როგორ დავიცვათ თავი უცოდინარი და "არაფხიზელი" მძღოლებისგან თბილისის ქუჩებში ბევრი რამ რომ არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი, ახალი ამბავი არაა. სხვადასხვა პრობლემას და განუკითხაობას ემატება ტაქსები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ხშირად არაადეკვატური მძღოლები მართავენ. მიზეზი? ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მანქანაზე დადოს ტაქსის ტრაფარეტი, გავიდეს ქუჩაში და დაიწყოს "მუშაობა". თუმცა საქმე ის არის, რომ ამისთვის, სინამდვილეში, მხოლოდ სურვილი არ უნდა იყოს საკმარისი. არ არსებობს ლიცენზია, არ არსებობს რაიმე გამოკვლევა, გამოკითხვა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩებში გამოდიან "სატაქსაოდ" და სხვა ადამიანების ტრასნპორტირების პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს ყველაზე მცირე პრობლემად შეიძლება იქცეს ის, რომ ტაქსისტმა ელემენტარულად, ქუჩები და მისამართები არ იცოდეს, არ იყოს მზად სხვა ადამიანებთან საკონტაქტოდ, ეწეოდეს მგზავრების სურვილის გაუთვალისწინებლად და არაჰიგიენურ მდგომარეობაში ჰქონდეს მანქანა. დიახ. ეს ყველაფერი მცირე მიზეზია იმასთან შედარებით, რომ ტაქსის მძღოლად შეიძლება მოგევლინოთ გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, ან მთვრალი, ან წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი... დიახ, სამწუხაროდ, ასეთი რამეებიც ხდება და არც ისე იშვიათად. პირადად თქვენი მონამორჩილი რამდენიმე დღის წინ კინაღამ ემსხვერპლა ასეთ მძღოლს, რომელიც აშკარად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრულიად არაადეკვატური იყო, ასევე არაადეკვატურად მართავდა მანქანას და როგორ გადავრჩით მე და ჩემი შვილები, ჯერაც სასწაულად მივიჩნევ ამ ფაქტს...
რა იგეგმება ამ მიმართულებით და თუ აპირებს მერიის სატრანსპორტო სამსახური რაიმე ცვლილებებს? შეკითხვებით მერიას მივმართეთ და მისი სათანადო უწყებების რამდენიმე თანამშრომლისგან მივიღეთ პასუხები:
- საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტაქსების სფერო რამენაირად თუ რეგულირდება?
- არსებული კანონმდებლობით, სატაქსო გადაზიდვები არ რეგულირდება, სახეზეა არაერთი ნეგატიური შედეგი და რისკი, რომელთა მართვაც რთულდება შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტების უქონლობის გამო. სატაქსო გადაზიდვების მომსახურების მიწოდებას უკონტროლო ხასიათი აქვს, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის უცნობია ამ საქმიანობით დაკავებული პირების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების და მათ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, აგრეთვე მათი სამოძრაო არეალები. არსებობს მგზავრის და მანქანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
სწორედ აღნიშნული არასახარბიელო სიტუაციიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიწყო სატაქსო გადაზიდვების სფეროს ეტაპობრივი რეგულირება.
ტაქსების მომსახურების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით მიმდინარეობს სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანია უსაფრთხოება, მომხმარებლის დაცვა, პროფესიული კუთხით მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნა, თანაბარი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომსახურების თანამედროვე ფორმებისა და მიდგომების წახალისება.
