გამყიდვლები ღვეზელებს პოლიეთილენის პარკით დებენ ღუმელში გასათბობად - რას იწვევს ასე გაცხელება? ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, სწრაფი კვება ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ხშირია ფაქტები, როცა საცხობში ხაჭაპურს ან ღვეზელს მიკროტალღურ ღუმელში გვითბობენ. იმასაც შეამჩნევდით, რომ ზოგჯერ პროდუქტს პოლიეთილენის პარკში ჩადებულს დებენ ღუმელში გასათბობად.
ზოგადად მიკროტალღული ღუმლების საკვებზე ზემოქმედებას მთელს მსოფლიოში ეჭვქვეშ აყენებენ და ამის შესახებ სტატიები ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. თუმცა ამჯერად არა ღუმელზე, არამედ მასში მოთავსებულ პოლიეთილენის პარკზე ვწერთ.
როგორც აღმოჩნდა, საკვების პარკითა და პლასტმასის კონტეინერით გაცხელება საზღვარგარეთ საკმაოდ ხშირია. ეს ფაქტი სპეციალისტების დაინტერესების მიზეზი გახდა, რომლებიც ამ ჩვევაზე უარის თქმას გვირჩევენ.
დამტკიცებულია, რომ მიკროტალღების პოლიეთილენსა და პლასტმასზე ზემოქმედება გარკვეულ ქიმიურ რეაქციებს იწვევს. ამის შედეგად, შესაფუთ მასალაში შემავალი უვნებელი ნივთიერებებიც კი კანცეროგენებად გარდაიქმნება და საკვებს ერევა. ამასთან დაკავშირებით, ექიმები გვირჩევენ უმცირესი თერმული დამუშავებისასაც კი საკვები პარკში არ მოათავსოთ.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მომხმარებელი ამ რჩევას არ გაითვალისწინებს, დაუშვებს, რომ მის ორგანიზმში საშიში ნივთიერებების გასამმაგებული დოზა მოხვდეს. ასე რომ, ნამდვილად გაქვთ მიზეზი, გამყიდველს ხაჭაპურის ცელოფნის გარეშე გაცხელება მოსთხოვოთ.