საქართველოში ბავშვთა ასაკში სმენადაქვეითება საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2016 წლის ძირითადი გზავნილი ბავშვთა სმენადაქვეითება და მისი პრევენციისა და გადაჭრის გზებია. ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 1000 ახალშობილიდან მიახლოებით 2 სმენადაზიანებით იბადება. საქართველოში ბავშვთა ასაკში სმენადაქვეითება საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.
25 მაისს, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, „საერთაშორისო ასოციაცია ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, ახალგაზრდული ფრთის და ფონდი „აურეს“ ორგანიზებით გაიხსნა სმენის დარღვევის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების ფოტონამუშევრების, ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების წინაშე წარმოჩენილიყო ერთი მხრივ შესაძლებლობები და მეორე მხრივ უხილავი შეზღუდვა, რომელიც საზოგადოების ყურადღების და მხარდაჭერის მიღმა რჩება.
სოფო მაღალაშვილი:
„24 წლის ვარ. მეტყველება დედამ მასწავლა. ვაკვირდებოდი დედაჩემის თითოეულ ბგერას და გამოთქმას. ყველა საგანს ეწერა თავისი მნიშვნელობა. კითხვა 4 წლის ასაკში ვისწავლე. სასმენი აპარატი 2 წლის ასაკში გავიკეთე. როდესაც ვხატავ, სახლში გვრძნობ თავს. ხატვა ჩემი სამყაროა. დღემდე არაერთი პერსონალური გამოფენა მქონდა, მიხარია, რომ მოსწონთ, ყიდულობენ და უფრთხილდებიან ჩემს ნახატებს. მე უნგრეთში ვცხოვრობ, იქაური მასწავლებლების დახმარებით, უნგრული კარგად ვისწავლე, ვმეტყველებ, როგორც ქართულად, ისე უნგრულად. არ შეგეშინდეთ იმის,თუ თქვენი შვილი განსხვავებულია. გიყვარდეთ და მიეცით მას თავისუფლება, დანარჩენს თვითონ გააკეთებს. მთავარია პატარაობიდანვე გრძნობდეს ის თქვენს მხარდაჭერას. არ დააჩქაროთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ბევრი რამ შემიძლია, რადგან ჩემი შინაგანი სამყარო მაქვს. შემიძლია გავაკეთო თეატრი, ვიყო არტ დირექტორი, რეჟისორი, ფოტოგრაფი, გრაფიკოსი, მხატვარი. მთავარია მოვინდომო, მე ყველაფერი გამომივა“.
„მე სერგი კობახიძე ვარ, 16 წლის, მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებული. ვმეტყველებ და ვურთიერთობ მეგობრებთან, დავივარ სკოლაში. მე არ მიყვარს ხატვა, ჩემი ჰობია კომპიუტერის თამაში, მუსიკა და ცეკვა. ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს უკეთესი სასმენი აპარატი, რათა უფრო კარგად მესმოდეს“.
თამარ კირვალიძე, სერგის მასწავლებელი:
„სერგისთან მუშაობა 2 წლის ასაკში დავიწყე. მე როგორც სპეციალისტი, მშობლებს ვურჩევ, რომ სმენის დარღვევის აღმოჩენიდან მალევე დაიწყონ ზრუნვა ამ პრობლემის მისაგვარებლად. როგორც ხედავთ, მუდმივი მუშაობით რეალურად შესაძლებელია, რომ სმენადაქვეითებული ბავშვი იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. სერგი ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მისთვის არ არის საჭირო სპეციალური სასწავლო პროგრამა, ის საჯარო სკოლაში თანატოლებთან ერთად ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამით, ძალიან კარგად სწავლობს. მშობლებს ვურჩევ, არასდროს ჩაქნიონ ხელი, თავადაც მოემზადონ ფსიქოლოგიურად, მათი ნებისყოფა და იმედი ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი შედეგის მისაღებად“.
თეონა დევდარიანი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი - საერთაშორისო ასოციაცია ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის, ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე:
„გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ბავშვების მიერ წლების განმავლობაში იქმნებოდა. რეალურად ისინი თვითნასწავლი შემოქმედები არიან. მათმა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა პროფესიონალების მხრიდან. ეს გამოფენა არის რეალური მაგალითი იმისა, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, იყვნენ წარმატებულები და რეალიზებულები. სიყრუე არ ნიშნავს განაჩენს. მშობლების, სპეციალისტების, სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობით ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შესაძლებელია. საბედნიეროდ, სმენადაქვეითებულ ბავშვებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ სასმენი აპარატები, ზოგს გაკეთებული აქვს კოხლეარული იმპლანტაცია და ისინი მეტყველებენ, ამყარებენ გარე სამყაროსთან კონტაქტს, რაც ძალიან დასაფასებელია და ამაში უდიდესი დამსახურება აქვთ მშობლებს“.
ეკატერინე თორთლაძე - ფონდი „აურეს“ თავმჯდომარე:
„ჩვენი ფონდი სმენადაქვეითებულ მშობელთა მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სმენადაზიანებული ბავშვების მდგომარეობისადმი ყურადღების მიპყრობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს განვითარების რა შესაძლებლობები აქვთ ასეთ ადამიანების შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სმენის და მეტყველების განვითარების, საზოგადოებაში ჩართვის შესაძლებლობა“.
საბედნიეროდ, უკვე ძალიან ბევრმა ბავშვმა გადალახა სმენის პრობლემა, ისინი არიან ძალიან წარმატებული ადამიანები და იმპულსს აძლევენ იმ დედებს, რომლებიც პესიმისტურად არიან განწყობილნი. დღევანდელი მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ სმენადაქვეითებული ბავშვები გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს პრობლემა წარმატებით გადალახონ.
გამოფენის დათვალიერება 30 მაისამდე იქება შესაძლებელი.
სალომე გორგოშიძე