"ჩემი შვილი ბუფეტში ნაყიდი საჭმლით მოიწამლა, მაგრამ რომ გავაპროტესტე, დირექტორმა მითხრა, ჯანსაღი კვება თუ გინდა, თავად დაუმზადე საჭმელიო..." ტკბილეული, ჩიფსები, ცომეული, გაზიანი სასმელები, არომატიზატორებით გაჟღენთილი სასუსნავები – ეს იმ საკმაოდ მავნე პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თქვენი შვილები ყოველდღიურად სკოლებში იკვებებიან. ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს სტანდარტები, რომლითაც სკოლებში ბავშებისა და მოზარდების კვებაზე სახელმწიფო იზრუნებდა. შესაბამისად, თუკი ზემოთ ჩამოთვილილი პროდუქტების გაყიდვა იქ არათუ სკოლაში, არამედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი აკრძალულია, ქართულ სკოლებში მათ გარდა ვერაფერს ნახავთ.
ბუფეტებში ვერ შეხვდებით წვნიანებს, ბოსტნეულის სალათებს, ბურღულეულს, ხილს, კომპოტებს, რძის ნაწარმს, თევზს, კვერცხს და ა.შ. ანუ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რითიც წესით ბავშვი უნდა იკვებებოდეს და სრულფასოვან სადილს იღებდეს. მათ ნაცვლად მოსწავლეები შაქრითა და მარილით უხვად გაჯერებულ სასუსნავებს ეტანებიან, რაშიც, მაღაზიებთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასს იხდიან.
არცთუ იშვიათად კი, ამ პრობლემას სხვა, არანაკლებ მძიმე პრობლემებიც ემატება – ბუფეტებში ჰიგიენური ნორმების დარღვევა, პროდუქციაზე ვადების არასათანადო კონტროლი, წინა დღეს გამომცხვარი ღვეზელებისა თუ ხაჭაპურების მეორე დღეს გაიყდვა და ა.შ. ბევრია ისეთი სკოლაც, სადაც მაცივარიც არ არის, ან ეკონომიის მიზნით გამორთულია და პროდუქტი ისე ინახება.
“ჩემი შვილი შარშან ბუფეტში ნაყიდი საჭმლით მოიწამლა, მაგრამ ეგ რომ გავაპროტესტე, დირექტორმა აქეთ დამდო ბრალი – ჯანსაღი კვება თუ გინდა, თავად დაუმზადე საჭმელიო. არანაირი სტანდარტი არ არსებობს. გამყიდვლები მუშაობისას თმასაც კი არ იფარავენ. რამდენჯერ მინახავს ღვეზელებს თავსაბურავის გარეშე რომ ამზადებენ. ერთი შეხედვითაც კი ადვილად შეამჩნევთ, რომ ჰიგიენის ნორმებისგან ძალიან შორს არიან,” – ამბობს ნინო, რომელსაც მეხუთეკლასელი შვილი ჰყავს.
იგივე პრობლემაზე საუბრობს სოფო ფიცხელაური, რომლის მესამე კლასელი გოგონაც თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში დადის.
“ბუფეტში შესვლა სკოლაში პირველივე კლასიდან ავუკრძალე, რადგან ვნახე თუ რა პირობები იყო იქ. სასადილოში ვერ ნახავთ საკვებს, რომელიც ოდნავ მაინც ჯანსაღი და ბავშვისათვის მისაღებია. მხოლოდ იაფფასიანი კეჩუპითა და მაიონეზით მომზადებული პიცა და საეჭვო შიგთავსის მქონე ხაჭაპური იყიდება.ასევე ტკბილეული და გაზიანი სასმელები.
“ძალიან ცუდია, როცა დაწესებულებაში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მათ კვებაზე არავინ ზრუნავს. იძულებული ვარ თავად გავუმზადო ყოველ დილას სადილი და სკოლაში გავატანო, რადგან გაკვეთილების შემდეგ ცეკვა ან ინგლისური აქვს და ამდენ ხანს მშიერი ვერ გაძლებს,” – ამბობს სოფო.
საქართველოში 2 085 საჯარო და 250 კერძო სკოლაა, სადაც ყოველწლიურად, 6-დან 18 წლამდე ასაკის 600 000-მდე მოსწავლე სწავლობს. უმეტეს სკოლას სასადილო იმავე შენობაში აქვს განთავსებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სჯარო სკოლების თითქმის ნახევარს ბუფეტი საერთოდ არ აქვს.
თითოეულ სკოლაში მოსწავლეების კვებაზე სხვადსხვა ინდმეწარმე ზრუნავს. სასადილოს მოსაწყობად ადგილი იჯარით გაიცემა. ტარდება ტენდერი და მასში ის იმარჯვებს, ვინც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს წარადგენს. იმის გამო, რომ საერთო წესი არ არსებობს, მეიჯარეები სურვილისამებრ აწყობენ სასადილოებს და იმას ყიდიან რაც თავად სურთ.
“ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 50-ე მუხლის II პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა, მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დანარჩენს საკითხებს არეგულირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები,“ – განმარტავენ განათლების სამინისტროში.
როგორი უნდა იყოს კვების ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ამას საქართველოს მთავრობის 173-ე დადგენილება განსაზღვრავს.
“სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი პერსონალი განსაკუთრებით უნდა იცავდეს სისუფთავეს. უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი (მათ შორის, ხელთათმანები, თავსაბურავი და ფეხსაცმელი) საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის,“ – ვკითხულობთ მასში.
სწორედ ამ დადგენილებით ხელმძღვანელობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელსაც სკოლების სასადილოების მონიტორინგი ევალება. თუმცა, ინსპექტირების განხორციელების პროცესში იგი უფლებამოსილია, ჰიგიენის ზოგადი წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სკოლის ბუფეტების შემოწმება 2015 წელს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მთელი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მათ 345 გეგმური ინსპექტირება, 4 არაგეგმიური და 255 განმეორებითი ინსპექტირება განახორციელეს. განაგრძეთ კითხვა