იმოგზაურეთ ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის საოცარ სახლში ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. ოჯახი 1983 წელს შექმნეს. დაახლოებით 15 წლისაა ის ბინა, სადაც ახლა ცნობილი მხატვრები ქეთი მატაბელი და გია გუგუშვილი ცხოვრობენ. ინტერიერის დიზაინზე ერთად იზრუნეს. კორპუსი ვერეს ხეობას გადაჰყურებს, ბინა ბოლო სართულზეა და საკმაოდ ნათელია. დერეფნიდან სხვადასხვა სივრცეში აღმოჩნდები - მისაღები, სამზარეულო, ოთხი საძინებელი, ორი სველი წერტილი. აქვეა ქალბატონი ქეთის სამუშაო ოთახი, საიდანაც მანსარდაზე ხის კიბით ადიხარ. მანსარდა ქალბატონი ქეთის სათავსოა, სადაც სამუშაო ნივთები, წიგნები და რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი. აქვეა გია ჯაფარიძის ერთ-ერთი სკულპტურა. ცოლ-ქმრის ბინაში, მათი ტილოების გარდა, ირაკლი ფარჯიანის, ავთო ვარაზის, გენო ზაქარაიას, ლევან ჭოღოშვილის და სხვათა ნამუშევრები ინახება...
ამ ბინაში დიასახლისის სახელოსნოა, ხოლო ბატონ გიას სახელოსნო სხვა ადგილას აქვს, სადაც ძირითადად შაბათ-კვირას მიდის, რადგან დანარჩენ დღეებში სამხატვრო აკადემიის რექტორი ხატვისთვის ვერ იცლის...
შვილები - გიორგი, მარიამი და ლუკა ხელოვანები არიან, გიორგის მეუღლე ინა მარგველაშვილიც ფოტოხელოვანია. ბაბუა ამბობს, რომ მათი პატარა შვილიშვილი ქეთიც ამ სფეროთია დაინტერესებული. მოკლედ, ეს ის გარემოა, სადაც ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, იგრძნობ, რომ აქ შემოქმედი ადამიანები ცხოვრობენ...
გია:
- სახლი ჩვენი დაპროექტებულია. ოჯახის ყველა წევრს თავისი საძინებელი აქვს. მას შემდეგ, რაც გიორგი დაოჯახდა, ცალკე ცხოვრობს. მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ თავიანთი სივრცე, ანდა სტუმარს თუ მისაღებ ოთახში მიიღებდნენ, ჩვენ თავზე არ წამოვდგომოდით და დერეფნის გავლით სამზარეულოში ან ჩვენს ოთახში შევსულიყავით.
რაც შეეხება ბინის შიდა დიზაინს, რაღაცები ერთად მოვიფიქრეთ, მაგრამ უმთავრესად ბინა ქეთის მოწყობილია. აქ მან შეიქმნა და შეგვიქმნა ჩვენ-ჩვენი სამყარო. ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ ისაა, რომ ბოლო სართულია. ბინა ხის, კოტეჯური ტიპის გადახურვით არის გაფორმებული, ბუხარიც გვაქვს და მწვადებსაც ვწვავთ ხოლმე.
- მისაღებ ოთახში ბუხრის გაკეთება ვისი იდეა იყო?
ქეთი:
- ორივესი. ბუხარი აუცილებლად უნდა გვქონოდა, ძველ ბინაშიც გვქონდა.
გია:
- საქართველოში ბუხარი კარგად მუშაობს (იღიმის). საერთოდ, ამ ბინაში ბევრი დიზაინერული მიგნება ჩემს ერთ-ერთ სტუდენტს, გოგიტას ეკუთვნის. მათ შორის ბუხარიც, რომელიც ნიჩბისის ქვისგან არის გაკეთებული. ჩვენი სახლის ფანჯრებიდან მოჩანს ფერდობი, ბუხრის ფერი და ლანდშაფტი ერთმანეთს კარგად ერწყმის.
- კედლებზე ძირითადად თქვენი - ცოლ-ქმრის ნამუშევრებია გამოფენილი, ხომ?
- დიახ, მისაღებში ჩემი ნამუშევრები სჭარბობს, ხოლო დანარჩენ ოთახებში - ქეთისი. კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებს იშვიათად ვცვლით. თუ გამოფენაა, სურათები მხოლოდ მაშინ "გადის" სახლიდან, თუმცა, ეს იშვიათად ხდება. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ მხატვრების სახლი