- უმეტესობამ არ იცის ქუჩები, ზოგიერთი მანქანას მართავს არაფხიზელ მდგომარეობაში. ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და მომრავლდა სავალალო შემთხვევებიც. რატომ აქვს ყველას უფლება, რომ "იტაქსაოს"?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატაქსო გადაზიდვების მომსახურების მიწოდებას უკონტროლო ხასიათი აქვს, არ არსებობს სტანდარტი, რომელიც გარკვეულ რეგულაციებში მოაქცევს ტაქსის მძღოლებს. მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული პირების კვალიფიკაცია და გამოყენებული მატერიალური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ სტანდარტებს, რომ მომსახურება იყოს უსაფრთხო მგზავრისთვის, მძღოლისთვის, მესამე პირებისთვის და გარემოსთვის. დოკუმენტი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მოიცავს საქმიანობის განხორცილების უფლების მოპოვებისთვის ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის და მძღოლების კომპეტენციის მინიმალურ მოთხოვნებს. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ტაქსების მძღოლებისთვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
- ტაქსოკომპანიებში თუ მოწმდება მომსახურების ხარისხი, ჰიგიენის ნორმები, ავტომანქანის გამართულობა, მგზავრთა უსაფრთხოება?
- სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ტაქსოკომპანია ზრუნავს მომსახურების ხარისხზე, ჰიგიენის ნორმებზე, ავტომანქანის გამართულობასა და მგზავრთა უსაფრთხოებაზე. სამართლებრივი ბერკეტების უქონლობის გამო მათთვისაც რთულია აღნიშნული თემების რეგულაციებში მოქცევა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი კერძო ტაქსი, რომელიც დამოუკიდებელ საქმანობას ეწევა და მისი გაკონტროლება არ შეუძლია ტაქსოკომპანიებს.
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების სფეროს რეფორმის პირველი ეტაპის დაწყებას 2017 წლის სექტემბრიდან ვფიქრობთ. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის და მძღოლების კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე გაიცემა ვადიანი ნებართვა 1 წლით. ნებართვისთვის მოთხოვნები გაწერილია ისეთი დროითი შუალედებით, რომ ამჟამად ბაზარზე მყოფ სუბიექტებს მიეცეთ ადაპტაციის შესაძლებლობა და მოერგონ დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ადაპტაციის პროცესის წარმატებული უზრუნველყოფისთვის გვაქვს წამახალისებელი შეთავაზებებიც.
- რა მოთხოვნები უნდა იქნას დაწესებული ტაქსის მძღოლების მიმართ?
- საწყის ეტაპზე აქცენტი კეთდება მძღოლის, მგზავრის და გარემოს უსაფრთხოებისთვის საჭირო კომპეტენციებზე, შემდგომ ეტაპზე დაინერგება მომსახურების უფრო მაღალი სტანდარტი.
პირველი ეტაპი - 2017 წლიდან
მინიმალური ასაკი - 21 წელი
ავტომობილის მართვის 2-წლიანი გამოცდილება
ნარკოლოგიურის ცნობა
მძიმე დანაშაულზე ნასამართლეობა
ავტოჯარიმებზე ქულების სისტემა/ლიმიტი
მეორე ეტაპი - 2018 წლიდან
ქუჩების და მანიშნებლების ცოდნის ტესტი
პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ცოდნა
ჩაცმის სტილი, პირადი ჰიგიენა
რაც შეეხება ავტომობილის მოთხოვნებს
მინიმუმ 5 კარი
არა უმეტეს 20 წლის
არა უმეტეს 9 დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ჩათვლით)
ყვითელი სანომრე ნიშანი
დადგენილი სტანდარტის მანათობელი ნიშანი
მძღოლის შესახებ საინფორმაციო აბრა (დადგენილი ზომების და ფორმის შესაბამისი)
ეტაპი II – 2018 სექტემბერი
არაუმეტეს 15 წლის
ტაქსომეტრი
მგზავრობის ფასის შესახებ საინფორმაციო აბრა
გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება (ტექდათვალიერება, უნდა დაემთხვეს ქვეყანაში მისი შემოღების პერიოდს)
დაზღვევა
ეტაპი III – 2020
არაუმეტეს 10 წლის
ავტომობილის ფერი/ფერები
კონდიციონერი გამართულ მდგომარეობაში
ყველაფერი ეს დაკავშირებულია მინიმალურ ხარჯებთან და ემსახურება უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებას.
მოამზადა მერი ბლიაძემ