავადაა, წევს და ტვინს ბურღავს, შავ ხვრელებზე მელაპარაკება. მე მიკეთებთ ამას, National Geographic საქართველო?..
ირმა იანტბელიძე